Facebook Twitter

საქმე №ას-831-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 1. სს „ს.ს.ე–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

2. შპს „ე.მ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბეს ორმაგად დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ე.მ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი, მეორე კასატორი ან მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ე–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, პირველი კასატორი ან გამყიდველი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ბეს ორმაგად დაბრუნების დავალდებულება, კერძოდ, 340 000 ლარის დაკისრება, ასევე, ზიანის _ 445 490 ლარის ანაზღაურება.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 19 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 4 041 198 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ, ქვესადგურზე არსებული მოწყობილობების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა აუქციონზე მითითებულ მდგომარეობას, ზოგიერთი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი მოწყობილობა იყო სრულად გაძარცვული, ამოღებული იყო მასში არსებული შავი და ფერადი ლითონი, რაც სრულად უკარგავდა მას ღირებულებას. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ხარვეზის გამოსწორებისთვის, 2015 წლის 12 და 16 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმებები, რომლითაც შევიდა ცვლილებები 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში და ამოღებული იქნა ჩამონათვალიდან ძირითადი საშუალებები, მოპასუხემ მოსარჩელეს უკან ჩაურიცხა აღნიშნული ქონების ღირებულება. მოსარჩელემ 2015 წლის 27 ივლისის წერილით კვლავ მიმართა მოპასუხეს, გადაეცა საქონელი აუქციონისა და ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ან მოეხდინა საქონლის გადაუცემლობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის ქვესადგურ „გ-დან“ გატანილი დემონტირებული მოწყობილობების ღირებულების _ 14 600 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 293 471,50 ლარისა და ქვესადგურ „ქ–დან“ ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელ.მოწყობილობების ღირებულების _ 117 380 ლარის გადახდა.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შეგებებული მოსარჩელის ბალანსზე რიცხული, დემონტირებული ელექტრომოწყობილობების შესყიდვის მიზნით მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საქონლის მოწოდება მოხდებოდა თითოეულ ქვესადგურზე ცალ-ცალკე საქონლის ღირებულების წინასწარ გადახდის ან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. 2014 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მყიდველმა ქვესადგურ „გ-დან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დემონტირებული ძირითადი საშუალებების გატანისას ზედმეტად გაიტანა ამავე ტერიტორიაზე დასაწყობებული ქვესადგურ „გ-ის“ კუთვნილი 500 კვ. დემონტირებული ელ.მოწყობილობები, რომლის საფასურიც შეადგენს 14 600 ლარს და მისი საზღაური მყიდველს არ აუნაზღაურებია, გარდა ამისა, 2014 წლის 4 ივლისს ქვესადგურ „ქ-დან“ გაიტანა ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული 1 კომპლექტი დემონტირებული საჰაერო ამომრთველი, რაზეც შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე ობიექტზე დასაწყობებული იყო სხვა ქვესადგურების კუთვნილი სხვადასხვა ძაბვის დემონტირებული საჰაერო ამომრთველები, რომლებიც ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა. 2014 წლის 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით მოპასუხემ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაიტანა 117 380 ლარის ღირებულების დემონტირებული 11 საჰაერო ამომრთველი, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნაზე, აანაზღაურიოს ზედმეტად გატანილი საქონლის ღირებულება, მოპასუხე აცხადებს უარს. გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით მისი საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 3 793 496,97 ლარით, საიდანაც მყიდველმა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადაიხადა მხოლოდ 1 717 562,26 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 2 075 934,71 ლარი, რის გამოც, ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 50-ს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით მან უნდა აანაზღაუროს 293 471,50 ლარი

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულება მისი ბრალით არ დარღვეულა, ბე ორმაგად დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ბეს მიმღების ბრალეული მოქმედება, სხვა შემთხვევაში ბე დაბრუნებას არ ექვემდებარება. აღნიშნული წესები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე საერთოდ არ ასრულებს ვალდებულებას და არ ვრცელდება არაჯეროვან შესრულებაზე, რასაც განსახილველ შეთმთხვევაში ადგილი არ აქვს. მყიდველის წერილის საფუძველზე, როგორც კი მოპასუხისათვის ცნობილი გახდა ქვესადგურ „გ-ში“ დემონტირებული ელ.მოწყობილობების დანაკლისის ფაქტი, მოპასუხემ მყისიერად მიმართა შსს-ს გურჯაანის პოლიციის სამმართველოს და დაიწყო გამოძიება. 2015 წლის 12 და 24 ივნისს გაფორმდა ორი დამატებითი შეთანხმება მხარეებს შორის, რომელთა საფუძველზეც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ამოღებული იქნა დემონტირებული ძირითადი საშუალებების გარკვეული ნაწილი, რომელიც სარჩელშია აღნიშნული, ასევე, მოსარჩელემ შეთანხმების მე-6 მუხლში აღნიშნა, რომ არ გააჩნდა რაიმე პრეტენზია ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიმართ, მყიდველს სრულად დაუბრუნდა ხელშეკრულების დანართიდან ამოღებული დემონტირებული მოწყობილობის წინასწარ გადახდილი ღირებულება;

2.2. შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა თავდაპირველმა მოსარჩელემ. მისი განმარტებით, ქვესადგურიდან გატანილი საქონლის ღირებულება შესაბამება მის მიერ გადახდილ საზღაურს, შესაბამისად, არ არსებობს დამატებით თანხის დაკისრების წინაპირობები, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შესრულების ვადაგადაცილება არ იყო გამოწვეული მყიდველის ბრალეული მოქმედებით, ამასთან, პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 19 ივნისის #60-7-114-393 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 293 471,50 ლარის, ქვესადგური „გ-დან“ გატანილი დემონტირებული მოწყობილობის ღირებულების _ 14 600 ლარისა და ქვესადგურ „ქ-დან“ ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების _ 117 380 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოს და ზედმეტად გატანილი დემონტირებული ელექტრომოწყობილობების ღირებულების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 29 347,1 ლარისა და ქვესადგურ „ქ-დან“ ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების _ 21 341,82 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა (შ/მოსარჩელე) მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მეორე კასატორმა (თავდაპირველი მოსარჩელე) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მეორე საკასაციო საჩივარი უარყოფილ იქნას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთის შესაბამისობა ვალდებულების დარღვევასთან და კონდიქციური მოთხოვნის წინაპირობების, ასევე, ბეს მიმღებისათვის მისი ორმაგად დაბრუნების დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

i პირველი კასატორის პრეტენზიები ძირითადად სააპელაციო პალატის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერებას შეეხება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია შეთანხმებული განაკვეთის შეუსაბამობა და არ შეუფასებია ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, პირველი კასატორი პრეტენზიას აცხადებს საპროცესო სამართლის წესების დარღვევაზე. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 4 ნოემბრის დადგენილება კასატორის დაზარალებულად ცნობის შესახებ; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2011-2013 წლებისათვის; კასატორის 2014 წლის 12 ნოემბრის წერილი; მისივე 2014 წლის 25 ნოემბრის განმეორებითი წერილი ფოტომასალასთან ერთად, სადაც ასახულია ქვესადგურ „ქ-ის“ ტერიტორია მოწინააღმდეგე მხარის მიერ საჰაერო ამომრთველის გატანამდე და გატანის შემდგომ; 2015 წლის 30 იანვრის განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, კასატორი კომპანიისგან ამოღებულ იქნა აუდიტორული კომპანია „ე.ე.ი–ის“ მიერ შედგენილი 2009 წლის დასკვნა და კომპანიის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ 2011 წლის 9 ნოემბრის #297 ბრძანებით განსაზღვრული ინვენტარიზაციის მასალები, რომლითაც დგინდება კასატორის მიერ 12 კომპლექტი საჰაერო ამომრთველის დემონტაჟისა და მათი ქვესადგურის ტერიტორიაზე დასაწყობების ფაქტი; კომპანიის ექსპლუატაციის მენეჯერის 2014 წლის 15 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი #25585; ქვესადგურ „ქ-ის“ უფროსის 2014 წლის 20 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი; ამავე ქვესადგურის ოსტატ-ელექტრიკოსის 2014 წლის 20 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი; კომპანიის იმერეთის რეგიონული ქსელის მენეჯერის 2014 წლის 7 ნოემბრის #24318 სამსახურებრივი ბარათი მასზე დართული 12 მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომლებიც ადასტურებს 12 ნაკრები საჰაერო ამომრთველის (მათ შორის, ხუთი 220-კვტ-იანი და შვიდი 110-კვ-ტიანი) დემონტაჟს, ქვესადგურის ტერიტორიაზე განთავსებასა და პასუხისმგებელი პირებისათვის ჩაბარებას. ამ მტკიცებულებათა შეუფასებლობას არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 4-15 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა მყიდველის მხრიდან მხოლოდ ორი კომპლექტი საჰაერო ამომრთველის ზედმეტად წაღების ფაქტი, თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „ქ-დან“ მყიდველის მიერ გატანილ მოწყობილობებთან დაკავშრებით 2014 წლის 5-14 ივლისს შედგა სულ 5 მიღება-ჩაბარების აქტი (#2, #3, #6 და #8) და მხოლოდ ორში _ #6 და #8 აქტშია აღნიშნული, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გაიტანა დემონტირებული ერთი კომპლექტი #041122 მოწყობილობა. სასამართლოს დასკვნის საწინააღმდეგოდ, სადავო აქტებიდან დგინდება, რომ მყიდველმა საინვენტარო #041122-ის ქვეშ რეგისტრირებული 12 კომპლექტი მოწყობილობიდან ერთი კომპლექტი გაიტანა, რომელიც სადავო 12 კომპლექტის ნაწილია. #2 შუალედურ აქტში მითითებულია, რომ შემძენმა გაიტანა 1 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი. საინტერესოა #3 შუალედური აქტი: მასში არ არის ჩანაწერი კომპლექტისა და საინვენტარიზაციო ნომრის ნაწილზე, მასში საუბარია საჰაერო ამომრთველების გატანასა და არა BBH-110 ამომრთველზე საინვენტარო ნომრით 041122. სააპელაციო პალატას პასუხი არ გაუცია შეკითხვაზე _ თუ მოწყობილობის რამდენი ნაკრები იქნა გატანილი ხსენებული აქტის თანახმად.

i i მეორე კასატორის პრეტენზიები:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, რომელიც ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, თუმცა, განმარტა, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ბეს ორმაგად დაბრუნება დაიშვება, როდესაც მისი მიმღები საერთოდ არ ასრულებს ვალდებულებას (სუსგ #ას-1201-1130-2012, 25.12.2012წ.). სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განსახილველი საქმე განსხვავებულია, რადგანაც ხელშეკრულება არა ერთჯერად, არამედ რამდენიმე ვალდებულების შესრულებას ითვალისწინებდა. გამყიდველმა საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, რადგანაც ობიექტი გაძარცვული იყო. ვინაიდან მხარეთა შორის დადებული იყო ერთი ხელშეკრულება, მის არაჯეროვან შესრულებაზე საუბარი არასწორია. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის წინაპირობები. რაც შეეხება ზიანს, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 488-ე და 492-ე მუხლებით და მიუთითა ფასის შემცირებასა და გადახდილი თანხის დაბრუნების ფაქტზე, თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემძენი მოითხოვდა არა დამოუკიდებლად ზიანის ანაზღაურებას, არამედ, მოთხოვნას ამყარებდა სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოსა და ზედმეტად გატანილი ნივთის ღირებულების დაკისრების ნაწილში, რადგანაც სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება მყიდველის ბრალით არ მოშლილა. გურჯაანის ობიექტიდან გატანილ იქნა სწორედ აუქციონზე გამოცხადებულ ტერიტორიაზე მდებარე მოწყობილობები, შესაბამისად, გაუგებარია კასატორს რატომ დაეკისრა ქვესადგურ „ქ-დან“ ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულება.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. 2014 წლის 2 მაისს გამართულ აუქციონზე ერთ ლოტად გატანილ იქნა გამყიდველის ბალანსზე არსებული დემონტირებული მოწყობილობები და გამარჯვებულად გამოცხადდა თავდაპირველი მოსარჩელე. 2014 წლის 19 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა #60-7-114-393 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება განისაზღვრა 4 041 198 ლარით დღგ-ის ჩათვლით. ნასყიდობის საფასური უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში. მყიდველის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი 170 000 ლარი ჩაითვლებოდა ქონების ღირებულების ანაზღაურების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 15 თვის განმავლობაში მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა 3 871 198 ლარი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის კუთვნილ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაშვებამდე მყიდველს წინასწარ უნდა გადაეხადა ტერიტორიაზე არსებული დემონტირებული და გამოუსადეგარი მასალის ღირებულება ან წარედგინა შესაბამისი საბანკო გარანტია. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მყიდველის ბრალით ქონების ღირებულების ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არასრულად გადახდის ან გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება და ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქონების ღირებულების სრულად ანაზღაურების ან ამ ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე. 8.2 პუნქტის თანახმად კი, მყიდველის ბრალით ქონების მიღების ვადის დაგვიანების შემთხვევაში, მას დაერიცხება და ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გამყიდველის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული, გაუტანელი ქონების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.2. 2015 წლის 4 ივნისს თავდაპირველმა მოსარჩელემ აცნობა გამყიდველს, რომ ქვესადგურ „გ-ში“ ხელშეკრულებების თანახმად გადასაცემი ძირითადი საშუალებების ნაწილი არ შეესაბამებოდა აუქციონზე გატანილ და გადასაცემ ქონებას. სულ შეუსაბამო დასახელებების სახელშეკრულებო ფასი შეადგენდა 217 651.09 ლარს და ითხოვდა ქონების გადაცემას, რადგან კომპანიას ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი ან, გადახდილი თანხის _ 217 651.09 ლარის დაბრუნებას;

1.2.3. 2015 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება #60-7-115-621 და ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში _ #1 დანართიდან ამოღებულ იქნა ცხრილში არსებული ქვესადგურ „გ-ის“ დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან ექვსი სხვადასხვა ქონება და მისი ღირებულება _ 217 571.09 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა მყიდველს, შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში, რაც ნაცვლად 4 041 198 ლარისა, განისაზღვრა 3 823 626.91 ლარით. მყიდველმა მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ;

1.2.4. 2015 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება #60-7-115-711, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ხელშეკრულების #1 დანართიდან ამოღებულ იქნა ქვესადგურ „ზ-ის“ დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან სამი სხვადასხვა ქონება. ცხრილიდან ამოღებული ქონების ღირებულება _ 30 129.94 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა მოსარჩელეს. შესაბამისი ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში და იგი განისაზღვრა 3 793 496.97 ლარით. შემძენის განმარტებით, მას პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ;

1.2.5. 2015 წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თავდაპირველმა მოსარჩელემ ქვესადგურ „ზ-დან“ ჩაიბარა 197 პოზიციის ჩამონათვალიდან სრულად 195 პოზიცია, ხოლო, ორი პოზიცია ჩაიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ. 2015 წლის 8 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ქვესადგურ „ფ-დან“ ჩაიბარა 27 პოზიციის ჩამონათვალიდან 26 პოზიცია, ხოლო, 1 პოზიცია ჩაიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ;

1.2.6. 2015 წლის 27 ივლისს მყიდველმა მიმართა გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად და უნაკლო სახით გადაცემის ან ქვესადგურებიდან: „გ.“, „ზ.“ და „ფ.“ საქონლის გადაუცემლობით გამოწვეული ზიანის _ 445 490 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ხსენებულს არ დაეთანხმა გამყიდველი ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, გადაუცემელი საქონლის ღირებულების დაბრუნებისა და იმის გამო, რომ ცვლილებების შეტანაზე მყიდველს პრეტენზია არ გააჩნდა;

1.2.7. 2014 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მყიდველმა ქვესადგურ „გ-დან“ გაიტანა:

- ეგხ ქართლი #1-ის ძაბვის 500 კვ. ტრანსფორმატორი _ კომპლექტში 3 ცალი, თითო 4 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) _ 040148;

- 500 კვ. ძაბვის დემოტირებული ტრასფორმატორები _ კომპლექტში 3 ცალი, 12 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) 040002;

- ბლოკი #10-ის სატრანსფორმატორო 500 კვ.მ გამთიშველი, საინვენტარო ნომერი (ახალი) 040337;

- ბლოკი #10-ის 500 კვ. გამთიშველი მეორე სისტემის მხარეს, საინვენტარო ნომერი (ახალი) 040338;

1.2.8. 2015 წლის 15 იანვრის წერილით გამყიდველმა მყიდველს მოსთხოვა ქვესადგურ „გ-დან“ გატანილი დემონტირებული მოწყობილობების დაბრუნება, ვინაიდან მოწყობილობები გატანილი არ იყო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მას, ხელშეკრულების შესაბამისად, მოპოვებული არ ჰქონდა მოწყობილობების გატანის უფლება და არ ექვემდებარებოდა გატანას. 2014 წლის 12 და 25 ნოემბერს მიმართა თავდაპირველ მოსარჩელეს ზედმეტად გატანილი მოწყობილობის დაბრუნების მოთხოვნით, რომლის პასუხად მყიდველმა აცნობა, რომ ზედმეტი მოწყობილობა არ გაუტანია. შეგებებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 5 ივლისის, 7 ივლისის, 11 ივლისის და 14 ივლისის შუალედური აქტებით (#3, #6, #6, #8), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით და გამყიდველის დაზარალებულად ცნობის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 4 ნოემბრის დადგენლებით ირკვევა, რომ ქვესადგურ „ქ-დან“ #041122 კოდზე რეგისტრირებული და დასაწყობებული „BBN-110“ საჰაერო ამომრთველის ერთი ნაკრების გარდა, თავდაპირველ მოსარჩელეს გადაეცა 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი, რითაც გამყიდველს მიადგა დიდი ოდენობით _ 117 380 ლარის ქონებრივი ზიანი. მყიდველს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტიცებულება არ წარმოუდგენია და მოპასუხე წერილობით შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზედმეტად გატანილი საჰაერო ამომრთველების ღირებულებასთან დაკავშირებით არ შედავებია;

1.2.9. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან _ 3 793 496,97 ლარიდან გამყიდველს აუნაზღაურდა 1 717 562,26 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 2 075 934,71 ლარი. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 1 ნოემბერს;

1.2.10. შპს „ჯ.ე.ფ–ის“ 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, მყიდველის მიერ ქვესადგურ „გ–დან“ ზედმეტად გატანილი 500 კვ. დემონტირებული ძირითადი საშუალებების (დანართი #1) საბაზრო ღირებულება შეადგენს 14 600 ლარს.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ხსენებული დარღვევის შედეგად ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რის გამოც, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.

1.3.2. ვიდრე უშუალოდ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის საკითხს შეაფასებდეს, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ცალ-ცალკე გაამახვილოს ყურადღება კასატორთა მოთხოვნებსა და მათ სამართლებრივ საფუძვლებზე: პირველი კასატორის მოთხოვნა მყიდველის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული ქონების ღირებულებისა და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებაა. მოსარჩელის მტკიცებით, ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ნასყიდობის საზღაურის გადახდის არაჯეროვნად შესრულებაში. ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-400 და 417-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთაგან პირველი და მე-2 არეგულირებს კონდიქციურ, ხოლო, შემდგომი ნორმები _ ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების წესს. კონდიქციურ მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელი წარმატებულია, თუკი დასტურდება ვითომ-კრედიტორისათვის გარკვეული სიკეთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემის ფაქტი, რის შედეგადაც სახეზეა კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი და მოვალის შესაბამისი ოდენობით გამდიდრება, ამასთანავე, უნდა დასტურდებოდეს, რომ შესრულების დაბრუნება შეუძლებელია, რის გამოც, ფულადი კომპენსაციით სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა გამართლებულია მხარეთა ორმხრივი ინტერესებიდან და თავად გამდიდრების საგნიდან გამომდინარე.

1.3.3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული მოსარჩელის კონდიქციური მოთხოვნა გამართლებულია. ამ მხრივ სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთებულია, რამდენადაც მასში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელემენტები (კრედიტორის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით ქონების გადაცემა). სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე აპელირებდა მხოლოდ იმაზე, რომ გამყიდველის კუთვნილი ტერიტორიიდან წაღებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, რაც შეეხება მოთხოვნის ღირებულებას, მოპასუხეს ამ მხრივ არსებითი შედავება არ წარუდგენია, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მყიდველის მხრიდან ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შეგებებულმა მოსარჩელემ მყიდველის მხრიდან მხოლოდ 2 კომპლექტი მოწყობილობის ზედმეტად მიღების ფაქტი დაამტკიცა. საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებისგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დაცვა სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, რათა სწორედ საქმის მასალების ერთობლივი და ინდივიდუალური კვლევის შედეგად მივიდეს სასამართლო დასკვნამდე მოთხოვნის განმაპირობებელი იურიდიული ფაქტების არსებობის შესახებ. სასამართლომ შეგებებული სარჩელის კონდიქციური მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ მყიდველის მიერ ქვესადგური „ქ-დან“ ზედმეტად გატანილია მხოლოდ 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობა. ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო 11 კომპლექტი დემონტირებული საჰაერო ამომრთველი, რომელიც მოგვიანებით არ აღმოჩნდა ტერიტორიაზე, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი გატანა განხორციელდა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ. სასამართლოს დასკვნით, მითითებული აქტებით საერთო ჯამში დასტურდება მაქსიმუმ 3 კომპლექტის გატანის ფაქტი, ამასთან, სადავო არ არის, რომ სამი კომპლექტიდან ერთის ღირებულება ანაზღაურებულია, ხოლო, დანარჩენი ორის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული დასკვნა არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, გაურკვეველია, სასამართლომ რა საფუძვლით უარყო საქმეში წარმოდგენილი გამყიდველის 2014 წლის 12 და 25 ნოემბრის, 2015 წლის 15 იანვრის წერილები, 2014 წლის 5 ივლისის, 7 ივლისის, 11 ივლისის და 14 ივლისის შუალედური აქტები (#3, #6, #6, #8), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში და გამყიდველის დაზარალებულად ცნობის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 4 ნოემბრის დადგენლება (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.8.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმიდან გამომდინარე, გამყიდველს ეკისრებოდა ქონების წაღების მტკიცების ტვირთი, ხოლო, მყიდველს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემტკიცებინა ქონების სამართლებრივი საფუძვლის ფარგლებში მიღების ფაქტი. ამ მხრივ უდავოა, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ წარადგინა განკუთვნადი მტკიცებულებები, ხოლო, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტიცებულება არ წარმოუდგენია.

1.3.4. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ პირველი კასატორის პოზიცია 96 038,18 ლარის ღირებულების მოწყობილობების მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების თაობაზე დასაბუთებულია, ამასთანავე, უდავოა, რომ დემონტირებული საჰაერო ამომრთველების გამყიდველისათვის დაბრუნება შეუძლებელია, რის გამოც, მათი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია.

1.3.5. საკასაციო პალატა უარყოფს პირველი კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობის არასწორად შემცირების თაობაზე. ამ მხრივ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევისათვის, თუკი მყიდველი არასრულად გადაიხდიდა ნასყიდობის საზღაურს. ასეთ შემთხვევაში, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.). უდავოა, რომ მყიდველმა ხსენებული ვალდებულება დაარღვია (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.9.), ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 477.2, მე-400 და 417-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა განხორციელებადია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, მას არ მიუთითებია იმგვარ მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზი სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ იგი არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის ნეგატიური შედეგების მაკომპენსირებელ საკმარის თანხას, რაც ამ ნაწილში პირველი კასატორის მოთხოვნის წარმატებას საფუძველს აცლის.

1.3.6. რაც შეეხება მეორე კასატორის მოთხოვნებს, მისი განმარტებიდან ირკვევა, რომ გამყიდველმა დაარღვია უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება (სკ-ის 487-ე მუხლი), რამდენადაც ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობის (სკ-ის 488.2 მუხლი), შესაბამისად, მყიდველი მოითხოვს იმ თანხის სხვაობის ანაზღაურებას, რა ოდენობის საქონელიც არ გადასცემია საკუთრებაში. მართალია, თავდაპირველი მოსარჩელე მოთხოვნილ თანხას მიიჩნევს ზიანად, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის, 394-ე მუხლისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, ვერ ხსნის თუ რა წარმოადგენს დამდგარ ზიანს, ქონებრივ დანაკლისს თუ სხვა, ამასთანავე, ხსენებულის საპირისპიროდ, დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მყიდველმა მიიღო შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობის ნივთი და საზღაურიც მის შესაბამისად გადაიხადა (გამყიდველმა დაუბრუნა წინსწრებით გადახდილი თანხა), მხარეებმა ორმხრივად შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულებაში და დანაკლისის პროპორციულად შეამცირეს, როგორც ფასი, ისე _ გადასაცემი საქონლის დასახელება, ამდენად, მეორე კასატორის მოთხოვნა ნივთის ნაკლის გამო, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა.

1.3.7. საკასაციო პალატა უარყოფს მეორე კასატორის პრეტენზიას ბეს ორმაგად დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს იმას, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველს მისთვის უნდა გადაეცა რამდენიმე ნივთი. ვინაიდან მას ნივთის ნაწილი არ გადასცემია, ხელშეკრულება გამყიდველის ბრალით დარღვეულად მიიჩნევა და ბე ექვემდებარება ორმაგად დაბრუნებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბეს ორმაგად დაბრუნების საკითხს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს. ამ ნორმის მიზნის სწორად გაგებისათვის მნიშვნელოვანია თავად ბეს ინსტიტუტის სწორად შეფასება. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ბეს ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ მისი მიცემით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ანუ ხელშეკრულებით მხარეები ყველა არსებით პირობაზე უნდა იყვნენ შეთანხმებული, რაც შეეხება ბეს ორმაგად დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ბეს მიმღების ბრალეული მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს.

1.3.8. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის რეალურად რამდენიმე ნასყიდობის ხელშეკრულება იყო დადებული, რამდენადაც, როგორც სადავო ხელშეკრულება (გადასაცემი ქონება, ნასყიდობის საერთო ფასი, ქონების ერთ ლოტად გატანა აუქციონზე და სხვა), ისე _ ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმების სისტემური ანალიზი არ გამორიცხავს რამდენიმე ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის ნასყიდობას ერთიანი ხელშეკრულებით, უფრო მეტიც, თუკი მყიდველის ინტერესი ნასყიდობის თითოეული საგნის მიმართ დამოუკიდებელი ხელშეკრულების გაფორმება იყო, მაშინ მას ცალ-ცალკე უნდა გადაეხადა ბე ამ ხელშეკრულებათა დადებულად მიჩნევისათვის. ამგვარი ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ უდავო გარემოებასაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე რომელიმე მხარეს უარი არ უთქვამს მასზე, არამედ, მათი ორმხრივი ნებიდან გამომდინარე, შემცირდა, როგორც ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ისე _ გადასაცემი ქონება, რაც ბეს მიმღების პასუხისმგებლობს გამორიცხავს.

1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალაში დატოვების/ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს პირველ საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული საჰაერო ამომრთველების ღირებულების _ 96 038,18 ლარის მყიდველისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან სახეზე არ არის საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას მყიდველისათვის დამატებით 96 038,18 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას, ასევე, თავდაპირველი სარჩელის უარყოფას, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რის გამოც, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, პალატა ძალაში ტოვებს მას.

2. პროცესის ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

2.2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს მისი მოთხოვნის პროპორციულად სამივე ინსტანციაში სრულად აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც შეეხება შეგებებულ მისარჩელეს, მისი მოთხოვნის ღირებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, პირველსა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 13 000 ლარი, საიდანაც შეგებებულ სარჩელზე გადახდილი აქვს 438 ლარი, ხოლო 4 562 ლარის გადახდა, ისევე, როგორც საკასაციო საჩივარზე 8 000 ლარის გადახდა გადაუვადდა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ვინაიდან თავდაპირველი სარჩელი უარყოფილია, ხოლო, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 37,9%-ით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის ანალოგიით, პირველ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13 000 ლარის 62,1% პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი თანხის გათვალისწინებით, რაც 7 635 ლარს შეადგენს, რაც შეეხება მეორე კასატორს, ამავე ნორმის შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი თანხის 37,9% _ 4 927 ლარი, ხოლო, მის მიერ გადახდილი ბაჟი, მოთხოვნათა უარყოფის გამო, უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ე.მ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. შეგებებული სარჩელის უარყოფისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3.1. შპს „ე.მ–ს“ (ს/კ #4.....) სს „ს.ს.ე–ის“ (ს/კ #......) სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს 96 038,18 ლარის გადახდა;

3.2. შპს „ე.მ–ს“ (ს/კ #4......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 4 927 ლარის გადახდა;

3.3. სს „ს.ს.ე–ას“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 7 635 ლარის გადახდა.

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი