Facebook Twitter

საქმე №ას-1448-2018 16 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს.კ.უ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მზღვეველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.მ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების - 51 286.61 ლარის, პირგასამტეხლოსა (სარჩელის აღძვრის დროისათვის დარიცხული 3 011.59 ლარის, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 51.29 ლარს) და მიუღებელი შემოსავლის - 14 8613.39 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 30 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა #155/16 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ დააზღვია მის საკუთრებაში არსებული 163 ავტომანქანა. დამზღვევმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება და მისი დავალიანება შეადგენს 51 286.61 ლარს. ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის გამო, დამზღვევს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შეადგენს 3 510.22 ლარს. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იმ მოტივით, თითქოს მზღვეველი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, დამზღვევმა ცალმხრივად, ვადაზე ადრე მოშალა დაზღვევის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი, ისე _ მიუღებელი შემოსავლის სახით, მან დაკარგა სადაზღვევო პრემია, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულება ცალმხრივად რომ არ მოშლილიყო.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მზღვეველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით. მოსარჩელემ დაადასტურა ტენდერში ყველა პირობაზე თანხმობა, მათ შორის, მზადყოფნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზიანებული ან შესაკეთებელი ავტომანქანის საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების ცენტრებში შეკეთების თაობაზე. მოპასუხის მიერ შეძენილი ავტომანქანების საგარანტიო წიგნისა და პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია ვალდებულება, ავტომანქანების შეკეთება აწარმოოს მხოლოდ ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მის სადილერო საწარმოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი იხსნება გარანტიიდან. მოსარჩელეს ჯერ კიდევ სადაზღვევო პრემიის პირველი გადახდის ვალდებულების დადგომამდე, 2016 წლის 7 და 25 ნოემბრის წერილებით ეცნობა პრეტენზია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამ ვალდებულებათა დარღვევა გამართლებულს ხდის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლას, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესაძლებლობას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დამზღვევს მზღვევლის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 51 286.61 ლარისა და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 3 011.59 ლარის, ასევე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით - 14 8613.39 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მზღვევლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 148 613.39 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სადაზღვევო პრემიის_ 51 286.61 ლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 30 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მზღვევლის მიერ სადაზღვევო პოლისის გაცემა ხდება ამ პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. სადაზღვევო პოლისის გაცემის მიზნად კი, განისაზღვრა დამზღვევის მიერ სადაზღვევო გარანტიის შეძენა ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც გამოწვეულია წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევით. დაზღვევის ობიექტად მიეთითა სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც დამზღვევის სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადის საფუძველზე, გათვალისწინებულია მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით და რომელსაც დამზღვევი (დაზღვეული) მართლზომიერად ფლობს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 199 900 ლარს. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, წლიური სადაზღვევო ტარიფი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვრებოდა შესაბამისი სადაზღვევო პოლისითა და #1 დანართით. სადაზღვევო თანხა და პრემიის ოდენობა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვრებოდა შესაბამისი სადაზღვევო პოლისითა და #2 დანართით. გადახდის ვადები დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვრებოდა #1 დანართით. ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, დამზღვევს სადაზღვევო პრემია უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველი 3 თვის ბოლოს, მზღვევლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. დაზღვევის მოქმედება იწყებოდა 2016 წლის 10 სექტემბერს და სრულდებოდა 2017 წლის 31 აგვისტოს. 13.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მზღვეველს მიენიჭა უფლებამოსილება, დამზღვევისაგან მოეთხოვა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. 14.6 პუნქტის მიხედვით კი, ორივე მხარე უფლებამოსილი იყო, მოეშალა ხელშეკრულება ცალმხრივად, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფდა საკუთარი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

1.2.2. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ დააზღვია მოპასუხის საკუთრებაში არსებული 163 ავტომობილი. 2016 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა 163 პოლისი და შესაბამისად სექტემბრის სადაზღვევო პრემია შეადგენდა 12 496,39 ლარს. 2016 წლის 29 დეკემბერს დაემატა 8 დაზღვევის პოლისი, სულ ოქტომბრის სადაზღვევო პოლისების რაოდენობამ შეადგინა 171 და ოქტომბრის თვის სადაზღვევო პრემია შეადგენდა 12 935,71 ლარს;

1.2.3. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის #5 დანართის (რომლითაც გათვალისწინებულია ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას შემდეგი ინსტრუქციები და ზარალის ანაზღაურების პირობების სქემა) მე-5 მუხლის შესაბამისად, მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ დამზღვევისათვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, იგი ვალდებულია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ გადაიყვანოს დამზღვევისა და მზღვეველის მიერ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შერჩეულ სერვისცენტრებში (ავტოშემკეთებელ სარემონტო სერვისცენტრებში), სადაც წინასწარ შეთანხმებულ დღეს მზღვეველისა და დამზღვევის წარმომადგენლების თანდასწრებით განხორციელდება ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება და შესაბამისი დეფექტური აქტების შედგენა, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ან მისი ნაწილების აღდგენისათვის ან შეცვლისთვის საჭირო თანხისა და ვადის მითითებით;

1.2.4. 2016 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე, მზღვეველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ამავე ხელშეკრულების 14.6 პუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 31 დეკემბრიდან ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან, ამასთან, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად მიჩნეულ იქნა „ავტორიზებულ სერვისცენტრებში გარანტიაზე მყოფი ავტომანქანების შეკეთებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“;

1.2.5. დამზღვევს პირველი სადაზღვევო შესატანი, რაც 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 51 286.61 ლარს, მზღვეველისათვის არ გადაუხდია;

1.2.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის განკარგულებით მოპასუხეს უარი ეთქვა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციაზე და მიეთითა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სპეციალურ პირობებს საგარანტიო მომსახურებაზე მყოფ ავტომანქანებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მოპასუხემ იმავე შესყიდვის ობიექტზე გამოცხადებული გამარტივებული ელ.ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში შეიტანა ცვლილება. ამავე განკარგულების თანახმად, სწორედ ხელშეკრულების არსებითი პირობის _ „ავტორიზებულ სერვის ცენტრებში ავტომანქანების შეკეთების“ არარსებობა გახდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი. განკარგულების თანახმად, არ არსებობდა მზღვეველის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, ვინაიდან დამზღვევის მოთხოვნა ეწინაღმდეგებოდა 2016 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების პირობებს.

1.2.7. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც განსაზღვრავდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ზარალის რეგულირებას, არ შეიცავდა კონკრეტულად დათქმას, რომლის მიხედვითაც დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება უნდა მომხდარიყო მოპასუხის მიერ ერთპიროვნულად შერჩეულ მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებში ან მის სადილერო საწარმოში, შესაბამისად, მზღვეველი არ იყო ვალდებული, გაეწია მოცემული მომსახურება, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (1) (2), მე-400, 417-ე, 418-ე, 394-ე, 411-ე და 412-ე მუხლები წარმოადგენენ, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება მხარეთა შორის დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის/ვადის გადაცილების, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმების, ასევე, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის წარმოშობაზე მითითება, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მატერიალური ან საპროცესო სამართლის წესების შესაბამისად, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ პრემიის სამ თვეში ერთხელ გადახდის წესზე და დამზღვევს, მიუხედავად გადახდის ვადის დადგომისა, ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მას დავალიანების ანაზღაურება, გარდა ამისა, ვალდებულების დარღვევა ასევე იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უარყო ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი. ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მოშლის ფაქტს მხარეები სადავოდ არ ხდიან, ხოლო მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმას, რომ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში ის მიიღებდა სადაზღვევო პრემიას, ამასთანავე, მოთხოვნილი ზიანი შეესაბამება ხელშეკრულების ვადასა და პრემიის მისაღებ თანხას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც მოთხოვნის წარმატებულობას მისი ავტორის მიერ მოთხოვნის წინაპირობების მითითებასა და მათ მტკიცებას უკავშირებს. სწორედ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითაა შებოჭილი სასამართლო, რომელსაც ვერ გასცდება და ამ ფაქტების ფარგლებში იკვლევს მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა კასატორი მიუღებელი შემოსავლის სახით ფაქტობრივად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოითხოვს იმგვარად, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერებასთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ წარუდგენია, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შინაარსიდან, სხვა მხრივ კი, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დადგომის მტკიცებულება კასატორს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ისევე, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #1502 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 430,70 ლარის 70% _ 5 201,49 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.კ.უ–ს“ (ს/კ #4......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #1502 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 430,70 ლარის 70% _ 5 201,49 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი