საქმე №ა-2761-შ-69-2016 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი - V. B.(სს „ვ.ბ.")
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მერია, ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის (შემდგომში - „სავაჭრო სასამართლო“) 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდგომში - „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“) ქალაქ ბათუმის მერიასა (შემდგომში - „მერია“) და ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) (შემდგომში ერთობლივად - „მოწინააღმდეგე მხარეები“ ან „მოპასუხეები“) V. B.(სს „ვ.ბ.")-ის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სასარგებლოდ ერთობლივად (სოლიდარულად) და ცალ-ცალკე დაეკისრათ ძირითადი ვალდებულების სახით 784 978,04 ევროსა და პირგასამტეხლოს სახით 2500 ევროს გადახდა; ასევე 2002 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საყოველთაოდ მიღებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, ძირ თანხაზე დარიცხული საურავი, რომლის დაანგარიშებაც განხორციელდება წარდგენილ ანგარიშფაქტურებში (ინვოისებში) მითითებული გადახდის ვადების გასვლის დღიდან სასამართლო უწყების გაგზავნის დღემდე, აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გათვალისწინებით; ხოლო სასამართლო უწყების გაგზავნის მომენტიდან, აგრეთვე - კანონისმიერი საურავი, ერთი მხრივ, საყოველთაოდ მიღებული განაკვეთით ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს განაკვეთი უნდა შეესაბამებოდეს 2002 წლის 2 აგვისტოს კანონის თანახმად შემცირებულ განაკვეთს, და, მეორე მხრივ, ზიანზე დარიცხული კანონისმიერი საურავი; ორივე შემთხვევაში, დარიცხვა გაგრძელდება მანამ, სანამ სრულად არ მოხდება დაკისრებული გადასახდელების გადახდა; მოპასუხეებს ერთობლივად (სოლიდარულად) და ცალ-ცალკე დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შედგება: უწყების გაგზავნის ხარჯის - 497,52 ევროსა და სამართალწარმოების მინიმალური ბაჟის - 1 100,00 ევროსაგან.
2. მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა და, ამასთან, ბელგიის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს (იხ. სავაჭრო სასამართლოს მდივნის, ე. ვან ლარის 2016 წლის 11 თებერვალს გაცემული ცნობა გასაჩივრების ან აპელაციის არარსებობის შესახებ (ტ. 1., ს. ფ. 66-71) და სასამართლო აღმასრულებლის, ბირგიტ დე ტროის 2016 წლის 21 იანვრის წერილი (ტ. 1., ს. ფ. 72-75)).
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა სავაჭრო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. მოწინააღმდეგე მხარეებმა შუამდგომლობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს, რომლებითაც შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვეს.
6. მერიამ განმარტა, რომ:
6.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია მხარისათვის შეტყობინების გარეშე. მოპასუხე 2015 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს;
6.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მისი გასაჩივრების ვადასა და წესზე მითითებას, რის გამოც მას შეეზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური რეალიზაციის უფლება. აღნიშნული არ შეესაბამება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს, რომელიც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას. გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური რეალიზაციის შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან;
6.3. მერია არასდროს შესულა მოსარჩელესთან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში. მათ შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არასდროს წარმოშობილა. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს (სსსკ-ის 85-ე მუხლი). მერია არის სააგენტოს ერთპიროვნული დამფუძნებელი, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელესთან. კერძოდ, 2012 წლის 27 თებერვალს სააგენტოსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №8/1 ხელშეკრულება ქ. ბათუმში შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემის შესყიდვა-მონტაჟის შესახებ (შემდგომში - „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 605 037,34 ევროს ოდენობით. სავაჭრო სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დავის საგანი სწორედ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერია არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად [არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის], მერია, როგორც სააგენტოს ერთპიროვნული დამფუძნებელი, პასუხს არ აგებს სააგენტოს მიერ მესამე პირების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე;
6.4. სავაჭრო სასამართლოს არ ჰქონდა აღნიშნული დავის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია, რადგან ორივე მოპასუხის, როგორც მერიის, ისე - სააგენტოს, იურიდიული და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია. ამასთან, სააგენტოსა და მოსარჩელეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილს წარმოადგენდა ქ. ბათუმი. შესაბამისად, დავის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნდა საქართველოს სასამართლოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავაჭრო სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება;
6.5. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი არ აქვს სააგენტოსა და მოსარჩელეს შორის არსებული შეთანხმება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში კომპეტენტურ სასამართლოს წარმოადგენს სავაჭრო სასამართლო. ამასთან, არც სააგენტო და არც მერია პროცესში მონაწილეობაზე არ დათანხმებულან და არც სასამართლოს შეუტყობინებია პროტესტის გაცხადების შესაძლებლობაზე;
6.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-14 გვერდზე მითითებული მე-4 პუნქტიდან [„წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია და წარმოადგენს ბელგიის, ან შეთანხმებისამებრ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, კანონმდებლობის საგანს, რომლის სასამართლოს გააჩნია არაექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოქმნილ ნებისმიერ დავაზე“] არ დგინდება მხარეთა ნება განსჯად სასამართლოზე. აღნიშნული დათქმა არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამართლის არჩევის შემთხვევაში მხარეები ასევე შეთანხმდნენ ამ ქვეყნის სასამართლოს განსჯადობაზეც. კონკრეტული სასამართლოს განსჯადობაზე შეთანხმება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული;
6.7. 2014 წლის 22 მაისს სააგენტომ წერილით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოებისა და მოწოდებული საქონლის ამავე ხელშეკრულებასთან შესაბამისობისა და მისი ღირებულების დადგენის მიზნით. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №003434514 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 837 403,20 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტოს მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს 1 386 877 ევრო, რომლიდანაც ნაწილი თანხა - 601 889,01 ევრო უკვე გადახდილია. აღნიშნულის გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელემ სრულად არ შეასრულა სამუშაოები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სახელმწიფოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მოპასუხეს მოუწევს თანხის გადახდა იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც არ არის განხორციელებული.
7. სააგენტომ მის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა წინამდებარე განჩინების 6.1, 6.2, 6.4-6.7 ქვეპუნქტებში ასახულ იმავე გარემოებებზე, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა მერიამ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგინდა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა. ზეპირი სხდომები გაიმართა 2016 წლის 2 დეკემბერს, 2017 წლის 2 ივნისს, 5 ივლისს და 7 ივლისს.
9. მოწინააღმდეგე მხარეთა საპასუხოდ, 2016 წლის 2 დეკემბერსა და 26 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა მოსაზრებები, რომლებშიც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
9.1. უწყების ჩაბარება დასტურდება ბელგიის სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის მოწმობით (4.3.2. პარაგრაფი) და ჩაბარების ქვითრებით, რომლებზეც დატანილია მერიისა და სააგენტოს ოფიციალური ბეჭდები. ამასთან, მოპასუხეებმა თავად დაადასტურეს უწყების ჩაბარება 2014 წლის 6 ნოემბრის ელექტრონული წერილით. სასამართლო უწყებაში მოცემულია საქმის გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნების დეტალური აღწერა, ხოლო პირველივე გვერდზე არის შემდეგი ჩანაწერი: „გამოცხადდეს 18 თებერვალს, ოთხშაბათს, 09:30-ზე, [...] ანტვერპენის კომერციულ სასამართლოში, ანტვერპენის განყოფილება, მე-6 პალატა, მდებარე სასამართლო შენობაში შემდეგ მისამართზე, 2000 ანტვერპენი, ბოლივერპლატცის #20, ოთახი ბ1“;
9.2. კანონის თანახმად, უწყების ჩაბარება უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მოპასუხები კი არ/ვერ უთითებენ ბელგიის კანონმდებლობის რომელიმე მუხლზე, რომელიც დაირღვა მოპასუხეებისათვის უწყების ჩაბარებისას;
9.3. ძირითადი სამართლებრივი პრინციპების დარღვევის გამო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი წარმოადგენს ავტონომიურ სტანდარტს და გამოიყენება მხოლოდ ფუნდამენტური პროცედურული პრინციპების დარღვევის დროს. ნებისმიერი შიდა პროცესუალური ნორმის დარღვევა ვერ განიხილება ძირითადი სამართლებრივი პრინციპის დარღვევად;
9.4. ბელგიის სასამართლოს ცალსახად ჰქონდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვის კომპეტენცია. ხელშეკრულების ინგლისური ვერსია არაორაზროვნად და პირდაპირ ადგენს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ბელგიის სასამართლოების იურისდიქციაზე. ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიაში („4. მარეგულირებელი კანონმდებლობა და იურისდიქცია“) მითითებულია, რომ „წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება ბელგიის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სასამართლოებსაც აქვთ არაექსკლუზიური იურისდიქცია ნებისმიერ სამართალწარმოებაზე, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან“. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ქართული ვერსია არის მხოლოდ პროექტი და არა - მისი საბოლოო რედაქცია. ეს დგინდება იმით, რომ ქართულ ვერსიას თავშივე აწერია „პროექტი“ (Draft). ამასთან, წარმოდგენილი ქართული ვერსიის თარიღად მითითებულია 2012 წლის 1 თებერვალი (ანუ მანამდე, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოსცემდა №18 განკარგულებას (2012 წლის 22 თებერვალი) შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ). მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების ქართული ვერსიის არსებობა და ხელშეკრულებაც არსად უთითებს, რომ ის ორ ენაზეა შესრულებული. ასევე, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ქართულ ვერსიაზე არ არსებობს მოწმის -კ.რ–ის ხელმოწერა. სწორედ ამ გარემოებათა გამო საფუძვლიან ეჭვს იწვევს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ქართული ვერსიის ავთენტურობის საკითხი;
9.5. ბელგიის სასამართლოებისთვის მიმართვის უფლებაზე დათქმა არსებობს ასევე მოსარჩელე კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად პირობებში, რომლებიც დატანილია მოპასუხეებისთვის გაგზავნილ ინვოისებზე. ამ პირობაზე ცალსახად მითითებულია ასევე აღმასრულებლის მიერ მოპასუხეებისთვის გაგზავნილ სასამართლო უწყებაშიც. კერძოდ, აღნიშნული პირობების მე-12 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება რეგულირდება ბელგიის კანონმდებლობით, ხოლო ამავე პირობების მე-13 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე პირდაპირ მიუთითებს თავის უფლებაზე დავა განსახილველად წარადგინოს ბელგიის შესაბამის სასამართლოში;
9.6. მხარეს არ აქვს ძირითადი სამართლებრივი პრინციპების დარღვევის არგუმენტით გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის მოთხოვნის უფლება, თუ მას შესაძლებლობა ჰქონდა მოეთხოვა გადაწყვეტილების ბათილობა გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანაში. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოცხადებულან სასამართლოს სხდომაზე და არ დაუფიქსირებიათ თავიანთი პროტესტი სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით. მხარეებს არც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გამოუყენებიათ;
9.7. ხელშეკრულების ინგლისური ვერსიის შესაბამისად, მერია არის ხელშეკრულების მხარე და წარმოდგენილია სააგენტოს დირექტორის მიერ. თუმცა, ხელშეკრულების ქართული ვერსიით ხელმძღვანელობის შემთხვევაშიც, მერია მაინც სათანადო მოპასუხეა, რადგან ხელშეკრულება დაიდო მერიასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე და სწორედ ქ. ბათუმისათვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე;
9.8. ხელშეკრულების დადებამდე, 2011 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მერიას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნულ მემორანდუმზე არაერთხელ მიუთითებს ხელშეკრულებაც და აზუსტებს, რომ გარკვეული პირობები მემორანდუმის საფუძველზე შეთანხმდა. გარდა ამისა, 2012 წლის 22 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო №18 განკარგულება, რომლითაც სააგენტოს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების უფლება მიენიჭა. აშკარაა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებასა და მერიასთან გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნებოდა. აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე, სააგენტო მოსარჩელისგან ვერ შეისყიდდა შესაბამის საქონელსა და მომსახურებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე და მისი გაფორმების შემდეგაც მერია თავს ხელშეკრულების მხარედ მოიაზრებდა. დავის წარმოშობის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, სწორედ მერიამ (და არა სააგენტომ) მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;
9.9. ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხეებს ჰქონდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დასკვნის თანახმად, ბელგიის სასამართლო გადაწყვეტილებებში არ მიეთითება დეტალები გასაჩივრების შესაძლებლობისა და ვადის შესახებ. ექსპერტი მიუთითებს, რომ: „ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გათვალისწინებულია ბელგიის კანონმდებლობით და ივარაუდება, რომ ყველამ იცის სამართალი („Nemo censetur ignorare legem“ – „კანონის არცოდნა არ არის საბაბი“), ბელგიის სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეიცავს დამატებით დეტალებს გასაჩივრების უფლების შესახებ. არ არსებობს მუხლი მართლმსაჯულების კოდექსში ან ბელგიის სხვა კანონში, რომელიც მოითხოვს, რომ გადაწყვეტილებაში იყოს მითითება გასაჩივრების უფლებაზე ან გასაჩივრების პირობებსა თუ ვადებზე.“ ექსპერტი ციტირებს ბელგიის მართლმსაჯულების კოდექსის 1050-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც: „ყველა შემთხვევაში, გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მაშინაც კი თუ გადაწყვეტილება დაუსწრებელია“;
9.10. მოპასუხეებმა წარმოადგინეს ორი მიღება-ჩაბარების აქტი. პირველი მათგანი გაფორმებულია 2012 წლის 22 ივნისს, რომლითაც სააგენტო აღიარებს, რომ მიიღო 710 463,52 ევროს ღირებულების საქონელი დანართი №1-ის შესაბამისად. მეორე მიღება-ჩაბარების აქტი (რომელიც წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე), გაფორმდა 2012 წლის 23 ივლისს და სააგენტო აღიარებს 26 654,81 ევროს ღირებულების საქონლის მიღებას. ორივე აქტი ხელმოწერილია სააგენტოს იმჟამინდელი ხელმძღვანელის მიერ და მათზე დასმულია სააგენტოს ბეჭედი. მაშასადამე, ამ ორი აქტის მიხედვით, მოპასუხეს აღიარებული აქვს ჯამში 737 118,22 ევროს ღირებულების საქონლის მიღება. ამავე დროს, მოპასუხეთა აღიარებითვე მათ მიერ გადახდილი თანხა შეადგენს მხოლოდ 601 889,01 ევროს ანუ განსხვავება შეადგენს 135 229,32 ევროს;
9.11. ამასთან, მოპასუხეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი და სააგენტოს მიერ განხორციელებული გადახდები. ამ დოკუმენტიდან დგინდება, რომ 2012 წლის 20 ივნისიდან (პირველი დეკლარაციის თარიღი) 2014 წლის 30 მაისამდე (ბოლო, მე-14 დეკლარაციის თარიღი), სააგენტომ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ საქონელზე გადაიხადა დღგ ჯამური ოდენობით 496 926 ლარი. ვინაიდან დღგ-ის საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 18%-ია, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, მოპასუხეების მიერვე წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, 2 760 700 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ღირებულებაში არ შედის მუშახელის ანაზღაურება, გაუგებარია მოპასუხეთა პოზიცია, თითქოს მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა და ხელშეკრულებით გადასახდელ თანხას შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ ეს ამართლებს მათ მიერ ევროპელი ინვესტორისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელობას.
10. 2017 წლის 7 ივლისს შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით და შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა უარი თქვა 2 500 ევროს ოდენობის ფიქსირებული ზიანის თანხასა (რომელიც გადაწყვეტილების თარგმანში „პირგასამტეხლოდ“ არის მოხსენებული) და პროცენტზე, რომელიც 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 274 656,97 ევროს. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ ძირითადი თანხის - 784 978,04 ევროს, უწყების გაგზავნის ხარჯის - 497,52 ევროსა და სამართალწარმოების მინიმალური ბაჟის - 1 100,00 ევროს გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ V. B.(სს „ვ.ბ.")-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სკ“) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით [ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს].
16. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებენ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ [გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები], „დ“ [უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება] და „ზ“ [გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს] ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების არსებობაზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს მერიის პოზიციაზე, რომ იგი არ წარმოადგენს იმ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეს, რომლის საფუძველზეც დაეკისრა მას თანხის გადახდა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
18. ქართულ ენაზე შედგენილი 2012 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლის შედეგად ცხადი ხდება მერიის პრეტენზიის საფუძვლიანობა, რის გამოც შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მერიისთვის თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. უზენაესი სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი არ შეიცავს მითითებას რომელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. თუმცა, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ფულადი ვალდებულებების შესრულება 2012 წლის 27 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრათ. აღნიშნული დასტურდება ასევე საქმეში არსებული, 2014 წლის 31 ოქტომბრის უწყებით, რომლის მე-3 პუნქტი უთითებს 2012 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებაზე (იხ. ტ. 2., ს. ფ. 83).
20. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ საქმეში მოიპოვება 2012 წლის 27 თებერვლის ინგლისურ და ქართულ ენებზე შედგენილი ორი ხელშეკრულება, რომელთა შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები. ამასთან, ქართულენოვანი ხელშეკრულება არის მერიის ბეჭდით „ასლის დამოწმება“ დადასტურებული ასლი (რაც დედანს უთანაბრდება), ხოლო ინგლისურენოვანი დოკუმენტი არის ქსეროასლი. სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, შუამდგომლობის ავტორმა ვერ წარმოადგინა ინგლისურენოვანი ხელშეკრულების დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ, არასახელმწიფო ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ასლს, რომელსაც ასევე არ ახლავს ქართული თარგმანი, არ შეიძლება მიენიჭოს მტკიცებულების ძალა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.1 მუხლი: საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 135-ე მუხლი: წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე]. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის შედავებას ქართულენოვან ხელშეკრულებაში არსებული გარკვეული უზუსტობებისა და ხარვეზების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 9.4. ქვეპუნქტი), სასამართლო მათ არარსებითად მიიჩნევს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელშეკრულების პირველ გვერდზე გარკვევით არის მითითებული მისი დადების თარიღი - „27-02-2012“, დოკუმენტს მინიჭებული აქვს ასევე ნომერი 8/1 და ბოლოში ახლავს ხელშეკრულების მხარეთა წარმომადგენლების ხელმოწერები. გამომდინარე აქედან, სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას იხელმძღვანელა ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულებით (იხ. ტ. 1., ს.ფ. 216-231).
21. მერიის პრეტენზიის საფუძვლიანობის გარკვევის მიზნით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქართულენოვანი ხელშეკრულების პირველ გვერდზე ხელშეკრულების მხარეებად მითითებულია, ერთი მხრივ, „ვიალის ინტერნეშენალი“ და, მეორე მხრივ, ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“, წარმოდგენილი მისი დირექტორის ზ.ნ–ას სახით, რომელიც შეთანხმებას ხელს აწერს სააგენტოს სახელით. ამასთან, საგულისხმოა, რომ ინგლისურენოვან ხელშეკრულებაში მხარედ მითითებულია ქალაქი ბათუმი, წარმოდგენილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის ბატონი ზ.ნ–ას სახით (“The city of Batumi represented by the Director of The Traffic Infrastructure Management Agency Mr. Zaza NACHKEBIA”) (იხ. ტ. 2., ს.ფ. 44) და ხელშეკრულების ბოლო გვერდზეც შესრულებულია ზ.ნ–ას ხელმოწერა (იხ. ტ. 2., ს.ფ. 61). სხვაგვარად რომ ითქვას, ინგლისურენოვან ხელშეკრულებაშიც ბათუმის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი. სასამართლო მიუთითებს ასევე 2014 წლის 31 ოქტომბრის უწყებაზე, რომლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: 2012 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ და ბათუმის მერიამ, რომელსაც წარმოადგენდა სააგენტო, გააფორმეს ხელშეკრულება (იხ. ტ. 2., ს.ფ. 83).
22. გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 22 თებერვლის №18 განკარგულებით დგინდება, რომ სწორედ სააგენტოს მიენიჭა 1 926 730,83 ევროს ფარგლებში გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების უფლება, შემდეგ ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად: ქალაქში საგზაო ნიშნების გენერალური გეგმის შედგენა; გზაჯვარედინების მოწყობა ევროპული სტანდარტების შუქნიშნებით; პარკომეტრების შეძენა-დამონტაჟება; საგზაო ნიშნების დამზადება-დამონტაჟება; მართვის ცენტრების მოწყობა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა (იხ. ტ. 1., ს. ფ. 299). ასევე, სააგენტოს მიერ წარმოდგენილია, ერთი მხრივ, „ვიალის ინტერნეშენალსა“ და, მეორე მხრივ, ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ შორის 2012 წლის 22 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №8/1 (27.02.2012წ.) ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 22 ივნისს, პირველმა ჩააბარა, ხოლო მეორემ მიიღო 710 463,52 ევროს ღირებულების საქონელი, დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ „ვიალის ინტერნეშენალის“ წარმომადგენელი და ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორი: ზ.ნ–ა (იხ. ტ. 1., ს. ფ. 332). 2012 წლის 2 აპრილის გამავალი სავალუტო საგადასახადო დავალების ასლითაც დასტურდება, რომ სააგენტომ შუამდგომლობის ავტორს 2012 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადაურიცხა 200 629,67 ევრო (იხ. ტ. 1., ს. ფ. 321).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მერია არ წარმოადგენდა იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს, რომლის საფუძველზეც დაეკისრა მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა. შუამდგომლობის ავტორის მითითება, რომ მასთან მერიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ის ფაქტი, რომ მერია წარმოადგენს სააგენტოს ერთპიროვნულ დამფუძნებელს, არ არის მერიის მხარედ მიჩნევის საფუძველი. სააგენტო დამოუკიდებელი იურიდიული პირია და დამოუკიდებლად გამოდის მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.1. მუხლი: იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. სსკ-ის 37.3. მუხლი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის]. სხვა საკითხი იქნებოდა, რომ სააგენტო ყოფილიყო არა იურიდიული პირი, არამედ -მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეული [სსკ-ის 24.4. მუხლი: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები].
24. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არ ყოფილა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, არღვევს საპროცესო-სამართლებრივ საჯარო წესრიგს და აღნიშნულზე გავლენა ვერ ექნება იმ ფაქტს, რომ მერიას უცხო ქვეყნის სასამართლოში დავის არსებითად განხილვისას არ წარუდგენია შედავება.
25. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი დარღვეულად ითვლება, როცა სასამართლო წარმოების დროს დარღვეულია იმ ქვეყნის საპროცესო-სამართლებრივი იმპერატიული ნორმები, სადაც, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არის მოთხოვნილი. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ყველა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთობლიობას. სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულებისას შებოჭილია საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგის იმპერატიული ნორმებით და ვალდებულია, დაიცვას „საპროცესო სამართლიანობის ფუნდამენტალური ნორმები“ (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
27. ამდენად, დაუშვებელია არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება იმპერატიულ საპროცესო სამართლის ნორმას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მერიის მიმართ ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე.
28. რაც შეეხება სააგენტოს პრეტენზიებს (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1, 6.2, 6.4-6.7 ქვეპუნქტები), საქართველოს უზენაესი სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს სავაჭრო სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე.
29. სააგენტო მიიჩნევს, რომ სავაჭრო სასამართლოს აღნიშნული დავის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია არ ჰქონდა, რადგან მოპასუხის იურიდიული და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი: საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი] და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილსაც ქ. ბათუმი წარმოადგენს [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი: საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა]. ასევე, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ბელგიის სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი“, მუხლი 68, პუნქტი 2, „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები].
31. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისას შეამოწმოს მოცემული საქმის მიმართ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს კომპეტენციის საკითხი.
32. საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლი [საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება: ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია; ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია; გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას; დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.] თუ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ საკითხს ეხება, საქართველოში მისი ცნობა არ მოხდება, თუნდაც უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენცია მხარეთა შორის შეთანხმებით იყოს დადგენილი [სკ-ის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი: შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის თაობაზე ბათილია]. კანონის მიერ გამომრიცხავი საერთაშორისო კომპეტენციის დაწესება გამორიცხავს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ასეთ კომპეტენციის შეცვლის შესაძლებლობას.
33. წინამდებარე გადაწყვეტილება ეხება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას, რომელიც მე-10 მუხლის ჩამონათვალით გათვალისწინებული არ არის. ამრიგად, სკ-ს 68.2“ა“ მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს.
34. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მეორე საფუძველი - უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად ითვლება თუ არა.
35. აღნიშნულის შემოწმების პროცესში სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან სახელმწიფოთა შორის შეთანხმება, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, ბელგიასა და საქართველოს შორის აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოთა შორის შეთანხმება და არც რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა ორივე სახელმწიფო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
36. სსსკ-ის 11.4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს ან რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის საწარმოები და ორგანიზაციები. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციას განსაზღვრავს სკ-ის მე-8 მუხლიც, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე იურიდიულ პირს საქართველოში აქვს რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. სკ-ის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა.
37. საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართალი იცნობს საერთაშორისო კომპეტენციის რამდენიმე სახეს. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პირდაპირ და ირიბ, საერთაშორისო და ადგილობრივ, საერთო და განსაკუთრებულ, ფაკულტატურ და გამომრიცხავ საერთაშორისო კომპეტენციას. საერთაშორისო კომპეტენციის ცნება აღიარებს ისეთ სახეებს, როგორიცაა საერთო და განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია. საერთო საერთაშორისო კომპეტენცია კონტინენტური სამართლის ევროპულ ქვეყნებში დაკავშირებულია მოპასუხის საცხოვრებელ ადგილთან/ადგილმდებარეობასთან (aqtor sequitur forum rei). სწორედ ამ მიდგომას ავითარებს სკ-ის მე-8 და მე-9 მუხლები.
38. თუმცა, სკ-ის მე-18 მუხლი აღიარებს სასამართლოს კომპეტენციაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობასაც. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ამ მუხლის თანახმად, ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას - იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.
39. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ბელგიაშია, ხოლო მოპასუხე კომპანიისა - საქართველოში; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის (შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემის და ა.შ.) დამონტაჟება კი ბათუმში უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოს სკ-ის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, ამ საქმის მიმართ ექნებოდა საერთაშორისო კომპეტენცია. თუმცა შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების მიმართ ბელგიის სასამართლოების კომპეტენციაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლით. სააგენტო არ იზიარებს ამ პოზიციას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხოლოდ ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართალი, რაც არ გულისხმობდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების მიმართ ბელგიის სასამართლოს კომპეტენციაზე შეთანხმებას. სააგენტოს აზრით, მე-4 მუხლის შინაარსიდან არ დგინდება მხარეთა ნება განსჯად სასამართლოზე. აღნიშნული დათქმა არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამართლის არჩევის შემთხვევაში მხარეები ასევე შეთანხმდნენ ამ ქვეყნის სასამართლოს განსჯადობაზეც, რადგან კონკრეტული სასამართლოს განსჯადობაზე შეთანხმება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული.
40. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე კომპანიის რეზიდენცია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელიც ბელგიაშია, სკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეეძლოთ შეთანხმება ბელგიის სასამართლოს კომპეტენციაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, ნამდვილად მოცემულია თუ არა ხელშეკრულების მე-4 მუხლში ასეთი შეთანხმება.
41. ხელშეკრულების ქართულენოვანი ტექსტის მე-4 მუხლის შესაბამისად, რომლის სათაურია „კანონმდებლობა და სასამართლო“, „წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია და წარმოადგენს ბელგიის, ან შეთანხმებისამებრ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, კანონმდებლობის საგანს, რომლის სასამართლოს გააჩნია არაექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოქმნილ ნებისმიერ დავაზე“ (იხ. ტ.1., ს.ფ.229).
42. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ საპროცესო სამართალში მხარეთა ნების ავტონომიის საუკეთესო გამოვლინებას მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული, სასურველი სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე/საერთაშორისო კომპეტენციაზე მათი შეთანხმების შესაძლებლობა წარმოადგენს. შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე/კომპეტენციაზე ძირითადი ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობა და ძალაში შესვლა წესრიგდება მატერიალური სამართლით, ხოლო მისი დასაშვებობა/ფორმა და სამართლებრივი შედეგები კი განისაზღვრება შესაბამისი საპროცესო სამართლით. საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი, განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით (იხ. სუსგ №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი).
43. სკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, შეთანხმება, რომლითაც დგინდება უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენცია, უნდა დაიდოს წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით. ხოლო სკ-ის 27-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ან მისი ცალკეული დებულების ძალაში შესვლა და ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც სახელშეკრულებო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარის მოქმედების შედეგების განსაზღვრა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის მიხედვით შეიძლება გაუმართლებელი ყოფილიყო, პირს, იმის დასამტკიცებლად, რომ მას არ მიუცია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, შეუძლია მიმართოს თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალს.
44. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ შეთანხმება ინტეგრირებულია წერილობითი ხელშეკრულების მე-4 მუხლში (ხელშეკრულების ინგლისური და ქართულენოვანი ტექსტების ავთენტურობასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე იმსჯელა წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში) ანუ სახეზეა წერილობითი შეთანხმება. სადავოა მხოლოდ ამ შეთანხმების შინაარსის განმარტების საკითხი.
45. მხარეები მიუთითებენ (მათ შორის სადავო არ არის), რომ ისინი შეთანხმდნენ ხელშეკრულების მიმართ ბელგიის სამართლის გამოყენებაზე [სკ-ის 35-ე მუხლი: სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით], რაც გულისხმობს ხელშეკრულების განმარტებას ბელგიის სამართლის შესაბამისად.
46. სკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართელებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არცერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს.
47. საკასაციო სასამართლომ ქონებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ №ას-209-196-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
48. წინამდებარე საქმეში წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებების, აგრეთვე, მტკიცებულებების წარდგენისას ბელგიის სახელშეკრულებო სამართალზე, განსჯადობაზე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებულ პრაქტიკასა და დოქტრინაზე მხარეებს არ მიუთითებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეთანხმების შინაარსის განმარტებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
49. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა“ (იხ. სუსგ №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი).
50. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
51. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ. №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც მას გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (იხ. სუსგ. №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
52. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შინაარსის განმარტებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს მისი ენობრივ-გრამატიკული, ფილოლოგიური განმარტება, რაც გულისხმობს წინადადებაში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობისა (სემანტიკა) და წინადადების აგებულების (სინტაქსის) შესწავლას. მე-4 მუხლი ერთი, რთული ქვეწყობილი წინადადებისაგან შედგება, რომლის შინაარსის განმარტებისას პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: კონსტრუქცია “რომლის სასამართლოს გააჩნია არაექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოქმნილ ნებისმიერ დავაზე“ მიემართება სიტყვას „ბელგიის“, თუ სიტყვებს „შეთანხმებისამებრ ნებისმიერი სხვა ქვეყანის“.
53. საკასაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადამწყვეტია წინადადებაში სიტყვათა წყობის „სხვა ქვეყნის“ არსებობა, ნაცვლად სიტყვებისა „იმ ქვეყნის“, ასევე თავად წინადადების სინტაქსური აგებულება, რომლის მიხედვით, სიტყვები „ან შეთანხმებისამებრ ნებისმიერი სხვა ქვეყნის“ წარმოადგენს ჩანართს, რომელიც ძირითადი წინადადებისაგან ორივე მხარეს გამოყოფილია მძიმით. თუ ძირითადი წინადადებიდან ჩანართს ამოვიღებთ, იგი შემდეგნაირად იკითხება „წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია და წარმოადგენს ბელგიის კანონმდებლობის საგანს, რომლის სასამართლოს გააჩნია არაექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოქმნილ ნებისმიერ დავაზე“.
54. მეორე მხრივ, სიტყვების „ან შეთანხმებისამებრ ნებისმიერი სხვა ქვეყნის“ დამატებით წინადადება იძენს აზრს, რომლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზეც. ხოლო სიტყვა „არაექსკლუზიური“ გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას შეთანხმდნენ ასევე სხვა ქვეყნის სასამართლოს იურისდიქციაზეც ან შეთანხმების გარეშე მიმართონ იმ ქვეყნის სასამართლოს, რომელსაც ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავის მიმართ იურისდიქცია გააჩნია.
55. ასეთი განმარტება შესაბამისობაშია მუხლის სათაურთანაც „კანონმდებლობა და სასამართლო“ და ყველაზე მეტად შეესაბამება სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობას, რომელსაც მას ანალოგიურ პირობებში ნებისმიერი გონიერი მკითხველი მიანიჭებდა. არ შეიძლება ნების გამოვლენის განმარტების შედეგად ხელშეკრულებას სრულიად ან ნაწილობრივ აზრი გამოეცალოს, მისი შინაარსი წინააღმდეგობრივი გახდეს ან ხელშეკრულების მიზანთან მოვიდეს წინააღმდეგობაში.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეებმა ბელგიის სასამართლოს არაექსკლუზიური იურისდიქცია დაადგინეს, რაც მხარეებს შესაძლებლობას აძლევდა შეთანხმებულიყვნენ სხვა ქვეყნის სასამართლოს იურისდიქციაზეც ან შეთანხმების გარეშე მიემართათ იმ ქვეყნის სასამართლოსთვის, რომელსაც ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავის მიმართ იურისდიქცია გააჩნდა.
57. სააგენტოს აღნიშნული გარემოებების არსებობაზე არ მიუთითებია. მათი არარსებობა კი მოსარჩელეს მოპასუხის ადგილსამყოფელი ქვეყნის სასამართლოს ნაცვლად დავის ბელგიის სასამართლოში დაწყების უფლებას აძლევდა. შესაბამისად, ბელგიის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად ითვლება.
58. სააგენტოს შემდგომი პრეტენზია ეხება მისი ინფორმირებულობის საკითხს. სააგენტოს მოსაზრებით, იგი ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად, უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული 2015 წლის 18 თებერვლის სასამართლოს სხდომის შესახებ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები].
59. დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეები სხდომაზე არ იყვნენ წარმოდგენილნი. სასამართლოს პირველი უწყება მოპასუხეს გაეგზავნა 2014 წლის 31 ოქტომბერს. 2015 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელ ადვოკატს საშუალება ჰქონდა წარმოედგინა ახსნა-განმარტება, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. 2015 წლის 18 თებერვლის შუამდგომლობით მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის თებერვალში ვადამოსული ვალდებულების ოდენობით და, ამდენად, ძირის სახით ითხოვდა 784 978,04 ევროს, რა თანხაც მოპასუხე მხარისადმი გაგზავნილ სასამართლო უწყებაშიც იყო მითითებული (იხ. ტ. 1., ს. ფ. 9-18).
60. საქმეში მოიპოვება 2015 წლის 4 ნოემბერს ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს კანცელარიის მოხელის ვ.ვ.ზ–ის მიერ გაცემული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის გადაწყვეტილებათა სერტიფიკატი, რომლის თანახმად, გრაფის - მიუთითეთ თარიღი, როდესაც მოპასუხეს ჩაბარდა სასამართლო მოსმენის დანიშვნის უწყება ან თანაბარმნიშვნელოვანი დოკუმენტი - გასწვრივ მიწერილია თარიღი 31.10.2014 (იხ. ტ. 1., ს. ფ. 31).
61. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უწყების ოფიციალური ქართული თარგმანიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს სასამართლოს აღმასრულებელმა იან ვეინსმა ჩააბარა სასამართლოს უწყება მხარეებს: მერიასა და სააგენტოს მასზედ, რომ 2015 წლის 18 თებერვალს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე გამოცხადდნენ ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ანტვერპენის ახალი სასამართლოს დარბაზში მისამართზე: ბელგია, ანტვერპენი, ბოლივარსტრაატ 20, დარბაზი B1. ამასთან, უწყების ბოლოს სასამართლოს აღმასრულებელი წერს: იმ მიზნით, რომ ადრესატები იყვნენ საქმის კურსში, რამეთუ იმყოფებიან საქართველოში და რადგანაც მათ ბელგიაში არ აქვთ სასამართლოსათვის ცნობილი ოფისი ან არჩეული დომიცილი, მე, ზემოაღნიშნულმა და ქვემორე ხელმომწერმა სასამართლოს აღმასრულებელმა, ბელგიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, წინამდებარე უწყება მასში ხსენებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ორ-ორ ეგზემპლარად თითოეულ ზემოთხსენებულ მხარეს გავუგზავნე მათსავე მისამართებზე. თითოეული ეგზემპლარი გაიგზავნა რეგისტრირებული ფოსტით მიმღები მხარის მიერ უწყების მიღების ხელმოწერით დადასტურების პირობით, ერთი ეგზემპლარი საჰაერო ფოსტის მეშვეობით და ერთიც ჩვეულებრივი ფოსტით, ანტვერპენის ფოსტაში გზავნილის ჩაბარების გზით (იხ. ტ. 2., ს.ფ. 77-89).
62. საქმის მასალებში შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი აქვს საფოსტო გზავნილის ადრესატისადმი ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ სააგენტოს 2014 წლის 6 ნოემბერს ჩაბარდა გზავნილი. ჩაბარება დასტურდება აჭარის ა.რ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს შტამპითა და ი.რ–აძის ხელმოწერით (იხ. ტ. 1., ს.ფ. 42-48).
63. ზემოაღნიშნული დოკუმენტების ერთობლივი შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ სააგენტო მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის თაობაზე დროულად (მხარეს გზავნილი ჩაბარდა სასამართლო პროცესამდე დაახლოებით სამი თვით ადრე) და სათანადო წესით იყო ინფორმირებული.
64. მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას უწყება (მოპასუხემ დოკუმენტი აღიქვა სასარჩელო განცხადებად) ჩაბარდა მისთვის გაუგებარ (ჰოლანდიურ) ენაზე. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ მხარე გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ იქნა გაფრთხილებული უწყების ჩაბარების გზით სასამართლოში გამოძახების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სააგენტო ვერ უთითებს ბელგიის კანონმდებლობის რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული მისთვის უწყების ჩაბარებისას და ეკისრებოდა თუ არა სასამართლოს ვალდებულება უწყება გაეგზავნა მოპასუხე მხარის ადგილსამყოფელი ქვეყნის ან მისთვის გასაგებ სხვა რომელიმე (მაგ., ინგლისურ) ენაზე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სააგენტო ბელგიურ კომპანიას შეუთანხმდა ბელგიის სამართალსა და ამავე სახელმწიფოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, მისი პროტესტი აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეულ სირთულეზე, როგორც ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მას გაათავისუფლებს მისი უმოქმედობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებისგან, არ შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული.
65. საგულისხმოა, რომ სააგენტოს არც უცდია მიემართა თავად გამომგზავნი სასამართლოსთვის უწყების შინაარსის გარკვევის მიზნით. საქმის მასალებით დგინდება, რომ სააგენტოს ადმინისტრაციამ 2014 წლის 7 ნოემბერს მოსარჩელე კომპანიის დირექტორისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილით დაადასტურა 2014 წლის 6 ნოემბერს DAGVAARDING-ის ფოსტის საშუალებით მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ტექსტი იყო ჰოლანდიურ ენაზე და მათთვის მისი თარგმნა სირთულეს წარმოადგენდა. ამასთან, სთხოვა, გაეგზავნათ დოკუმენტის ინგლისური ვერსია ელ.ფოსტის საშუალებით. აღნიშნული წერილის პასუხად, 2014 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა სააგენტოს მისწერა, რომ დანართის სახით უგზავნიდა DAGVAARDING-ის ინგლისურ თარგმანს (უწყება), რომელიც სააგენტომ მიიღო წინა ხუთშაბათს, 2014 წლის 6 ნოემბერს და, აქვე დასძენდა, რომ აღნიშნულ ინგლისურ თარგმანს უგზავნიდა კეთილი ნების საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, ზემოაღნიშნული დოკუმენტის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის ის ნაწილი, თუ როდის და რომელ დარბაზში უნდა გაიმართოს სავაჭრო სასამართლოში სასამართლო განხილვა, ღიად არის დატოვებული, თუმცა, უწყების არაოფიციალური ინგლისური თარგმანიც იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ბელგიის სასამართლოში სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, მითითებული იყო კონკრეტული სასამართლო და მისი მისამართი (იხ. ტ. 1., ს. ფ. 210-215) და, სათანადო ინტერესის გამოვლენის შედეგად, მას ასევე შეეძლო გაერკვია სავაჭრო სასამართლოს განხილვის ადგილი და დრო.
66. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტომ ვერ მიუთითა მისთვის უწყების ჩაბარებისას ბელგიის კანონმდებლობის რომელიმე მოთხოვნის დარღვევაზე, იმის მხედველობაში მიღებითაც, რომ ბელგიის სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე შეთანხმება დადებულია სააგენტოს რისკის ფარგლებში და, ამავე დროს, სააგენტო არ შეეცადა მიემართა ბელგიის სასამართლოსთვის სასამართლო დოკუმენტის შინაარსის გასარკვევად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცულია მოწინააღმდეგე მხარის სათანადო წესით ინფორმირებულობის მოთხოვნა.
67. რაც შეეხება სააგენტოს შედავებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მისი გასაჩივრების ვადასა და წესზე მითითებას, რის გამოც მას შეეზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური რეალიზაციის უფლება, უსაფუძვლოა. იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ბელგიის კანონმდებლობით მხარეს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და/ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების ვადასა და წესზე მიუთითებლობით დაირღვა ბელგიის საპროცესო ნორმები, იყო აღნიშნულ გარემოებებზე მიმთითებელ მხარეზე ანუ სააგენტოზე, თუმცა, სააგენტოს, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით კი დასტურდება, რომ ბელგიის მართლმსაჯულების კოდექსის 616-ე და 1050-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც საჩივარი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია შეტანილ იქნას გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მაშინაც კი, როცა გადაწყვეტილება არის შუალედური, წინასწარი ან დაუსწრებელი. არსებობს გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად, როდესაც სადავო თანხა არ აღემატება 2500 ევროს. გადაწყვეტილება მართლმსაჯულების კოდექსის 616-ე და 1050-ე მუხლების მიზნებისათვის წარმოადგენს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ვინაიდან ეს შემთხვევა არ წარმოადგენს გამონაკლისს, გადაწყვეტილების გასაჩივრება თავისუფლად იყო შესაძლებელი ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში. ამავე დასკვნის თანახმად, ბელგიის სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეიცავს დამატებით დეტალებს გასაჩივრების უფლების შესახებ. არ არსებობს მუხლი მართლმსაჯულების კოდექსში ან ბელგიის სხვა კანონში, რომელიც მოითხოვს, რომ გადაწყვეტილებაში იყოს მითითება გასაჩივრების უფლებაზე ან გასაჩივრების პირობებსა და ვადებზე (იხ. ტ. 2., ს. ფ. 90-94). ასეც რომ არ იყოს, მოპასუხე, რომელიც დავის წარმოშობის შემთხვევაში დათანხმდა ბელგიის სამართლის გამოყენებასა და ბელგიის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, მას შემდეგ, რაც ჩაიბარა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვალდებული იყო გარკვეულიყო ბელგიის საპროცესო კანონმდებლობაში ან აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიემართა თავად ბელგიის სასამართლოსთვის მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის განმარტების მიზნით. ბელგიის სამართლის გამოყენებასა და ბელგიის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე შეთანხმება იმ პრეზუმფციის ამოქმედებას უდებს საფუძველს, რომ მოპასუხემ იცის კანონი (Ignorantia legis non excusat - კანონის არცოდნა არ ამართლებს), რის გამოც სააგენტოს შედავება, რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების ვადასა და წესზე მიუთითებლობით შეეზღუდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
68. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, რომლის თაობაზეც ევროპულმა სასამართლომ, არ დაადგინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, განმარტა შემდეგი: იმ ფაქტს, რომ კვიპროსის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არსებობს მითითება ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, გავლენა არ აქვს ევროპული სასამართლოს დასკვნებზე. მართლაც, ლატვიის სამოქალაქო საპროცესო კანონის 230-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოები თავიანთ გადაწყვეტილებებში უთითებენ აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების დეტალურ წესსა და ვადას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა არის საქებარი, რამდენადაც ის უზრუნველყოფს მხარეთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის დამატებით დაცვას, არ შეიძლება მისი არსებობა იგულისხმებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტში. შესაბამისად, იმის გარკვევის ვალდებულება, რა სამართლებრივი დაცვის საშუალებები არსებობდა კვიპროსის რესპუბლიკის სამართლებრივ სისტემაში მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე, ეკისრებოდა თავად განმცხადებელს, რომელსაც აუცილებელობის შემთხვევაში შეეძლო კონსულტანტებისთვის მიემართა დასახმარებად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო იზიარებს მოპასუხე სახელმწიფოს აზრს, რომ განმცხადებელს, რომელიც მუშაობდა ინვესტიციების კონსულტანტად, უნდა სცოდნოდა ვალის აღიარების ხელშეკრულების ხელმოწერის იურიდიული შედეგები. ეს ხელშეკრულება რეგულირდებოდა კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ეხებოდა კვიპროსული კომპანიის მიერ განმცხადებელზე სესხის სახით გაცემულ ფულად თანხას და შეიცავდა დათქმას კვიპროსის სასამართლოების განსჯადობის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელი უნდა გაცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და მონდომების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რომელზეც იგი ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE OF AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124).
69. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააგენტომ ვერ დაამტკიცა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობა, რის გამოც მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა. გამომდინარე აქედან, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც V.B-ს (სს „ვ.ბ.“) სარჩელი ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების ანაზღაურება: ა) 784 978,04 ევრო ძირითადი ვალდებულების სახით; და ბ) სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შედგება: უწყების გაგზავნის ხარჯის - 497,52 ევროსა და სამართალწარმოების მინიმალური ბაჟის - 1 100,00 ევროსაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. V.B -ს (სს „ვ.ბ.") შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც Vialis Belgium NV-ს (სს „ვ.ბ.“) სარჩელი ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების ანაზღაურება:
ა) 784 978,04 ევრო ძირითადი ვალდებულების სახით; და
ბ) სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შედგება: უწყების გაგზავნის ხარჯის - 497,52 ევროსა და სამართალწარმოების მინიმალური ბაჟის - 1 100,00 ევროსაგან;
3. V.B.-ს (სს „ვ.ბ.“) შუამდგომლობა ქ.ბათუმის მერიისათვის ზემოხსენებული თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე ბელგიის ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს ქ. ანტვერპენის განყოფილების მე-6 პალატის 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე