საქმე №ას-575-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „გ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: შემსყიდველი ან მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდე, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის: (ა) მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 21 776 ლარის ოდენობით; (ბ) 2017 წლის 22 მარტის 1/141 ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, საერთო ოდენობით 13 250 ლარი; (გ) 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებისა და დანართებით აღებული ვალდებულებების შესრულების დავალდებულება; (დ) საბანკო პროცენტის ანაზღაურების დაკისრება 6 536 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, მოპასუხემ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი თვითმჭრელი ხრახნების და ჭანჭიკების შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ. 2017 წლის 01 მარტს დაიწყო და 2017 წლის 06 მარტს დასრულდა სატენდერო წინადადების მიღება. შემსყიდველის მიერ განხორციელებული შერჩევა/შეფასების შედეგად, მას შემდეგ, რაც მომწოდებელმა კანონმდებლობისა და შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია და შეთავაზებული საქონლის ნიმუშები, 2017 წლის 16 მარტს გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული - მოსარჩელე და 2017 წლის 22 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა 1/141 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
3. მოსარჩელე შეუდგა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და განახორციელა პროდუქციის ეტაპობრივად მიწოდება. 2017 წლის 27 მარტს მოპასუხეს მიეწოდა 10 880 ლარის ღირებულების 680 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი; 2017 წლის 28 მარტს მოპასუხეს მიეწოდა 10 896 ლარის ღირებულების 681 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. 2017 წლის 10 აპრილს მოპასუხეს მიეწოდა 7 200 ლარის ღირებულების 450 კგ ჭანჭიკი. მოპასუხემ ჩაიბარა აღნიშნული პროდუქცია, მაგრამ მიღება - ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მოპასუხემ უარი თქვა მიღება - ჩაბარების აქტის გაცემაზე და განაცხადა, რომ მოსარჩელეს, საკუთარი ხარჯებით, უკან უნდა წაეღო მიწოდებული საქონელი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
4. მოპასუხემ, მოსარჩელის იმ მითითებასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველად, შემსყიდველმა საქონელი მიიღო და მასზე გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი, თუმცა, საქონლის ღირებულება გადახდილი არ არის, განმარტა, რომ ნივთის მიღების შემდეგ, როგორც წესი, ტარდება საქონლის ინსპექტირება. ასეთ დროს, უნდა დადგინდეს რამდენად შეესაბამება მიღებული საქონელი ხელშეკრულების საგანსა და შეთანხმებულ მახასიათებლებს. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელის მიერ მიწოდებულ საქონელს ჩაუტარდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების საგნის მახასიათებლებს, აღნიშნულ მოკვლევასთან დაკავშირებით შედგა N60245-21 18/05/2017 ლოჯისტიკისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სამსახურებრივი ბარათი და ეცნობა შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს შემდგომი რეაგირების მოსახდენად. მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 30 მაისის N21-02/78295 და 2017 წლის 27 ივნისის N21-02/94826 წერილებით, მიმწოდებელს ეცნობა ნივთის ნაკლის შესახებ და ეთხოვა უზრუნველეყო 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (1/141) მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის შესაბამისად, მიწოდებული ნაკლოვანი საქონლის დაბრუნება, რაც უნდა განეხორციელებინა საკუთარი სახსრებით. ამასთან, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაევალა პირგასამტეხლოს - 1 379.68 ლარის ოდენობით გადახდა, რაც დარჩა რეაგირების გარეშე.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ უარყო, მისი მხრიდან, ვალდებულების დარღვევა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, გადაცემული საქონლის ღირებულების - 21 776 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოთხოვნათა დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოთხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, მოპასუხემ, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, ხრახნებისა და ჭანჭიკების შესყიდვასთან დაკავშირებით, აუქციონის გარეშე, გამარჯვებულად, მოსარჩელე გამოაცხადა.
10. 2017 წლის 22 მარტს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/141 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) გაფორმდა.
11. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება, 42 745 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
12. ხელშეკრულების მეორე პუნქტით ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მექანიზმი შეთანხმდა, კერძოდ, 2.2.2. პუნქტის მიხედვით, შესაბამისი შემოწმების აქტის საფუძველზე მიწოდებული საქონლის ან/და მისი ნაწილის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან - ხელშეკრულების დანართი N1 (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 ტექნიკური პირობები) შესაბამისობის დადგენა, ინსპექტირების დასკვნის გაფორმებით მოხდებოდა.
13. ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებად მიეთითა: შესყიდვის ობიექტი მისი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ფასი, ტექნიკური მახასიათებლი, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა და მოდელი.
14. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, 5.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ, მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდებული საქონლის მიღებას განახორციელებდა, ხოლო, თუ საქონლის მიწოდების პროცესში გამოიკვეთებოდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ შეესაბამებოდა მიმწოდებლის მიერ ტენდერში წარმოდგენილ ნიმუშებს, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ნაკლოვანი საქონელი არ მიეღო და იგი მიმწოდებლისთვის მისივე (მიმწოდებლის) ხარჯით დაებრუნებინა.
15. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის საფუძველზე საქონლის მიღება არ განხორციელდებოდა, მიმწოდებელი ვალდებული იყო 1 სამუშაო დღის ვადაში ნაკლოვანი საქონლის სათანადო ხარისხის საქონლით შეცვლა უზრუნველეყო, ხოლო, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მიმწოდებელს, ხელშეკრულების 13.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა.
16. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა წარედგინა საქონლის მიწოდებისას მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
17. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდებოდა ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედდებულებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
18. ხელშეკრულების 13.3. პუნქტით, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ანაგრიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებოდა, შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
19. ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის დასახელებაა - ჭანჭიკი 20 მმ, მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი, მწარმოებელი კომპანია: Oმეხ, რაოდენობა 2 350 კგ, ერთეულის ფასი - 16, სულ ფასი - 37600, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე.
20. დასახელება - შურუპი 8 მმ, მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი, მწარმოებელი კომპანია - შტანდარტცივატა, რაოდენობა - 350 კგ, ერთეულის ფასი - 14.70, სულ ფასი - 5 145.00, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე (ტომი I, ს.ფ. 23).
21. 2017 წლის 27 მარტს მიმწოდებელმა შემკვეთს 10 880 ლარის ღირებულების, 680 კგ ჭანჭიკი, მიაწოდა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
22. 2017 წლის 28 მარტს მიმწოდებელმა შემკვეთს 10 896 ლარის ღირებულების, 681 კგ ჭანჭიკი მიაწოდა, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
23. 2017 წლის 10 აპრილს მიმწოდებელმა შემკვეთს 7 200 ლარის ღირებულების, 450 კგ ჭანჭიკი მიაწოდა. ამ შემთხვევაში, მოპასუხემ ჩაიბარა აღნიშნული პროდუქცია, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია. შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რის შემდეგაც, მოსარჩელემ საქონელი უკან დაიბრუნა.
24. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის 27 მარტსა და 2017 წლის 28 მარტს მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 21 776 ლარს.
25. მოპასუხის 2017 წლის 30 მაისის N21-02/78295 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და ვადაგადაცილების გამო, საწარმოს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 1379,68 ლარის ოდენობით. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, მოწოდებული ნაკლოვანი საქონელი უნდა დაებრუნებინათ საკუთარი სახსრებით. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და ითხოვა პასუხის გაცემა (მოსარჩელის წარმომადგენლის 2017 წლის 18 სექტემბრის წერილი). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მითითებულ წერილზე შესაბამისი პასუხის არსებობა.
26. მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ მომწოდებლის მიერ მოწოდებული ჭანჭიკების - 1811 კგ, მწარმოებელი კომპანია არ ემთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, რომ დადასტურებულიყო სადავო გარემოება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან ერთსა და იმავე სახელმწიფო უწყებაში არსებული დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის შედგენილი მხოლოდ მოხსენებითი ბარათით, ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფირმის პროდუქცია.
27. სააპელაციო პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 30 მაისის წერილით მართალია მოსარჩელეს ეცნობა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რის გამოც, დაეკისრა მას პირგასამტეხლო, ამავე წერილით ეცნობა მიწოდებული ნივთის ნაკლოვანების თაობაზეც, თუმცა, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებითა და ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ ყოფილა შეტყობინება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, მიწოდებული ნივთის ნაკლოვანება. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ განუსაზღვრავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 დღიანი ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგი - სსკ-ის) მე-8.3, 477-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებისა და მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის შესაბამისად, შემსრულებლის მიმართ, 21 776 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები წარმოშობილი იყო. იმავდროულად, დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობრივად ყოველთვის სანქციის დაკისრებას/დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს არ მიღებას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება არაჯეროვანი შესრულება ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებისგან, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა უფრო მკაცრ სანქციას - შემკვეთის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას, შეიძლება დაუკავშირდეს.
29. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სწორედ ხელშეკრულების შესრულების ნაკლზე მიუთითებდა, მაგრამ ამასთანავე აცხადებდა, რომ საქონელს გააჩნდა იმგვარი ნაკლი, რომელიც ხელშეკრულების შეუსრულებლობას უთანაბრდებოდა და მას შეთანხმებული ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა.
30. მხარეთა პოზიციების ურთიერთშჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა იმის დადგენა, არაჯეროვნად შეასრულა თუ არა შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. იმ შემთხვევაში თუ, დადგინდებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, მაშინ უნდა დადგენილიყო, მიიღო თუ არა შემკვეთმა, არაჯეროვანი შესრულება.
31. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ხელშეკრულების შინაარსი, რომლის მე-5 მუხლი შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების წესს აკონკრეტებს, კერძოდ, ხელშეკრულების 5.4. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის საქონლის მიწოდებისას მიღება - ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა უნდა წარედგინა. ამავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედდებულებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, განხორციელდებოდა.
32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 52-ე მუხლის დანაწესით, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების 5.4 და 6.3 პუნქტების ერთობლივი ანალიზის შედეგად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესრულება მოძრავი ნივთის გადაცემას მოიცავდა, მხარეთა მიერ შეთანხმებული 10 დღიანი ლიმიტი, სწორედ შესრულების ხარისხის შემოწმებასა და ინსპექტირების აქტის შედგენისთვის იყო განსაზღვრული. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რაიმე დათქმას, რითაც მოპასუხეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, უფლება ჰქონდა, თუნდაც გამონაკლის შემთხვევაში, შეედგინა ინსპექტირების აქტი.
33. პირველი შესრულება მიმწოდებელმა 2017 წლის 27 მარტს განახორციელა, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტი შედგა. ამავე შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შემოსავლების მიერ დადასტურებულია, რომელზეც დოკუმენტის მარცხენა ზედა კუთხეში შესაბამისი სტატუსია მინიჭებული (ტომი I, ს.ფ. 24-27). მსგავსად ზემოაღნიშნულისა, მიმწოდებელმა მეორე შესრულება 2017 წლის 28 მარტს განახორციელა, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, აპელანტის მიერ შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დადასტურდა და სასაქონლო ზედნადებებიც გამოიწერა (ტომი I, ს.ფ. 24-27). ასევე უდავო იყო, რომ მიმწოდებლის მიერ საქონლის მესამე ნაწილის მიწოდება 2017 წლის 10 აპრილს მოხდა, რა დროსაც, შემკვეთს, 7 200 ლარის ღირებულების, 450 კგ ჭანჭიკი, მიეწოდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, არც ზედნადები გამოწერილა და საქმის მასალებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების ფაქტი არ დგინდება ანუ, ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ მიმწოდებელმა პირველ ორ მიწოდებასთან მიმართებით ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გაწერილი ყველა დოკუმენტაცია წარადგინა, მესამე მიწოდების შემთხვევაში კი, ასეთი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, რაც შესრულებაზე მიღების თქმის საფუძველი გახდა კიდეც.
34. სსკ-ის 428-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას. გარემოება იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა პირველი ორი შესრულების მიმართ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში, ნაკლის თაობაზე რაიმე პრეტენზია განაცხადა ან/და მიმწოდებელს დაუწესა დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, ან მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობა გამოიყენა, ნაკლიანი შესრულებისთვის, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადასტურდა.
35. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2017 წლის 30 მაისის წერილით აცნობა, რომ „არაჯეროვანი შესრულებისა და ვადაგადაცილების გამო“ ითხოვდა „ნაკლოვანი საქონლის დაბრუნებას საკუთარი ხარჯებით“, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, თუ რაში გამოიხატებოდა „ვადის დარღვევა“ ან/და „არაჯეროვანი შესრულება“. ამასთან, აღნიშნული წერილი პირველი და მეორე მიწოდებიდან 60 დღის შემდეგ (და არა 10 დღიან ვადაში) იყო შედგენილი და მოსარჩელისთვის გაგზავნილი.
36. ამასთან, დასტურდებოდა, რომ პირველი ორი შესრულება მოპასუხემ მიიღო, რადგან მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სწორედ „მიწოდების პროცესში“ თუ გამოვლინდებოდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველს „უფლება ჰქონდა“ არ მიეღო ნაკლოვანი საქონელი და დაებრუნებინა იგი მიმწოდებლის ხარჯით. შემსყიდველმა „მიწოდების პროცესის“ დროს საქონლის ნაკლოვანებაზე არ მიუთითა. პირიქით, მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიწოდებული საქონელი.
37. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ის ნაკლი, რაზეც უთითებდა აპელანტი (მოპასუხე), ისეთ ნაკლს განეკუთვნებოდა, რომელიც ვიზუალურად ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო; თუკი, საქონლის მწარმოებელი კომპანია არ ემთხვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას, აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე სპეციალური ცოდნა ან/და ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულო არ იყო. შესაბამისად, მოპასუხეს, ნებისმიერ პირს შეეძლო აღექვა თუ, რომელი კომპანიის მიერ იყო საქონელი წარმოებული და თავის დროზე გადაეწყვიტა მიეღო თუ არ მიეღო მიწოდებული საქონლის მიღება. აღნიშნულს ისიც ადასტურებდა, რომ მესამე მიწოდება მოპასუხემ, არ მიიღო და დააბრუნა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არ დაკმაყოფილების საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მესამე მიწოდების დროს, ნაკლიანი ნივთის არსებობა აღქმადი იყო. შესაბამისად, პირველ ორ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო იმ ფაქტის იდენტიფიცირება, რომ მწარმოებელი ქვეყანა არ ემთხვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას. უკიდურეს შემთხვევაში კი, 10 დღის განმავლობაში უნდა გამხდარიყო აღნიშნული სადავო.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო. უფრო მეტიც, მხარეთა შორის ყველა ის დოკუმენტი შედგა, რომელიც ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად იყო საჭირო. ის გარემოება კი, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტით აღებული ვალდებულება და მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში არ შეადგინა ინსპექტირების აქტი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიღებული შესრულების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს არ წარმოადგენდა.
39. ამდენად, თუ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მიწოდება იყო ნაკლიანი, ეს შემკვეთს, მხოლოდ, მეორად მოთხოვნას წარმოუშობდა და ვერ გახდებოდა ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი. ისიც ისეთ შემთხვევაში, თუ შედავება, შეთანხმებულ 10 დღიან პერიოდში, განხორციელდებოდა.
40. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ, პრეზუმირებულად გაზიარებული იქნებოდა მოსაზრება მასზედ, რომ შესრულება იყო ნაკლიანი, ამ შემთხვევაშიც, აპელანტს უნდა ემტკიცებინა, რომ ნაკლიანი შესრულება არ მიუღია, ანუ იმგვარი შესრულების მიღებაზე არ განუცხადებია თანხმობა, როგორი საქონელიც მას მიმწოდებელმა მიუტანა, ვინაიდან, ასეთ დროს, შემკვეთს მეორადი მოთხოვნების წაყენების უფლება გაუქარწყლდებოდა და შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა. ასეთი გარემოებების დასადასტურებლად განკუთვნადი და ვარგისი მტკიცებულებები, საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი არ ყოფილა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მე-4, 102-ე და 201-ე მუხლები.
41. ზემოაღნიშნულის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის 27 და 28 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა საქონელი, რომლის ღირებულებაც 21 776 ლარს შეადგენდა, რაც შემკვეთის მიერ იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა ჭანჭიკების მწარმოებელი ქვეყანა ემთხვეოდა თუ არა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მწარმოებელ ქვეყანას. მიმღებმა, ნაკლი ან არ გამოავლინა, ან ნაკლიან შესრულებას კონკლუდენტურად დაეთანხმა, რაც მიმღებს, სსკ-ის 428-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული საქონლის ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას წარმოუშობდა.
42. რაც შეეხება, სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლება და 13 250 ლარის (სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში - ამ განჩინების პ.1) ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 000 ლარი დააკისრა, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესრულების ღირებულების, ვადის დარღვევის, ზიანის არარსებობისა და პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, გონივრული და სრულად შესაბამისი იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის.
43. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა/მოპასუხე, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
44. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ჭანჭიკები - 1811 კგ., რომლის მწარმოებელი კომპანია არ ემთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას. საქონელს ჩაუტარდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების მახასიათებლებს. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოსარჩელეს, აგრეთვე, მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ შედგა სამსახურებრივი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ მომწოდებლის მიერ მოწოდებული ჭანჭიკების - 1811 კგ, მწარმოებელი კომპანია არ ემთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას.
45. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე. როგორც წესი, სატენდერო კომისია განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მოპასუხისათვის მიწოდებულ საქონელსა და შეთანხმებულ საქონელს შორის შეუსაბამობა უდავოა.
46. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია ადეკვატურობა მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და სატენდერო წინადადების ფარგლებში გამოცხადებული შესყიდვის ფასს, ან ხარისხს შორის. კასატორი აღნიშნავს, რომ საქონლის ხარისხში მოიაზრება მისი მწარმოებელი ქვეყანა.
47. კასატორი უარყოფს სსკ-ის 405-ე მუხლის მიზნებისათვის მოსარჩელისათვის 1 დღიანი ვადის დაწესების აუცილებლობას, რადგან თვლის, რომ ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ასეთი ვადის დაწესება აუცილებელი არაა თუ, მას შედეგი არ მოყვება.
სამოტივაციო ნაწილი:
48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
49. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
50. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების დაკისრების მართლზომირებას. აგრეთვე, მიწოდების ღირებულების აუნაზღაურებლობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებას (სსკ-ის 477-ე, 394-ე და 418-ე მუხლები).
51. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოპასუხემ, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, ხრახნებისა და ჭანჭიკების შესყიდვასთან დაკავშირებით, აუქციონის გარეშე, გამარჯვებულად, მოსარჩელე გამოაცხადა. მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
52. ხელშეკრულების მეორე პუნქტით ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მექანიზმი შეთანხმდა, კერძოდ, 2.2.2. პუნქტის მიხედვით, შესაბამისი შემოწმების აქტის საფუძველზე მიწოდებული საქონლის ან/და მისი ნაწილის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან - ხელშეკრულების დანართი N1 (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 ტექნიკური პირობები) შესაბამისობის დადგენა, ინსპექტირების დასკვნის გაფორმებით მოხდებოდა.
53. ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებად მიეთითა: შესყიდვის ობიექტი მისი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ფასი, ტექნიკური მახასიათებელი, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა და მოდელი.
54. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, 5.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ, მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდებული საქონლის მიღებას განახორციელებდა, ხოლო, თუ საქონლის მიწოდების პროცესში გამოიკვეთებოდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ შეესაბამებოდა მიმწოდებლის მიერ ტენდერში წარმოდგენილ ნიმუშებს, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ნაკლოვანი საქონელი არ მიეღო და იგი მიმწოდებლისთვის მისივე (მიმწოდებლის) ხარჯით დაებრუნებინა.
55. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის საფუძველზე საქონლის მიღება არ განხორციელდებოდა, მიმწოდებელი ვალდებული იყო 1 სამუშაო დღის ვადაში ნაკლოვანი საქონლის სათანადო ხარისხის საქონლით შეცვლა უზრუნველეყო, ხოლო, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მიმწოდებელს, ხელშეკრულების 13.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა.
56. ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის დასახელებაა - ჭანჭიკი 20 მმ, მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი, მწარმოებელი კომპანია: Oმეხ, რაოდენობა 2 350 კგ, ერთეულის ფასი - 16, სულ ფასი - 37600, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე. დასახელება - შურუპი 8 მმ, მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი, მწარმოებელი კომპანია - შტანდარტცივატა, რაოდენობა - 350 კგ, ერთეულის ფასი - 14.70, სულ ფასი - 5 145.00, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე (ტომი I, ს.ფ. 23).
57. 2017 წლის 27 მარტს მიმწოდებელმა შემკვეთს 10 880 ლარის ღირებულების, 680 კგ ჭანჭიკი, მიაწოდა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
58. 2017 წლის 28 მარტს მიმწოდებელმა შემკვეთს 10 896 ლარის ღირებულების, 681 კგ ჭანჭიკი მიაწოდა, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
59. 2017 წლის 10 აპრილს მიმწოდებელმა შემკვეთს 7 200 ლარის ღირებულების, 450 კგ ჭანჭიკი მიაწოდა. ამ შემთხვევაში, მოპასუხემ ჩაიბარა აღნიშნული პროდუქცია, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია. შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რის შემდეგაც, მოსარჩელემ საქონელი უკან დაიბრუნა.
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
61. სადავო შემთხვევაში, სწორედ პირველი ორი მიწოდებიდან (2017 წლის 27-28 მარტი) გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა საქონლის საერთო ღირებულების - 21 776 ლარი - გადახდის შესახებ.
62. უდავოა, რომ საქონლის სადავო ღირებულების გადაუხდელობას, მოპასუხემ საფუძვლად დაუდო მიმწოდებლის (მოსარჩელე) მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯერვანი შესრულება, რაც, შემსყიდველის (მოპასუხე/კასატორი) მოსაზრებით, გამოიხატა ნაკლიან მიწოდებაში.
63. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის (კასატორი) მითითება, 2017 წლის 27-28 მარტს ნაკლიანი საქონლის მისთვის მიწოდების თაობაზე, საფუძვლად ვერ დაედება, მოპასუხის გათავისუფლების საქონლის საფასურის გადახდისაგან, რადგან, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.1 მუხლის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველია მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) და 490.1 (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში) მუხლებიდან გამომდინარეობს (შეადრ: №ას-707-707-2018, 28 ივნისი, 2019 პ.17).
64. დადგენილია, რომ 2017 წლის 27-28 მარტის შესრულება მოპასუხემ მიიღო, რაზედაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მხოლოდ მოგვიანებით, 2017 წლის 30 მაისის წერილით ეცნობა მოსარჩელეს, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, თუმცა, მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, მიწოდებული ნივთის ნაკლოვანება; მოპასუხეს მოსარჩელისათვის არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 დღიანი ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად არ განუსაზღვრავს.
65. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზირებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემსყიდველის მიერ მიმწოდებელს იმიტომ არ განესაზღვრა ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, რომ ასეთი ვადის დაწესება უშედეგო იქნებოდა (იხ., საკასაციო საჩივარი).
66. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავდა წესს, იმ შემთხვევათა რეგულირებისთვის თუ, საქონლის მიღება არ განხორციელდებოდა; ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო 1 სამუშაო დღის ვადაში ნაკლოვანი საქონლის სათანადო ხარისხის საქონლით შეცვლა უზრუნველეყო, ხოლო, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა (ხელშეკრულების 5.2. პუნქტი).
67. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და ითხოვა პასუხის გაცემა (მოსარჩელის წარმომადგენლის 2017 წლის 18 სექტემბრის წერილი), საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მითითებულ წერილზე შესაბამისი პასუხის არსებობა.
68. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამართლებული იყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და აღნიშნავს, რომ ზოგადად, კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მხარეს სურს ან თუკი ვერ იქნება დადასტურებული ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. როგორც წესი, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე შეადრ: სუსგ-ები №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი; საქმე №ას-1747-2019). ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ნორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდანაა გადმოღებული და ეხმაურება ევროგაერთიანების სამართალს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება განხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სსკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ, შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი, მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.
70. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენი - ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.
71. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.
72. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.
73. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა.
74. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. რაც განამტკიცებს ფაქტს, რომ მისთვის მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის.
75. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება.
76. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია (ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად.
77. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მხარეთა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის და განსაზღვრავს ამ უფლების განხორციელების სამართლებრივ მართებულებას. სსკ-ის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით. ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინება ძალაშია მას შემდეგ, რაც განსაზღვული წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებზე საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა მოცემულია საქმეში №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).
78. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შესაბამისი წინაპირობების დაუცველობის შედეგები (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები №ას-1747-2019, 16.03.2020წ.; №ას-1747-2019, 28 მაისი, 2020). მითითებულ გადაწყვეტილებებში დადგენილია, რომ ხელშემკვრელმა მხარემ, უნდა დაიცვას სსკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, როგორიცაა გაფრთხილება, დამატებითი ვადის მიცემა და ა.შ.
79. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
80. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის არგუმენტი, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით (დამატებითი ვადის მიცემის ან გაფრთხილების გარეშე), რაც მას გაათავისუფლებდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, დაუსაბუთებელია.
81. ამ მხრივ, კასატორმა ვერ შეძლო საკასაციო პალატის დარწმუნება, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ მართალია მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მოხსენებით ბარათში, მითითებული იყო, რომ მომწოდებლის მიერ მოწოდებული ჭანჭიკების - 1811 კგ, მწარმოებელი კომპანია არ ემთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას, თუმცა, ჯერ ერთი, ეს საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, რამდენადაც ერთსა და იმავე სახელმწიფო უწყებაში არსებული დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის შედგენილი მხოლოდ მოხსენებითი ბარათით, ვერ დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფირმის პროდუქცია და მეორეც, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეც რომ ყოფილიყო, შემკვეთს პირველი ორი შესრულების მიმართ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში უნდა განეცხადებინა ნაკლის თაობაზე და ემოქმედა იმ წესების მიხედვით, რასაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და კანონი ითვალისწინებდა ნაკლის არსებობის შემთხვეათა რეგულირებისათვის. ის გარემოება, რომ დადგენილა ვადაში, მოპასუხემ რაიმე პრეტენზია განაცხადა ან/და მიმწოდებელს დაუწესა დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, ან მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობა გამოიყენა, ნაკლიანი შესრულებისთვის, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება.
82. ამრიგად, მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის წარმომშობი საფუძველების არსებობა, რაც მოპასუხემ სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით, ვერ გააქარწყლა.
83. რაც შეეხება მოპასუხისათვის (აპელანტი/კასატორი) პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი, შედავებას არ შეიცავს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციიდან, ვალდებულების დარღვევის ფაქტიდან და დარღვევის ხასიათიდან, აგრეთვე, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ., სუსგ-ები 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014.; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015.; 19.11.2015წ. №ას-816-767-2015.; 13.07.2018წ. საქმე №ას-428-428-2018)) სრულადაა გასაზიარებელი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა 1000 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის (კასატორი) პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების ნაწილში.
84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
85. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
87. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე