¹ბს-690-657(კს-06) 30 ნოემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 16 სექტემბერს გ. ზ-მა აღიარებითი სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის» მიმართ ქ. თბილისში, ... ქ. ¹39-ში ცხოვრების ფაქტის დადგენისა და ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილის ...-ში მდებარე ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გ. ზ-ი 2002 წლის 20 იანვრიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹39-ში. ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს» დაევალა მოსარჩელე გ. ზ-ისათვის ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილის ...-ში მდებარე ბინის საკუთრებაში გადაცემა.
2005 წლის 21 მარტს ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეცილაურმა ფონდმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალაური ფონდის» განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.
2005 წლის 30 მაისის განჩინებით გ. ზ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხის - ,,2002 წლის 25 აპრილის ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის» მიმართ ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ზ-ს უარი ეთქვა მოპასუხის - ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის» დავალდებულებაზე, გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის, ...ე კორპუსში მდებარე ბ.... .
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2006 წლის 11 აგვისტოს გ. ზ-მა განცხადებითY მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითა, რომ იგი უარს აცხადებდა სააპელაციო საჩივარზე, იმ მოტივით, რომ მიწისძვრით დაზარალებულთა სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდთან მორიგდა და ფონდის მიმართ პრეტენზია აღარ ჰქონდა რის გამოც ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ზ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავო საკითხი მასა და მიწისძვრით დაზარალებულთა სალიკვიდაციო სპეცილაურ ფონდთან საბოლოოდ არ აღმოჩნდა მოგვარებული, ამასთან, მისი განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა მას უნდა გაერკვია საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაც, მისი განცხადების შესაბამისად, უნდა ყოფილიყო მხარეთა მორიგება და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» პუნქტით და არა ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ» პუნქტით. ამასთან, განცხადების შეტანის დროისთვის მისთვის არ იყო ცნობილი, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ იყო შესაძლებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გ. ზ-ის კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ზ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საპროცესო სამართალწარმოების პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეფუძნება მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, ამდენად, რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა, აღნიშნულს ყოველთვის უკავშირდება სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქმეში, ს.ფ. 83-ზე, წარმოდგენილია გ. ზ-ის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ განცხადება დაწერილია მის მიერ, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მასსა და მიწისძვრით დაზარალებულთა სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდთან საბოლოოდ არ მოხდა მორიგება და ამასთან, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა უარის თქმის შედეგები, აღნიშნული ვერ იქცევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმების საფუძვლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას საპროცესო კოდექსის ნორმები არ დაურღვევია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებით, ხოლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას კანონმდებელი უკავშირებს გარკვეულ შედეგს_ _აპელანტს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტის ანალოგიით წყვეტს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულადაა დაცული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებაში წარმოდგენილი არ არის სამართლებრივი საფუძველი, რაც შეიძლება საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე განჩინების გაუქმების მოტივად იქცეს, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.