Facebook Twitter

საქმე №ას-1527-2019 22 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ლ.ლ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სა–ქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, სააპელაციო პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა.ლ.ლ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.მ–ას (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 2 670 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 1 143 955 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 611 228 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებმა გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დარეგულირდა მხარეთა შორის უკვე არსებული და სამომავლო სასესხო ურთიერთობები. ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2 670 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვიდან 36-ე თვის ბოლო დღეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 1,2%-ის ოდენობით. 2010 წლის 15 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა განცხადებით 700 000 აშშ დოლარის სესხებასთან დაკავშირებით, რაც გამსესხებელს ან მასთან დაკავშირებულ სხვა პირს უნდა გადაერიცხა მსესხებლის მიერ მითითებული მესამე პირის - ლ.ხ–ძის ანგარიშზე. 2010 წლის 16,17 და 18 თებერვალს გამსესხებლის დავალებით მისმა კომპანიამ შპს „მ–მა“ მსესხებლის მიერ მითითებული მესამე პირის ანგარიშზე რამდენიმე ოპერაციით გადარიცხა სესხის თანხის ნაწილი - 700 000 აშშ დოლარი. 2010 წლის 23 ივნისს გამსესხებელმა მსესხებელს გადაურიცხა სესხის თანხის ნაწილი - 1 000 000 აშშ დოლარი, ასევე 2010 წლის 8 სექტემბერს გადარიცხა 500 000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 13 სექტემბერს _ 200 000 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა 2010 წლის 15 სექტემბერს გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომელსაც ურთიერთშეთანხმებით მიანიჭეს უკუქცევითი ძალა და გაავრცელეს მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობაზე, ხელმოწერის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხის დარჩენილი ნაწილი _ 220 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით ჯამში გადასცა 2 670 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვიდან, 2010 წლის 16 თებერვლიდან 36 თვის ბოლო დღეს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 1,2%-ის ოდენობით, ხოლო სესხისა ან მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ან მისი რომელიმე ნაწილის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,01%*ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მხოლოდ პირველ წელს სესხს დაერიცხა 410 898 აშშ დოლარი, ხოლო 3 წლის ვადაზე აღნიშნულმა შეადგინა 1 432 133 აშშ დოლარი და მისი დარიცხვა გრძელდება სესხის სრულად გადახდამდე. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და დარიცხული სარგებელი ნაწილობრივ დაბრუნდა, კერძოდ, 2 620 000 აშშ დოლარი. მსესხებლის ან მის მიერ მითითებული მესამე პირების მიერ თანხის დაბრუნება განხორციელდა ეტაპობრივად სხვადასხვა პერიოდში, ძირითადად ვადაგადაცილებით 2013, 2015, 2016, და 2017 წლებში განხორციელებული გადახდებით. 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4 425 183 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 670 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 143 955 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 611 228 აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი, მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი სესხის ხელშეკრულება. მართალია, მოსარჩელის მიერ გადმორიცხული იყო თანხა, თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენდა სესხს. ვინაიდან იმ პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კონკრეტულ საწარმოებში წილის (აქციების) შეძენაზე, ამ საკითხით დაინტერესებული იყო თავად მოსარჩელეც. ამ მიზნებისთვის გაკეთდა კონკრეტული კომპანიის შეფასებაც მოსარჩელის მხრიდან. სამომავლოდ, თუკი ნასყიდობის პირობები მისაღები იქნებოდა მოსარჩელისთვის, მის მიერ გადმორიცხული თანხა უნდა „კონვერტირებულიყო“ შესაბამის აქციებში (წილში). საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების არსებობას. სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელის მიერ დაერთო საქმეს, არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ, ვინაიდან ასეთ ფაქტს თავად მოპასუხე ვერ იხსენებს, ხოლო დედანი წარმოდგენილი არ არის, რათა ექსპერტიზის ჩატარებით დადგენილიყო ხელმოწერის ნამდვილობა. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის ჰიპოთეზურად დაშვების შემთხვევაშიც კი, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება იმ თანხას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან. სესხის გაცემას ვერც საბანკო ამონაწერები ადასტურებს, რადგანაც საგადახდო დავალებებში ლ.ხ–ძესა და ხ.მ–ასათვის გადარიცხული თანხები ჯამურად არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ მონაცემებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ფაქსის შეტყობინებით დასტურდება მხოლოდ ხ.მ–ას მოთხოვნა სესხზე 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ლ.ხ–ძეს უნდა ჩარიცხვოდა. სხვა თანხის მიღება ლ.ხ–ძის მიერ არ დასტურდება. საქმეში არსებული იურიდიული პირის საბანკო ამონაწერის მიხედვით დანიშნულებაში მითითებულია, რომ ლ.ხ–ძის მიერ ამ უკანასკნელის ანგარიშზე შეტანილი თანხა არის ლ.ხ–ძის სესხის დაბრუნება. დოკუმენტურად არ დასტურდება შპს „R-ის“ კავშირი მოსარჩელესთან. სწორედ აღნიშნული კომპანიის საბანკო ამონაწერია წარმოდგენილი სარჩელთან ერთად, რომლითაც თითქოსდა დასტურდება ლ.ხ–ძის მიერ ხ.მ–ასათვის სესხის ნაწილობრივ დაბრუნება. ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიის ანგარიშზე ლ.ხ–ძის მიერ თანხის შეტანა მისივე სესხის დაფარვის მიზნით არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სარჩელზე თანდართული სესხის ხელშეკრულებასთან კავშირის მქონე ტრანზაქციად. საქმის მასალებით არ დასტურდება ხ.მ–ას მიერ მოსარჩელისთვის თანხების დაბრუნების ფაქტი. სარჩელითა და შესაგებლით ირკვევა, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული სახის ურთიერთობა, რომელიც მიზნად ისახავდა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის შეძენას და ამ მიზნით მოსარჩელისაგან მოპასუხისათვის გარკვეული თანხის გადაცემას. მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო წილის შეძენა და შემდგომ მოსარჩელისათვის წილის ნაწილის გაფორმება. ვინაიდან წილის შეძენა ვერ მოხერხდა იმ პირობებით, რისი მოლოდინიც მხარეებს ჰქონდათ, მიღებული თანხა ჩაითვალა სესხად, თუმცა ეს იყო ზეპირი შეთანხმება და მხარეებს წერილობითი ხელშეკრულება არ შეუდგენიათ. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით, არ დასტურდება, რომ ხ.მ–ას თანხა აქვს დასაბრუნებელი, შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი. ხელშეკრულების არსებობის დაშვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებაც მის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი, ხელშეკრულების მხარეებად მითითებული არიან ა.ლ.ლ–ი და ხ.მ–ა. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 15 სექტემბერს. ხელშეკრულების მიხედვით, ხ.მ–ას მიერ თანხების დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს ართმევს უფლებას მოითხოვოს მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის გზით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თანხას რიცხავდა ნაწილ-ნაწილ, თუნდაც ყოფილიყო მხარეთა შორის სესხის სარგებლიანი ხელშეკრულება დადებული, სწორედ თითოეული ტრანზაქციის შესაბამისად უნდა მოხდეს თითოეულ დღეზე სარგებლის დაანგარიშება და არა ჯამურად ხელშეკრულების მოქმედების მთლიან ვადაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ასევე ნაწილ-ნაწილ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, თუკი აღნიშნული გარემოებები შეჯერდება და დაანგარიშდება, დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულად არის შესრულებული, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ვადის გაგრძელება და ასეთი ვადის შემდეგ გადახდილი თანხები ასევე უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის დაფარვაში, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე შეთანხმებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. მოპასუხეს სულ მიღებული აქვს 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2 620 000 აშშ დოლარი დაბრუნებულია სწორედ ლ.ხ–ძისა და გ.პ–ის მიერ თანხების ჩარიცხვის გზით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, სააპელაციო პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოპასუხეს მოსარჩელისგან მიღებული აქვს 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2 620 000 აშშ დოლარი არის დაბრუნებული;

1.2.2. 2010 წლის 15 თებერვლის ელექტრონული შეტყობინების თანახმად, მოპასუხე თანახმა იყო, 2010 წლის 15 აპრილამდე სარგებლიან სესხად მიეღო 700 000 აშშ დოლარი, რომელიც ჩაერიცხებოდა ლ.ხ–ძეს;

1.2.3. გადარიცხვის ქვითრის თანახმად, შპს „მ–მა“ ლ.ხ–ძეს სესხის სახით გადაურიცხა:

- 2010 წლის 16 თებერვალს - 250 000 აშშ დოლარი;

- 2016 წლის 17 თებერვალს - 250 000 აშშ დოლარი;

- 2016 წლის 18 თებერვალს - 200 000 აშშ დოლარი;

1.2.3. 2010 წლის გადარიცხვის თანახმად, მოსარჩელემ 2010 წლის 22 სექტემბერს მოპასუხეს გადაურიცხა 220 000 აშშ დოლარი;

1.2.4. შპს „R-ის“ ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დგინდება, რომ ლ.ხ–ძემ და გ.პ–მა შპს „R-ს“ გადაურიცხეს თანხები „სესხის დაფარვის“ მიზნით 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 2 620 000 აშშ დოლარი. შპს „R..“ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული კომპანიაა;

1.2.5. 2010 წლის 15 სექტემბრის წერილით ადვოკატმა ს.მ–ამ მოსარჩელეს შეატყობინა შემდეგი: „ძვირფასო ა–ს, ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შესაბამისად, თან ვურთავ სკანირებულ ვერსიას ხ–ს მიერ ხელმოწერილი მარტივი სესხის ხელშეკრულებისა. დოკუმენტის ორიგინალ ვერსიას მოგაწვდით როგორც კი დღეს შევხვდებით.“ 2010 წლის 20 სექტემბრის (09:18 საათი) წერილის მიხედვით, ა.ლ.ლ–ი ს.მ–ას ატყობინებდა, რომ თანხების გადმორიცხვას განაგრძობდა მას შემდეგ, რაც მიიღებდა ხელმოწერილ ხელშეკრულებას. 2010 წლის 20 სექტემბრის (11:31 საათი) წერილის თანახმად კი, ს.მ–ა ა.ლ.ლ–ს ატყობინებდა შემდეგს: „თან ვურთავ სესხის ხელშეკრულების მოკლე ვერსიას. თუკი აღნიშნული დოკუმენტი კვლავ არ არის ის, რაც თქვენ გესაჭიროებათ ბანკისათვის, მაშინ გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის მათი მოთხოვნა, რომ შესაბამისად შევცვალოთ ხელშეკრულება. თუკი ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ მოვაწერინებ ხელს ხ–ს და სკანირებულ ვერსიას გადმოგიგზავნით ელექტრონული ფოსტით“;

1.2.6. 2013 წლის 14 ივნისის წერილის მიხედვით, ა.ლ.ლ–ი ხ.მ–ას ატყობინებდა, რომ მისი სურვილი იყო დახმარება და მას სესხი დიდი ხნის წინ უნდა დაებრუნებინა. ამათან, იგი კვლავ აპირებდა 400 000 აშშ დოლარის გადარიცხვას, თუმცა დაიცადა სექტემბრამდე, რა პერიოდშიც მოპასუხისაგან მიიღო ორი გადმორიცხვა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. იგი მხოლოდ მეგობრობის გამო ითმენდა, თუმცა სურდა სიტუაციის გამოსწორება;

1.2.7. 2013 წლის 3 დეკემბრის წერილის თანახმად, ნ.გ–ი ა.ლ.ლ–ს ატყობინებდა, რომ იგი „მას“ ესაუბრა და დაუსვა ორი შეკითხვა, კერძოდ, როდის გადმოაგზავნიდა 100 000 აშშ დოლარს და „როდის მოაწერს ხელშეკრულებას თქვენთან“, „მან მიპასუხა: ფულს (100 000) ის გამოაგზავნის 5 ან 6 დეკემბერს; ხელშეკრულებას ის თქვენთან ერთად განიხილავს პირადი შეხვედრისას“;

1.2.8. 2014 წლის 6 თებერვლის წერილის თანახმად, ლ.ხ–ძე ა.ლ.ლ–ს ატყობინებს, რომ: „ვესაუბრე ხ–ს და გწერთ მის ნაცვლად. ის ადასტურებს, რომ მიიღო 2 670 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო შპს „კ.ო–ში“ წილის შესასყიდად. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვერ შევძელით მისაღები პირობების შესახებ მოლაპარაკება, მან დაიწყო სესხის უკან დაბრუნება. დღევანდელი მდგომარეობით, 806 000 აშშ დოლარი უკვე დაბრუნებულია და დარჩენილი 1 864 000 დაბრუნებული იქნება 2014 წლის ბოლომდე. შეგვიძლია დეტალებზე მოვილაპრაკოთ ისრაელში ჩვენი ვიზიტის დროს. რაც შეეხება დარიცხულ სარგებელს, შპს „კ.ო–ში“ წილის გაყიდვიდან მიღებული თანხა ან დივიდენდები შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც დაფინანსების წყარო. განვიხილოთ აღნიშნული ჩვენი ვიზიტის დროს“;

1.2.9. 2015 წლის 7 აპრილის ელექტრონული წერილის თანახმად, ა.ლ.ლ–მა ლ.ხ–ძეს მიწერა, რომ ნ.გ–ის დახმარებით ხ.მ–ა მასთან შეხვედრას და პრობლემების დასრულებას დაპირდა. ამავე წერილის მიხედვით, „აქ არის ფორმულა როგორ უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას გარე დახმარების გარეშე“. ამავე წერილში მოსარჩელე ლ.ხ–ძეს ატყობინებდა ხ.მ–ას ვალის ოდენობას. ლ.ხ–ძესა და ა.ლ.ლ–ს შორის არსებულ 2015 წლის 9 აპრილის მიმოწერის მიხედვით, ლ.ხ–ძემ ხ.მ–ასა და კომპანიის სახელით მადლობა გადაუხადა მოსარჩელეს, ამასთან აღნიშნა, რომ „არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა ძირი თანხის დარჩენილი ნაწილის 2015 წლის ბოლომდე გადახდისა. მომავალი ორი ან სამი წლის განმავლობაში, კომპანიის წილების რეალიზაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბონუსებს იმ დახმარებისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეთ კომპანიის შეძენის პროცესში.“ 2015 წლის 10 აპრილის წერილის თანახმად, ნ.გ–ი ა.ლ.ლ–ს ატყობინებდა, რომ იგი ესაუბრა ხ.მ–ას, რომელიც მისი მადლობელი იყო და სთხოვა, გადმოეცა „მისი ხედვა თქვენდამი ვალის საკითხის მოსაგვარებლად. მისი შეთავაზებაა: მან მიიღო თქვენგან სესხი 2 670 000 აშშ დოლარი, დღევანდელი თარიღით მან დაგიბრუნათ 806 000 აშშ დოლარი, ძირი თანხის ნარჩენი - 1 864 000 აშშ დოლარი. ხ. ვალდებულია დარჩენილი ნაწილი (1 864 000 აშშ დოლარი) გადაიხადოს 2015 წლის 1 დეკემბრამდე. ხ. ასევე ვალდებულია გადაგიხადოთ 5% შემოსავლიდან, რომელსაც ის მიიღებს „კ.ო–ის“ გაყიდვის შედეგად. ეს გადასახადი იქნება პროცენტის გადასახადი სესხებისათვის და ბონუსებისათვის ბატონი ა–სისათვის. უზრუნველყოფის სახით, რასაც ბატონი ა–სი მიიღებს, იქნება კომპანია „ბ.ს–ოს“ 5%. საბაზრო ფასი კომპანია „ბ.ს–ოს“ 5%-ის არის 15 000 000 აშშ დოლარი (კომპანიის სრული ღირებულებაა - 300 000 000 აშშ დოლარი). ბატონი ა–სის კეთილი ნების შემთხვევაში და მისი თანხმობით, ხ– მზად არის ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ბატონ ა–სთან, მისი თბილისში ვიზიტის დროს, 21 აპრილს“. მითითებული წერილი ასევე დაეგზავნა ხ.მ–ასა და ლ.ხ–ძეს. 2015 წლის 10 აპრილის წერილთან დაკავშირებით, ა.ლ.ლ–სა და ნ.გ–ს შორის 2015 წლის 11 აპრილის მიმოწერის მიხედვით, მოსარჩელე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ხ.მ–ას მის მიმართ უფრო მეტი დავალიანება ჰქონდა, ვიდრე ეს წინა წერილში იყო მითითებული, თუმცა მისაღები იყო შემოთავაზება კომპანიის გაყიდვის შედეგად 5%-იანი სარგებლის, ასევე კომპანია „ბ–ში“ 5%-ის მიღებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 12 აპრილის წერილით ა.ლ.ლ–ი ხ.მ–ას სთავაზობდა მორიგების პირობებს დავალიანების დაფარვის მიზნით. 2015 წლის 14 აპრილის წერილის თანახმად კი, ა.ლ.ლ–ი ხ.მ–ას, ასევე ნ.გ–სა და ლ.ხ–ძეს ატყობინებდა, რომ იგი ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი, ამასთან, უკვე დაეთანხმა თანხის მიღების ვადის გადადებას 2015 წლის დეკემბრამდე, ასევე, 2017 წლის აპრილამდე ლ.ხ–ძის შეთავაზების შესაბამისად. 2015 წლის 15 აპრილის წერილის მიხედვით, მოსარჩელე ლ.ხ–ძეს კვლავ ატყობინებდა ხ.მ–ას ვალის თაობაზე;

1.2.10. „ბეიქერ ტილის“ გაანგარიშების თანახმად, 2010 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით სესხის ნაშთი შეადგენს 4 425 183 აშშ დოლარს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 ივლისის #004713118 დასკვნის თანახმად კი, ხ.მ–ას დავალიანება დღეის მდგომარეობით (09/07/2018წ.) ა.ლ.ლ–ის მიმართ, სულ შეადგენს 1 409 024 აშშ დოლარს, მათ შორის: ძირითადი თანხაა - 25 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1 016 332 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 367 692 აშშ დოლარი. ამავე ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს #005754918 დასკვნის საფუძველზე, მსესხებლის დავალიანება გამსესხებლის წინაშე 17 აგვისტოს მგომარეობით შეადგენს 2 453 441,33 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი - 50 000 აშშ დოლარია, დარიცხული სარგებელი - 1 864 867,07 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 538 574,26 აშშ დოლარი;

1.2.11. 2018 წლის 11 მარტის ა.ლ.ლ–ის წერილი ადვოკატებისადმი, ვერ ადასტურებს 2010 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მტკიცებულებით მნიშვნელობას, ვინაიდან მხოლოდ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას განაცხადა მოსარჩელე მხარემ იმ გარემოებებზე, რაც მიუთითა ხსენებულ 2018 წლის 11 მარტის წერილში, რაც უკვე არადამაჯერებელს ხდის რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას (ასეთი არსებობის შემთხვევაში), წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება 2010 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული „სესხის ხელშეკრულების“ ნამდვილობა, ვინაიდან მართალია აღნიშნული წარმოდგენილია ასლის სახით, თუმცა გაურკვეველი და დაუდგენელია მასზე მხოლოდ ერთი პირის ხელმოწერაც კი. წარმოდგენილ დოკუმენტზე ვერ განხორციელდა ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება მისი არსებობა და ნამდვილობა. მართალია, ასლზე არის ხელმოწერა მსესხებლის გრაფაში, თუმცა, იგი გაურკვეველი სახისაა და არ დგინდება სხვა მტკიცებულებებზე არსებულ ხელმოწერასთან მსგავსება, ამასთან, ხელმოწერილი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობას მოპასუხე არ ადასტურებს, ისევე, როგორც უარყოფს საკუთარი ხელმოწერის არსებობას. გარდა ამისა, მიმოწერის შინაარსი ადასტურებს, რომ 2015 წლის 7 აპრილისათვის მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე მოთხოვნას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე აყენებს და მოითხოვს მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მოთხოვნის წარმატებულობას პირველ რიგში სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, მე-400, 417-ე და 418-ე მუხლების ფარგლებში ამოწმებს, ხოლო, მისათითებელ ფაქტებს წარმოადგენს მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა, რომლითაც გათვალისწინებული იყო სარგებელი, ვალდებულების დარღვევისათვის კი, მხარეები წერილობით იყვნენ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ფორმათავისუფალი გარიგებაა, თუმცა, ზეპირი ფორმით მისი დადებისას მტკიცების ტვირთი გართულებულია და მოსარჩელეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მითითება ამ ვალდებულების შესრულებისგან ვერ გაათავისუფლებს, არამედ, მან მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დაადასტუროს, როგორც უკან დაბრუნების პირობით თანხის მოპასუხისათვის გადაცემა, ასევე, ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება. უფრო მეტიც, როდესაც პრეტენზია უკავშირდება ვალდებულების დარღვევით განპირობებულ პირგასამტეხლოს, ამ შემთხვევაში, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წერილობითი სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, რამდენადაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლი არ აკმაყოფილებს სა–ქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის წინაპირობებს და სასამართლომ ამ მტკიცებულებას მართებულად არ მიანიჭა იურიდიული ძალა, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის, საგადახდო დავალებებისა და მხარეთა განმარტებების ერთობლიობაში შეფასება (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ საქმიან ურთიერთობაში მყოფი მხარეები სხვადასხვა პირის მეშვეობით იმყოფებოდნენ მოპალარაკების რეჟიმში იმგვარად, რომ მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გა–ვლენა საბოლოოდ მაინც არ დგინდება. ასეთ ვითარებაში მიღებული და დაბრუნებული თანხის სხვაობის გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოპასუხეს დარჩენილი ჰქონდა დავალიანება 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მოთხოვნის საფუძველიც არა სახელშეკრულებო, არამედ _ კონდიქციური სამართლიდან გამომდინარეობს (წილის შესყიდვის მცდელობა და მისი წარუმატებლობა), კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976.1 მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. რაც შეეხება დაბრუნების ფარგლებს, სამოქალაქო კოდექსის 981.2 მუხლის კონტექსტში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე აპელირებას, პალატა ამ საკითხსაც უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 30.04.2018წ. #1/175 დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით კომერციულ დავად განიხილება საქმეები, სადაც სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს, ასეც რომ არ იყოს, სააპელაციო სასამართლოში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციის წესის დარღვევით ამა თუ იმ შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად, თუკი არ დადგინდება ამავე კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის არსებობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთზე, ასევე, კონდიქციური სარჩელების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საოქმო განჩინების კანონიერება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინების კანონიერება, რომლითაც აპელანტის შუამდგომლობები მოწმის დაკითხვაზე უარის თქმისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ იქნა მიღებული განსახილველად. სააპელაციო პალატამ ხსენებულს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ამ შუამდგომლობებზე უკვე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მიღებული განჩინებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო განხილვის საგანს წარმოადგენდა, შესაბამისად, არ არსებობდა შუამდგომლობათა ცალკე განხილვის წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მართლაც არ არსებობდა შუამდგომლობის რანგში იმ საკითხების დამოუკიდებლად განხილვის აუცილებლობა, როდესაც ხსენებული სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა, ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ამ საპროცესო მოქმედებამ რა ნეგატიური გავლენა იქონია გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს სპს „საადვოკატო ბიურო კ–ა, ჟ–ის“ მიერ 01.10.2019წ. #1569914100 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ა.ლ.ლ–ს (ისრაელის მოქალაქის პასპორტის #21996178) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სპს „საადვოკატო ბიურო კ–ა, ჟ–ის“ მიერ 01.10.2019წ. #1569914100 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი