საქმე №ას-1098-2018 23 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.ა–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ბ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 9 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დმანისის რაიონის კარაბულახის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ..... მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია 113 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთი (სკ #....., შემდგომში უძრავი ქონება ან მიწის ნაკვეთი). 2016 წლის 12 სექტემბერს, როდესაც უკვე დაწყებული ჰქონდა თიბვა, მას დაურეკა დამხმარე შ.დ–მა, რომელიც ზედამხედველობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და აცნობა, რომ სათიბში შემოსული იყო მოპასუხე, რომელიც მწყემსავდა საქონელს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო დაახლოებით 50 სული საქონელი. შ.დ–მა მოსთხოვა ნახირის გაყვანა, ხოლო მოსარჩელემ დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება. პოლიციის გაგონებაზე, რაც შ.დ–მა გადასცა მოპასუხეს, ამ უკანასკნელმა საქონელი გარეკა საკუთარი ფერმისაკენ. დ.ბ–ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საქონლის ჯოგის მიერ გადაძოვისა და გადათელვის გამო, მთლიანად უვარგისი და გამოუსადეგარი გახდა 50 ჰა ფართობი, რის გამოც, მოსარჩელემ ვერ მიიღო მოსავალი და მიადგა 9 000 ლარის ოდენობით ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, შესაგებელში აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ფაქტებს. მისი განმარტებით, მოსარჩელეს პირადი ინტერესი გააჩნდა მოპასუხის მიმართ, ემუქრებოდა, რომ მსგავს მოთხოვნას აღძრავდა, დეტალებს კი, საქმის მომზადების ეტაპზე განაცხადებდა, ამასთან, მან საგამოძიებო ორგანოს მიმართა მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნასთან დაკავშირებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წინაპირობების არსებობა. ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც, არ არსებობდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივარი კი, ძირითადად ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დავის ფაქტობრივი გარემოებების საპროცესო სამართლის წესების დარღვევით დადგენას ემყარება. კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დანიშნა მოსამზადებელი სხდომა და მიიღო მოპასუხის შედავება, ასევე, მტკიცებულებები, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი და აღნიშნულის გამო, არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი საქმეზე.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემული საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი გარემოება.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანი იქნება: შეჯიბრებითობის პრინციპი საქმის განხილვისას; სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური საფუძვლიანობა; საქმის მომზადების მიზანი; მტკიცების საგნის განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის განაწილების წესები. საკასაციო პალატა დასმულ საკითხებს შეაფასებს თანმიმდევრობით:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს _ იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბირტი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
1.3.2. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთ კერძო გამოვლინებას წარმოადგენს სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული ე.წ საქმის წერილობით მომზადების სტადიადაც მოიხსენიება. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების დაცვას, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს კონკრეტული ფაქტები (იხ. სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხე ვალდებულია, შესაგებელში მიუთითოს საკუთარი პოზიცია სარჩელში გადმოცემულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით (იხ. სსსკ-ის 201.4 მუხლი). სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რა სურს მოსარჩელეს და განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მოწმდება სარჩელში გადმოცემულია თუ არა დამფუძნებელი ნორმის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა. სარჩელის ფორმალური გამართულობის შემოწმების შემდგომაა ღირებული შესაგებლის არსებითობის შეფასება და იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტების მიმართ აქვს მოპასუხეს წარდგენილი არსებითი ხასიათის შედავება, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სადავო და უდავო ფაქტები და განისაზღვრება მტკიცების საგანი, ხოლო, იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტი შედის მასში, მატერიალური და საპროცესო წესების გათვალისწინებით, ნაწილდება სადავო ფაქტებთან მიმართებაში მტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ #ას-1079-1036-2016). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ სარჩელი ფორმალურად გაუმართავია, იგი თავშივე უსაფუძვლოა და სამართალწარმოების შემდგომი ეტაპების გავლა ყოველგვარ გონივრულობას სცდება. ანალოგიურად შეიძლება ითქვას შესაგებელზე: დასაბუთებული შედავების არარსებობას უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური შედეგი _ სარჩელში მითთებული ფაქტები დამტკიცებულად მიიჩნევა (შდრ. სუსგ [დიდი პალატა] #ას-664-635-2016).
1.3.3. რაც შეეხება მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის საკითხს, იგი კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მოსამართლის უფლებაა, თუმცა, ამ უფლების გამოყენებით არ უნდა გაუარესდეს შეჯიბრებითობის პრინციპი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის წესსა და წინაპირობებს. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. სასამართლოს ხსენებული უფლება არ არის შეუზღუდავი და იგი მხოლოდ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზანს უნდა ემსახურებოდეს (სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა). სამოქალაქო სამართალწარმოება, განსხვავებით მაგ: ადმინისტრაციულისაგან, შეზღუდულია მხარის მოთხოვნითა და სარჩელში გადმოცემული ფაქტებით, ბუნებრივია, სარჩელის ან შესაგებლის ბუნდოვანების შემთხვევაში, მოსამართლემ სწორედ მოსამზადებელ ეტაპზე უნდა მისცეს მხარეებს შესაძლებლობა, სრულყოფილად და ნათლად ჩამოაყალიბონ პრეტენზიები, ასევე, შესთავაზოს მხარეებს, წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები (სსსკ-ის 103.1 მუხლი), თუმცა, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარე აქტიურად განკარგავს საპროცესო უფლებებს და საჭიროა მხოლოდ მათში სიცხადის შეტანა, ამასთანავე, საქმის მომზადების ეტაპზე არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-5 მუხლებით რეგლამენტირებული დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც არც მოსარჩელე შუამდგომლობს საპატიო მიზეზზე მითითებით დამატებითი ფაქტების/მტკიცებულებები წარდგენის თაობაზე და არც მოპასუხეს აქვს მსგავსი შუამდგომლობა (სსსკ-ის 178.3 და 201.5 მუხლები), ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღების მიზნით მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა არღვევს საპროცესო სამართლის წესებს და ამ გზით მიღებული დასკვნები დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
1.3.4. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ფაბულიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე თანხის დაკისრების მოთხოვნას მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას უკავშირებს, რის შედეგადაც დადგა შედეგი _ მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და არსებობს უშუალო კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. აღწერილობითი ნაწილის პ.პ. 1.2.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი მოთხოვნა დელიქტური სამართლიდან გამომდინარეობს. დელიქტური ვალდებულების გენერალური დათქმა გადმოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში, რომლის თანახმადაც სამართლებრივი შედეგი _ კრედიტორის უფლებრივი რესტიტუცია გამართლებულია, თუ დადგინდება, რომ მოვალის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულია, რასაც შედეგად მოჰყვა კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განსახილველ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის განზრახ ქმედებაზე, კერძოდ, ამ უკანასკნელმა დაახლოებით 50 მსხვილფეხა პირუტყვი შეგნებულად შეუშვა მოსარჩელის კუთვნილ დაცულ მიწის ნაკვეთზე (რომელსაც მეთვალყურეობდა სხვა პირი). პირუტყვმა გაანადგურა მოსავალი, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლების ფარგლებში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იარსებებდა მითითება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაზე (მოპასუხის მფლობელობაში არსებული პირუტყვის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეშვებისა და ზიანის განზრახ მიყენების ფაქტზე), შესაგებლის არარსებობის/მარტივი შედავების ფარგლებში მაინც იარსებებდა სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. მოხმობილი ნორმა წარმოადგენს დელიქტური სამართლით გათვალისწინებულ სპეციალურ შემთხვევას და ადგენს ცხოველის იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობას იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ფორმალურად საფუძვლიანია, მასში გადმოცემულია დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, ამ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი კი, შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების უარყოფით, რაც სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში მარტივ შესაგებლად მოიხსენიება და პროცესუალურად მის წარუდგენლობას უთანაბრდება. ასეთ ვითარებაში სარჩელში გადმოცემული ფაქტები, შედავების არარსებობის გამო, დადგენილად მიიჩნევა და მოთხოვნაც სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აკმაყოფილებს საკასაციოს საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, ამასთანვე, ვინიადან არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით.
2. პროცესის ხარჯები:
მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 299 ლარის ოდენობით, რის გამოც, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების წინაპირობები, რაც შეეხება უკვე გაღებულ ხარჯებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის გადახდა მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
3.1. დ.ბ–ს (პ/#.....) მ.ა–ის (პ/#.....) სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის _ 9 000 ლარის ანაზღაურება;
3.2. დ.ბ–ს (პ/#1.....) მ.ა–ის (პ/#3.....) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს სასამართლოს ხარჯის _ 1 299 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი