Facebook Twitter

საქმე №ას-432-2019 22 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს.რ–ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ხ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) მიმართ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 34 119,44 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 6 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ლოკომოტივების მომსახურება. მომსახურების საფასურმა შეადგინა 86 777.44 ლარი. მომსახურების გაწევა დაადასტურა სალოკომოტივო დეპარტამენტმა სამარშრუტო ფურცლებზე დაყრდნობით. შემკვეთს წარედგინა და ამ უკანასკნელმა დაადასტურა საგადასახადო ანგარიშფაქტურები. 2012 წლის 31 იანვარსა და 2014 წლის 3 მარტს, დღის წესრიგში დადგა პირგასამტეხლოს დარიცხვის საკითხი, ვინაიდან, მოპასუხეს გაწეული მომსახურების საფასური დროულად არ აუნაზღაურებია. სამარშრუტო ფურცლების საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 34 207.12 ლარი. 2015 წლის 11 თებერვალს #848 წერილით აღნიშნული ეცნობა შემკვეთს. სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხეს ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 87.68 ლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა დებიტორული დავალიანება _ 87.68 ლარი და პირგასამტეხლოს ოდენობამ საბოლოოდ შეადგინა 34 119.44 ლარი (2011-2014 წლების პერიოდი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მხარეთა შორის ურთიერთშემხვედრ მომსახურებასთან დაკავშირებით სისტემატურად ხდებოდა ანგარიშსწორების მიზნით, როგორც მიმდინარე, ასევე _ ყოველწლიური შედარების აქტების შედგენა, სადაც აისახებოდა სრული მონაცემები გაწეული მომსახურებისა და ასანაზღაურებელი თანხის შესახებ. მოსარჩელეს თითქმის ყოველ ჯერზე გააჩნდა დავალიანება, ამდენად, მისთვის ცნობილი იყო მხარეთა შორის არსებული ანგარიშსწორების შესახებ და სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2011 წლის აგვისტო-დეკემბრის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრეტენზია შემკვეთისათვის უნდა წარედგინა კანონით დადგენილ ვადაში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 06.12.2010წ. მხარეთა შორის დაიდო #სვფ-10-052 ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ლოკომოტივებით (ელმავალი, თბომავალი) მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეული მომსახურების ანგარიში წარედგინებოდა შემკვეთს მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების აქტის მიხედვით. სამუშაოს შესრულების შესახებ აქტის წარდგენა ხორციელდებოდა კონკრეტულად გაწეული მომსახურების დასრულების მომენტისთვის. ანგარიშსწორება ხდებოდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში. შემკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში მენარდე უფლებამოსილი იყო, დაერიცხა შემკვეთისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით;

1.2.2. 2014 წლის 12 თებერვლის #01-52 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მენარდის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების - 36 482.31 ლარის ორმხრივად დადასტურების შემთხვევაში, 2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებისა და 2012 წლის 17 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად (რომელიც გულისხმობდა განხორციელებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის მენარდისათვის კონსიგნაციით ანაზღაურებას), თანახმა იყო, ვალი გაქვითული ყოფილიყო საბოლოო კონსიგნაციით გადასარიცხი თანხიდან;

1.2.3. 2015 წლის 11 თებერვლის წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ #სვფ-10-052 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მას გაუწია ელმავლებით მომსახურება, რომლის საფასურიც 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 86 777,44 ლარს. ვინაიდან შემკვეთმა არ დაიცვა მომსახურების ანაზღაურების ვადები, მოსარჩელემ აღნიშნული დავალიანება გაქვითა შემხვედრ ვალდებულებებში, ამასთან, ანაზღაურების ვადების დარღვევის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, მოპასუხისთვის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაერიცხა პირგასამტეხლო 34 207.12 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული დავალიანების დაფარვა;

1.2.4. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა კრედიტორული ნაშთი 87.68 ლარი, მოსარჩელემ გადაფარა დებიტორული დავალიანება 87.68 ლარი და შესაბამისად, შემკვეთის დავალიანებამ მის მიმართ საბოლოოდ შეადგინა 34 119.44 ლარი;

1.2.5. მენარდის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, ვინაიდან მოსარჩელემ 2017 წლის აპრილში გაქვითა სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოპასუხის კრედიტორული ნაშთი (იგივე მოსარჩელის დებიტორული დავალიანების ნაწილი) 87.68 ლარი, რითაც დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილი. მისი მტკიცებით, სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა მიეჩნია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობად, ვინაიდან ვალის არსებობა აღიარებული იყო ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე;

1.2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 11.12.2018წ. 13:00 საათზე. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 11.12.2018წ. სასამართლო სხდომისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ;

1.2.7. სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი და ის გარემოება, რომ სარჩელი წარდგენილია ამ დროიდან 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629.1, მე-400, 417-ე და 418-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში მოსარჩელე ვალდებულია მიუთითებდეს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებაზე, ასევე, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს ანაზღაურების წერილობით შეთანხმებაზე. ამ მხრივ სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა, მოთხოვნას მოპასუხემ არსებითი ხასიათის შედავება დაუპირისპირა და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რომელიც იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ აფერხებს მის წარმატებულობას (სკ-ის 144.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოთხოვნა წარმოიშვა 2011 წლის აგვისტო-ნოემბერ-დეკემბერში (სკ-ის 130-ე მუხლი), ხოლო, სარჩელი სასამართლოში აღძრულია სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ _ 2017 წლის 29 დეკემბერს. პალატა აქვე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ კრედიტორის მიერ 2017 წლის აპრილში ცალმხრივად განხორციელებული გაქვითვა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვაგვარ აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა, რამდენადაც განსახილველი ქმედება არ წარმოადგენს მოვალის გაცნობიერებული ნების გამოვლინებას, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება ამ ვადის გასვლამდე შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნება ამავე კოდექსის 144.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა სწორად არ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის წინაპირობად, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.3 და 230.2 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა კრედიტორის მიერ მოთხოვნის ცალმხრივად გაქვითვის გამო) იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების, მოთხოვნის ხანდაზმულობისა თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი; №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.03.2019წ. #22389 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 705,97 ლარის 70% _ 1 194,179 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.რ–ას“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.03.2019წ. #22389 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 705,97 ლარის 70% _ 1 194,179 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი