საქმე №ას-774-2019 22 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.კ.ჯ.პ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ჯ.პ.ჰ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მზღვეველი) მიმართ და მოითხოვა განადგურებული ავტომობილების ღირებულების ანაზღაურება („შკოდა ოქტავია სკაუტი“, სახ.# AV-....., საბაზრო ღირებულება 23 150,81 ლარი; „შკოდა ოქტავია“ სახ. # ..... საბაზრო ღირებულება - 22 111,20 ლარი; „შკოდა ოქტავია“ სახ. # .... საბაზრო ღირებულება - 14 478,48 ლარი) ან იგივე მოდელის ავტომანქანებით ჩანაცვლება, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ღირებულების ფარგლებში (მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა ავტომანქანების ჩანაცვლების შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანების როგორც ჯართის მოპასუხისათვის გადაცემაზე).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს შორის 21.12.2015 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ იკისრა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომანქანების დაზღვევის ვალდებულება. სადაზღვევო პერიოდში განადგურდა სამი ავტომანქანა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შემცირებას. მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს განადგურებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ნარჩენი ღირებულებით, თუმცა, კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე. იგი თანახმაა მხოლოდ ისეთ ანაზღაურებაზე, რა დროსაც დაზღვეული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნარჩენ ღირებულებასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხას გამოაკლდება უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ იგი მზადაა, ახალი (მსგავსი) ავტომანქანების ჩანაცვლების ნაცვლად, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომლის პირობებშიც სადაზღვევო თანხას დააკლდება როგორც ავტომანქანის ჯართის ღირებულება, ისე _ უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაევალა განადგურებული ავტომანქანების ჩანაცვლება მსგავსი მოდელის ავტომანქანებით, რომელთა საბაზრო ღირებულების ფარგლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
„შკოდა ოქტავია სკაუტის“, სახ.# ...... მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 22 490,81 ლარით;
„შკოდა ოქტავიას“ სახ.# ..... მგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 19 735,2 ლარით;
„შკოდა ოქტავიას“ სახ# ...... მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 13 995,48 ლარით.
სატრანსპორტო საშუალებების („შკოდა ოქტავია სკაუტი“, სახ# .....; „შკოდა ოქტავია“ სახ# ......, „შკოდა ოქტავია“ სახ# ......) ნარჩენი ჯართი საკუთრებაში გადაეცა მზღვეველს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
4.2. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მზღვეველმაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 31.12.2015 წ. მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #859 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს დანართი #2-ით განსაზღვრული, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულებისა და #1, #2, #3, #4, #5 და #6 დანართების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 104 193 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი - 2017 წლის 1 თებერვლით. 31.01.2017 წლის #21 შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის #859 ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების #2 დანართით შეთანხმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებები SKODA OCTAVIA SCAUT სახელმწიფო ნომრით - ......, SKODA OCTAVIA, სახელმწიფო ნომრით - ......, SKODA OQCTAVIA, სახელმწიფო ნომრით - ......), რომელთა მიმართ კომპანია კისრულობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული დაზღვევის მომსახურებას. ამასთან, #2 დანართით განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის გაფორმების დროისთვის დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, სადავო ავტომანქანების ღირებულება, კერძოდ: სახელმწიფო ნომრით - ..... სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა - 23 150,81 ლარით, სახელმწიფო ნომრით - ...... სატრანსპორტო საშუალების - 22 111,20 ლარით, სახელმწიფო ნომრით - ...... სატრანსპორტო საშუალების - 14 478,48 ლარით. ხელშეკრულების #3 დანართით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები და ტარიფები. სადაზღვევო რისკად მიჩნეულ იქნა დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რაც გამოწვეულია რაიმე საგნის დაცემით, მოხვედრით, ხოლო სრულ განადგურებად მიჩნეულ იქნა ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება აღემატება დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს ან მეტს. ხელშეკრულების #5 დანართით შეთანხმებულ იქნა ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ინსტრუქციებისა და ზარალის ანაზღაურების პირობების სქემა, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების ფაქტის დადგომისას, ზიანის ანაზღაურება განხორციელდებოდა შემდეგი სქემის მიხედვით: „თუკი სერვის-ცენტრის მიერ შედგენილ და მხარეთა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერით დამოწმებულ დეფექტურ აქტში დაფიქსირებული თანხა აღემატება სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს, ავტომატურად ფიქსირდება სრული განადგურების შემთხვევა, რის საფუძველზეც დამზღვევი უნდა დაკმაყოფილდეს სხვა (მსგავსი) სატრანსპორტო საშუალებით .... ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად“;
1.2.2. უდავოა, რომ ხელშეკრულების #2 დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სრულად განადგურდა სამი ავტომანქანა;
1.2.3. საქმეში არსებული მზღვეველის წერილებითა და შეფასების აქტით დასტურდება, რომ განადგურებული სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული. აღდგენის ღირებულება აღემატება ავტომობილის სადაზღვევო თანხის (საბალანსო ღირებულების) 65%-ს;
1.2.4. ზიანის შეფასების აქტების თანახმად, სრული განადგურების შემდგომ სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად:
- სახელმწიფო ნომრით - ....... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების - 2 000 აშშ დოლარით;
- სახელმწიფო ნომრით - ....... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების - 2 000 აშშ დოლარით;
- სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების - 1 000 აშშ დოლარით;
1.2.5. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამივე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მათ სრულად განადგურებამდე, მზღვეველმა აანაზღაურა სხვადასხვა სადაზღვევო რისკით გათვალისწინებული ზიანი, რამაც შეადგინა:
- სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 2 376 ლარი;
- სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 483 ლარი;
- სახელმწიფო ნომრით ....... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 660 ლარი;
1.2.6. სასარჩელო მოთხოვნას დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განადგურებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ან სხვა იმავე მოდელის ავტომანქანებით ჩანაცვლება წარმოადგენს (სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ღირებულების ფარგლებში). სადაზღვევო თანხა (თანხის მაქსიმალური ოდენობა, რაც უნდა გადაიხადოს სადაზღვევო კომპანიამ ზარალის დადგომისას) დაზღვეული ობიექტის ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა და შეადგენდა: სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული ავტომანქანის შემთხვევაში - 23 150,81 ლარს, სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული ავტომანქანის შემთხვევაში - 22 111,20 ლარს და სახელმწიფო ნომრით - ..... რეგისტრირებული ავტომანქანის შემთხვევაში - 14 478,48 ლარს. სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე, კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, ანაზღაურებულმა ზიანის ოდენობამ სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში შეადგინა - 2 376 ლარი, სახელმწიფო ნომრით - ...... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 483 ლარი, სახელმწიფო ნომრით ..... რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 660 ლარი. გარდა ამისა, განადგურების შემდგომ სამივე სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა ნარჩენი ღირებულება და ისინი ჯართის სახით საკუთრებაში უნდა გადეცეს მოპასუხეს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც დადასტურებულია ნორმით გათვალისწინებული შედეგის განმსაზღვრელი შემდეგი წინაპირობები: მხარეები იმყოფებიან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში; დავას არ იწვევს დამზღვევის მხრიდან პრემიის გადახდის საკითხი; ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დადგა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებიული სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგად დაზღვეული მოძრავი ნივთები (სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება) განადგურდა, შესაბამისად, სახეზეა მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა, მხარეთა შორის დავას იწვევს ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ, მზღვეველს ეკისრება დაზღვეული ნივთების სრული ანაზღაურების ვალდებულება თუ მხედველობაშია მისაღები უკვე განხორციელებული შესრულება და ნივთების საბალანსო ღირებულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის შეფასების მიზნით ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმ დისპოზიციური შინაარსით, რომელიც ანაზღაურების წესს სახელშეკრულებო შეთანხმებას უკავშირებს, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლით და სწორად განსაზღვრეს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა სადაზღვევო თანხის ფარგლებში უკვე განხორციელებული შესრულებისა და განადგურებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, ვინაიდან უდავოა, რომ ამგვარი შეთანხმება თავად მხარეთა სახელშეკრულებო პირობას წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზღვეველის ვალდებულებების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახემლწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი