საქმე №ას-653-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ს–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.პ–ის (შემდგომ – მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, ქალაქ თბილისში, ...... (ს/კ: ......) (შემდეგში - სადავო უძრავი ნივთი) მდებარე უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი ირიცხება მის საკუთრებად. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავი ნივთს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
3. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ შედავებია მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობას სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა, მოპასუხემ მიუთითა სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელობაზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებას, მოსარჩელე კომპანიის ადრინდელ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, 15 წელია ფლობს. ამასთან, გადახდილი აქვს უძრავი ნივთის ფლობის ქირა, რომელიც მოსარჩელე კომპანიის ადრინდელ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, უნდა ჩათვლილიყო ნასყიდობის საფასურში (იხ., შესაგებლის პირველი ფაქტობრივი გარემოება - ს.ფ. 15).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება.
5. საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ განხორციელებულად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 168-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრები:
8. დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე კომპანია (სსკ-ის 311-312-ე მუხლები) (ვინდიკაციური მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის პირველი წანამძღვარი (მესაკუთრედ ყოფნა).
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნა ემყარება სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობას მოპასუხის მიერ, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა ვინდიკაციური მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მე-2 წანამძღვარზე (ნივთის მფლობელობა) და მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 131-ე მუხლის საფუძველზე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) დადასტურებულად მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხე ახორციელებს უძრავი ნივთის ფლობელობას (იხ., შესაგებელი; 2019 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი: 16:57:16; სააპელაციო საჩივარი). შეაბამისად, უარყოფილი იქნა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე არ ფლობს სადავო უძრავ ნივთს, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში სს ,,ს.ს–ის“ მიერ წარდგენლი სარჩელით შპს ,,W.s.G”-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
10. რაც შეეხება ვინდიკაციური მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მე-3 წანამძღვარს (მფლობელობის არამართლზომიერება), სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის შედავებაზე, რომ იგი სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა. მოპასუხე/აპელანტი მიუთითებდა, რომ იგი 15 წელია, მოსარჩელის ყოფილ ხელმძღვანელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს უძრავ ქონებას (იხ., ამ განჩინების პ.3). შესაბამისად, მტკიცების ტვირთი, სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად, მოპასუხეს დააკისრა.
11. მოპასუხის მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მისივე ზეპირი ახსნა-განმარტება, რომ იგი მოსარჩელე კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს უძრავ ქონებას, არ იქნა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული, რამეთუ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განხორციელებულად მიიჩნია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი მე-3 წანამძღვარი - მფლობელობის არამართლზომიერება.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზეც (სუსგ 2016 წლის 23 სექტემბრის განმარტება საქმეზე №ას-707-677-2016) და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
15. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი მეორე წარდგენილია იმ საწარმოს მიმართ, რომლის პარტნიორია მოპასუხე. სადავო ფართს ფლობს ეს საწარმო და არა მოპასუხე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხე (კასატორი) წარმოადგენს არასათანადო მხარეს. კასატორი მიუთითებს, რომ სხვა საქმეში ამავე სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებას მოსარჩელე კომპანია სთხოვს კომპანიას და აღნიშნავს, რომ სადავო ფართს კომპანია უკანონოდ ფლობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობის არსებობას - სადავო უძრავი ნივთის მფლობელობას და აღნიშნავს, რომ სარჩელი წარდგენილია იმ საწარმოს მიმართ, რომლის პარტნიორია მოპასუხე. ფართს ფლობს ეს საწარმო და არა მოპასუხე.
19. კასატორის არგუმენტი, სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მფლობელობის არარსებობასთან და მაშასადამე, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობის (მოპასუხის მიერ სადავო უძრავ ნივთზე მფლობელობის არსებობა) არარსებობასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია. ამ მხრივ, კასატორმა ვერ შეძლო საკასაციო პალატის დარწმუნება, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ მოპასუხემ თავად აღიარა სადავო უძრავ ნივთზე მფლობელობის განხორციელება, კერძოდ, აღნიშნა, რომ სწორედ მოსარჩელე კომპანიის ადრინდელ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, 15 წელია ფლობს სადავო უძრავ ნივთს (იხ., შესაგებელი).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 131-ე მუხლის (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საფუძველზე მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება მოსარჩელე, თუკი, სარჩელის საფუძვლად მან მიუთითა რამოდენიმე ფაქტი, მოპასუხემ კი, თავის წერილობით შეპასუხებაში, ამ ფაქტებიდან, ზოგიერთი დაადასტურა ე.ი. მასზე არ წამოიწყო დავა. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების საგანში მხოლოდ ის ფაქტები შევა, რომელთა შესახებაც მხარეებს ურთიერთწინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვთ.
21. სსკ-ის 131-ე მუხლთან მიმართებით გაკეთებული საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით „სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული. შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული“ (იხ., სუსგ Nას-960-903-2010, 7 მარტი, 2011 წელი).
22. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ. ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე კომპანია; სადავო უძრავი ნივთის მფლობელობას ახორციელებს მოპასუხე, რომელმაც ვერ დაადასტურა მფლობელობის განხორცილების მართლზომიერება სსსკ-ის 168-ე მუხლის საფუძველზე.
23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)
24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადის №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
25. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
27. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შეადრ: სუსგ-ები №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვალი; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბერი; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს.პ–ს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ნ–ძის მიერ 2020 წლის 05 აგვისტოს №9665315241 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი