საქმე №ას-614-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში - სამინისტრო ან შემსყიდველი ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,კ–ას“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 12 608,07 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელი იმ გარემოებებს დაეფუძნა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N531 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, საპატრულო ჩანთების შესყიდვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 100 064 ლარს. ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი, იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისათვის საქონელი მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულება ძალაში შევიდა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულების მიწოდების ვადა ამოიწურა 2018 წლის 20 დეკემბერს. მიმწოდებელმა ხელშეკრულების საგნის გარკვეული ნაწილი შემსყიდველს ვადაგადაცილებით მიაწოდა, კერძოდ, 1986 ჩანთა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 99363,55 ლარს, შემსყიდველს მიეწოდა 2019 წლის 21 თებერვალს. ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენს 63 დღეს. ამასთან, ჩანთების დარჩენილი ნაწილი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 700,45 ლარს, მიმწოდებელს დღემდე არ მიუღია.
3. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მიმწოდებელს, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის N531-1 აქტით, ხელშეკრულების 16.1. მუხლის საფუძველზე, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საგნის დაგვიანებით მიწოდებისათვის 12 608,07 ლარის ოდენობით. ამავე აქტით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვადად განისაზღვრა, აქტის ჩაბარებიდან, 10 დღე.
4. პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი მოპასუხეს გაეგზავნა 06.05.2019 წელს, თუმცა, პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
5. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში აღნიშნა, რომ მოპასუხემ მართალია ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, თუმცა, შესრულება განხორციელებულია და შემსყიდველს ხელშეკრულების საგანი მიღებული აქვს. თავის მხრივ, ვალდებულება მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზით - ე.წ. ფორსმაჟორული გარემოების გამო, დაირღვა. კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის 1 აშშ დოლარი ღირდა 2,45 ლარი. ვალუტის კურსმა ხელშეკრულების შესრულების დროისათვის დაახლოებით 20 პუნქტით მოიმატა და 1 აშშ დოლარმა 2,66 ლარი შეადგინა. ლარის კურსის დაცემამ საქონლის მომწოდებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის მიწოდების დაგვიანება გამოიწვია. კომპანია იძულებული გახდა დალოდებოდა ლარის კურსის დასტაბილურებას, რაც ვალდებულების დაგვიანებით შესრულების მიზეზი გახდა. მიმწოდებელმა, დარჩენილი ვალდებულება, 2019 წლის 21 თებერვალს შეასრულა.
6. იმავდროულად, მოპასუხემ სადავო გახდა პირგასამტეხლოს გონივრულობა და აღნიშნა, რომ თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოიცა რეკომენდაცია, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის, ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,02%-ით. სამინისტრო კი, მიმწოდებელს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს არიცხავს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლო - 1260,80 ლარი, რაც მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N531 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შესაბამისად, მიმწოდებელმა თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, 2000 ცალი საპატრულო ჩანთის მიწოდების ვალდებულება იკისრა.
10. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 100 064 ლარს შეადგენდა.
11. ხელშეკრულების მე-16 მუხლით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა, კერძოდ, 16.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის 0,2%-ის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა. ხელშეკრულების 16.7 პუნქტის შესაბამისად, დღეების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შეწყდებოდა, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა.
12. მიმწოდებელმა (მოპასუხე) ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ვერ უზრუნველყო და სამინისტროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი - 2000 ცალი საპატრულო ჩანთა 63 დღის დაგვიანებით, 2018 წლის 20 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 21 თებერვალს, მიაწოდა.
13. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2019 წლის 06 მაისის N531-1 აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს პირგასამტეხლო მიუწოდებელი საპატრულო ჩანთების ღირებულების (700,47 ლარი) 0,2% დაერიცხა, რამაც 63 ვადაგადაცილებულ დღეზე - 88,26 ლარი, ხოლო, საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის - 99 363,55 ლარის 0,2% დაერიცხა, რამაც 63 ვადაგადაცილებულ დღეზე 519,81 ლარი, შეადგინა.
14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N531 ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო.
15. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 16.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის 0,2%-ის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენდა.
17. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა. რაც შეეხება, მისი განაკვეთის შემცირებას, ამის შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 420-ე მუხლი და ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება.
18. ასეთ დროს, მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
19. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
20. აქვე, სააპელაციო სასმართლომ ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.
21. განსახილველ შემთხვევაში, შედავებული არ იყო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება 63 დღის დაგვიანებით შესრულდა, ხოლო 14 საპატრულო ჩანთა (ღირებულება 700,45 ლარი) არ იქნა მიწოდებული.
22. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა სტანდარტულ სასესხო ვალდებულებით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევისგან განსხვავებული იყო და ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებულ გარიგებას წარმოადგენდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, რიგ შემთხვევებში, არაპროპორციულად მაღალია. ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი უნდა დაიცვან და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მცირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მყარი სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ შემდეგი სახის რეკომენდაცია გასცა: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
23. სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ, აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა. შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით უდავოდ დასტურდება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის და იგი მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის 0.2%-ის ოდენობითაა შეთანხმებული.
24. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის მცირე ვადა, ასევე, მოგების ის მარჟა, რომელსაც მოპასუხე კომპანია ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში იღებდა. ამასთან, გაეცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 418-ე და 420-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, საკუთარი ნების შესაბამისად, განსაზღვრონ ხელშეკრულების ყველა პირობა, ასევე, იკისრონ ვალდებულებები ან გამორიცხონ ისინი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრეს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირეს მისი ოდენობა მოპასუხის სასარგებლოდ.
27. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. განსახილველი საკასაციო საჩივრის პრტენზია ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება.
31. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
32. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება აპელანტის (კასატორი) ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა) ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. თავის მხრივ, მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე), სასამართლოს შეუქმნა რწმენა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი შემცირების აუცილებლობის შესახებ.
33. საქმის მასალებით დადგენილია და კასატორს განსახილველ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ: 9-13-ში და სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სავალდებულო ძალა აქვთ.
34. ამდენად, მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარე) ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა წარმოადგენდა. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რითიც შექმნა გონივრული რწმენა, პირგასამტეხლოს, როგორც „შეუსაბამოდ მაღალი“ განაკვეთის შემცირების აუცილებლობის შესახებ.
35. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
36. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
37. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
38. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
40. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).
42. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
45. ზემო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
46. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა, ამ განჩინების პ.26-ში კასატორის მიერ ასახულ პრეტენზიათან მიმართებით აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, კანონიერად მიიჩნია (იხ., ამ განჩინების პპ: 20-24). კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი