Facebook Twitter

საქმე №ას-498-2019 18 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორს გ.ბ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდა მ.ბ–ძის მიერ 2019 წლის 23 აპრილს №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 962,50 ლარის 70% – 2073,75 (ორიათას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

2020 წლის 25 თებერვალს მ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 28 იანვარს გ.ბ–ძე გარდაიცვალა, რის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის გ.ბ–ძის გარდაცვალების მოწმობა. ამასთან, მ.ბ–ძემ მიუთითა, რომ იგი არის გ.ბ–ძის შვილი, ხოლო საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენდა მის კუთვნილ თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს არა გ.ბ–ძეს, არამედ მ.ბ–ძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით მ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 8 სექტემბერს მ.ბ–ძემ კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2020 წლის 29 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა. მომართვაზე დართული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მ.ბ–ძემ, როგორც გ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა სრულად მიიღო საკუთრებაში მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, აგრეთვე მიუღებელი თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.ბ–ძემ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებული და დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის მიმღებად მითითებულ იქნეს მ.ბ–ძე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ–ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით მ.ბ–ძეს განემარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი 2019 წლის 23 აპრილის საგადახდო დავალებით N8 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 160), რომელშიც გადამხდელის დასახელებაში მითითებული იყო - ბ–ძე მ., გადასახადის გადამხდელის დასახელებაში - გ.ბ–ძე, ხოლო გადახდის დანიშნულებაში - გ.ბ–ძის საკასაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟი, დასტურდებოდა, რომ სახელმწიფო ბაჟის თანხა მ.ბ–ძის მიერ გადახდილი იყო გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარზე.

2020 წლის 8 სექტემბერს წარმოდგენილ განცხადებაში მ.ბ–ძე უთითებს, რომ მან მიიღო გ.ბ–ძის სამკვიდრო და ამის საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შეცვლა იმგვარად, რომ დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის მიმღებად მითითებული იქნეს მ.ბ–ძე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორს და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახადის გადამხდელს წარმოადგენდა გ.ბ–ძე, საკასაციო სასამართლომ სწორედ გ.ბ–ძეს დაუბრუნა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 962,50 ლარის 70% – 2073,75 (ორიათას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილისა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ბ–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 28 იანვარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში იმგვარად, რომ დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის მიმღებად მითითებული იქნეს კასატორის მემკვიდრე - მ. ბ–ძე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლო მ.ბ–ძეს დამატებით განუმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 70% საქართველოს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდება გ.ბ–ძის მემკვიდრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიღებული სამკვიდრო მოწმობის საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში წარდგენის შემთხვევაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე