Facebook Twitter

საქმე №ას-767-2019 22 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს.მ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) მიმართ, მოპასუხისათვის 71 573 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ქ.ბათუმში, ....... ქ#119-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის მომიჯნავედ, ქ.ბათუმში, ....... ქ#121/...... ქ#25-ში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა მოპასუხემ. მშენებლობის პროცესში მან დაარღვია სამშენებლო ნორმები. კანონდარღვევით ნაწარმოებმა მშენებლობამ დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი სახლი: დაიბზარა და დასკდა სახლის ფასადი, ჭერი, იატაკი და კედლები. დაზიანების აღმოფხვრისა და უძრავი ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის აუცილებელია 71 573 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყო სასარჩელო მითხოვნები და განმარტა, რომ მოსარჩელის ქონება მოპასუხის ბრალეული ქმედებით არ დაზიანებულა. შენობა მშენებლობის დაწყებამდე ამორტიზებული იყო, შესაბამისად, სამუშაოთა დაწყებამდე სახლის ჭერი, კედლები და იატაკი დაბზარული იყო, რაც მოპასუხის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მოსარჩელის ნივთის დაზიანებას ხელი შეუწყო მიწისძვრებმა, ქალაქის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობებმა და ქალაქში მძიმე ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეულმა რხევამ. კომპანიას მოსარჩელის საკუთრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობებები არ დაუნგრევია. მან მიწის ნაკვეთი შეიძინა შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ მდგომარეობაში, რის გამოც, დემონტაჟის დროს ის მოსარჩელის ბინას ვერ დააზიანებდა. მშენებლობის პროცესში კი, სამშენებლო წესებს განუხრელად იცავდა, ამიტომ მას მოსარჩელის შენობის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71 573 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.ბათუმი, ....... ქ#119-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მოსარჩელის საკუთრებაა. უძრავი ქონების მიმდებარედ, ქ.ბათუმში ....... ქ#121/....... ქ#25-ში არსებული 182 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წლის 23 თებერვალს შეიძინა მოპასუხემ და 2016 წლის 21 მარტს ამ მიწაზე მოიპოვა მშენებლობის ნებართვა, სადაც ააშენა მრავალბინიანი კორპუსი;

1.2.2. მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანების ფაქტი დგინდება მოსარჩელის განმარტებით, ფოტოსურათებითა და ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომელზედაც სადავო შენობა-ნაგებობაა აღბეჭდილი, ნათლად ჩანს, რომ სახლის ფასადი, ჭერი, იატაკი და კედლები დაბზარულია; სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2016 წლის 1 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ....... ქ#119-ში მდებარე სახლზე განვითარებულია არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები და მზიდ კედლებზე წარმოქმნილია ბზარები. მისი ტექნიკური მდგომარეობა არასტაბილურია. დინამიკური პროცესების მონიტორინგის მიზნით ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა და ამ მიზნით დინამიკური პროცესების მართვისათვის შენობაში არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშნების მოწყობა. მონიტორინგით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიღებული შედეგების ანალიზით, შენობის დემონტაჟი ან გაძლიერება სპეციალური პროექტის მიხედვით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5000328718 დასკვნით, რომელშიც ქ.ბათუმში, ....... ქ#119-ში მდებარე შენობის დაზიანების ხასიათია აღწერილი, მითითებულია, რომ შენობის ფასადის მხარეს პირველ სართულზე ფანჯრის ღიობების გასწვრივ შენობას აქვს ჰორიზონტალური ბზარები. პირველ და მეორე სართულზე მდებარე ფანჯრის ღიობებს შორის და მეორე სართულზე ფანჯრის ღიობის ზღუდართან გაჩენილია ვერტიკალური გამჭოლი ბზარები. შენობის ტორსული კედელი (მშენებლობის მხარეს) დაძრულია ვერტიკალური სიბრტყიდან. პარკეტის წყობაზე აღენიშნება ბზარები. შენობის მდგომარეობა არასტაბილურია და აუცილებელია მისი აღდგენა და გამაგრება; შპს „ი-კა ჯგუფის“ მიერ შედგენილი მოსარჩელის კუთვნილი შენობის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტი და საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (რომელშიც დეტალურადაა აღწერილი შენობის დაზიანებები და მათი აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები) თანხვედრაშია #5000328718 ექსპერტიზის დასკვნასთან;

1.2.3. შპს „ი-კა ჯგუფის“ მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ შენობის შიგა და გარე კედლებიდან ბათქაში უნდა ჩამოიყაროს. პირველი სართულის იატაკიდან ფენილი უნდა აიყაროს. საძირკველის გამაგრების მიზნით პირველი სართულის იატაკის ბეტონი უნდა დაიშალოს. სამშენებლო ნაგავი უნდა გაიზიდოს გარეთ. არსებული საძირკვლების გასაძლიერებლად შენობის შიგა ნაწილში და გარე პერიმეტრზე გრუნტი უნდა დამუშავდეს. ზედმეტი გრუნტი გატანილი უნდა იქნას გარეთ. კედლები ხის ელემენტებით უნდა გამაგრდეს დროებით, გასაძლიერებელი საძირკვლის არმირებისათვის კედლები უნდა გაიბურღოს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სისქით. კედლისა და საძირკველის გასაძლიერებლად უნდა მოეწყოს არმატურა, გასაძლიერებელი კედლების კორექტირება უნდა მოხდეს 5 სმ. სისქის ცემენტის დუღაბით. შენობის სახურავის დაზიანებული ბურული უნდა მოიხსნას. სახურავის ბურული უნდა მოეწყოს ღარიანი შიფერით. ასევე ჩასატარებელია სხვა მრავლობითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭიროა 71 573 ლარი. მოპასუხემ სადავო გახადა რა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, სასამართლომ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენისათვის ჩასატარებელია რიგი სამუშაოები. ექსპერტმა დაადასტურა სამუშაოების აუცილებლობა. დასკვნაში მითითებულია, რომ სადავო სახლის რეაბილიტაცია-აღდგენისა და გამაგრებითი სამუშაოების დაანგარიშება შესრულებულია შენობის გაძლიერების პროექტის მიხედვით. იგი შეიცავს მოსარჩელის შენობის საძირკვლების, კედლებისა და სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებს და გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების დაანგარიშებას, შესაბამისად, შენობის აღდგენისათვის გამოყენებული მასალების და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულია სრულყოფილად. მოპასუხეს სამუშაოებისა და ხარჯის ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო, მოსარჩელის მტკიცება ემყარება შპს „ი-კა ჯგუფის“ გაანგარიშებას;

1.2.4. ქ.ბათუმში ....... ქ#121/....... ქ#25-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დემონტაჟის, ქვაბულის მოწყობისა და მშენებლობის დაწყებისას, მოსარჩელის სახლის მდგომარეობა მოპასუხეს არ გამოუკვლევია, კერძოდ, ამ უკანასკნელს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელშიც მოცემული იქნებოდა ინფორმაცია დემონტაჟამდე მოსარჩელის კუთვნილი სახლის მდგომარეობის შესახებ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანებები გამოწვეულია ქ.ბათუმში, ....... ქ#121/....... ქ#25-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ ქვაბულის ამოღებამდე ....... ქ#119-ში მდებარე შენობის გამაგრებითი სამუშაოების შეუსრულებლობით. მოპასუხის მიწის ნაკვეთზე შენობის ქვაბულის მოწყობის თანმიმდევრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობს. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელის შენობისა და საძირკვლების პირობების შესახებ. შენობაში არსებული დეფორმაციებისა და განვითარებული ბზარების მიზეზია საძირკვლების ფუძის ჯდენა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედელზე ბზარების წარმოქმნა. საინჟინრო-გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის ....... ქ#119-ში მდებარე შენობისა და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში და მშენებლობის ორგანიზების პროექტში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიების ჩატარების შესახებ. არაა გათვალისწინებული გრუნტის წყლის ამოქაჩვის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია ნეგატური შედეგები. საერთო ჯამში შენობის დაზიანების მიზეზია ქ.ბათუმში, ....... ქ#121/....... ქ#25-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის კომპანიის მიერ გამაგრებითი სამუშაოების ჩაუტარებლობა, ასევე, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები. ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო მიმდებარედ არსებული შენობა ნაგებობის მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. მოპასუხე არ უნდა შემოფარგლულიყო მოსარჩელის სახლისათვის მხოლოდ სურათების გადაღებით, სახელდობრ როცა სურათი გადაიღო და დაადგინა, რომ სახლს გარკვეული ბზარები აღენიშნებოდა, მას, ნაცვლად ქვაბულის ამოღებისა, პირველ რიგში უნდა ეზრუნა შენობის გამაგრებაზე, რაც არ შეუსრულებია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408.1 და 412-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო/ბრალეულ ქმედებაზე, ზიანის დადგომასა და მიზეზობრივ კავშირზე მითითების/დამტკიცების ტვირთი, ხოლო, მოპასუხეს _ საკუთარი ქმედების კანონიერების მითითება/დამტკიცების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მშენებლობის დაწყებამდე არ დაიცვა სამშენებლო წესებით დადგენილი ვალდებულება და არ უზრუნველყო მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისას მეზობელ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობათა უსაფრთხოება, რასაც შენობის დაზიანება მოჰყვა, რომლის აღდგენისათვის გასაწევი ხარჯი წარმოადგენს მოპასუხის დელიქტური ქმედების ნეგატიურ შედეგს, უდავოა, რომ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამ ფაქტებიდან ვერცერთის გაქარწყლება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, რის გამოც, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სარჩელი წარმატებულია. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 10.05.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 600 ლარის 70% _ 2 520 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. შპს „ე.-ს“ (ს/კ #4......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 10.05.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 600 ლარის 70% _ 2 520 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი