საქმე № ა-1493-შ-39-2020 29 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – „S.L.L.’’
წარმომადგენელი - ნ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჭ.ჯ–ა“
განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით „S.L.L.’’-ის (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე,“ „განმცხადებელი“) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილება (ICC საქმე N24116/MHM/HBH), რომლითაც შპს ,,ჭ.ჯ–ას“ (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. საარბიტრაჟო მოპასუხეს დაევალა საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომელიც საარბიტრაჟო მოსარჩელემ ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა.
2. 31.07.2020წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ. განმცხადებლის განმარტებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილების ორიგინალი ტექსტიდან ირკვევა, რომ 683 960 აშშ დოლარს 5% სარგებელი უნდა დაერიცხოს 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე ყოველწლიურად, თუმცა თავად მის მიერ წარმოდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ქართულად ნათარგმნ ვერსიაში გამორჩენილია ტერმინი „ყოველწლიურად“. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული თარჯიმანთა დასკვნა.
3. 31.07.2020წ. განცხადება საარბიტრაჟო მოპასუხეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 15.09.2020წ..
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
7. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ-ებები: 24.06.2011წ, №ას-636-597-2011, 31.01.2019წ. №ას-1489-2018).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილება (ICC საქმე N 24116/MHM/HBH), რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით.
9. 31.07.2020წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ. განმცხადებლის განმარტებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილების ორგინალი (ანუ ინგლისურენოვანი) ტექსტიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხება 5% საპროცენტო სარგებელი 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე, თუმცა, თავად საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ქართულად ნათარგმნ და სანოტარო წესით დამოწმებულ ვერსიაში გამორჩენილია ტერმინი „ყოველწლიურად“.
10. სსსკ-ის 35621 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
ამდენად, განმცხადებელი უთითებს არა სათანადოდ დამოწმებული გადაწყვეტილების თარგმანის მონაცემების სასამართლოს მიერ განჩინებაში უსწოროდ ასახვაზე, არამედ, თავად საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმანში თარჯიმნის მიერ დაშვებულ უსწორობაზე, რაც, თავის მხრივ, შემდგომში გახდა მონაცემის განჩინებაში არასრულად/უსწოროდ ასახვის საფუძველი.
11. განცხადებას ერთვის ნოტარიულად დამოწმებული თარჯიმანთა დასკვნა (დასკვნა შედგენილია ორი თარჯიმნის მიერ, დასკვნას ერთვის მათი განათლების დამადასტურებელი მტკიცებულებები), რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილების ორიგინალ ვერსიაში, რომელიც შესრულებულია ინგლისურ ენაზე, ტერმინი „p.a” არ არის გადმოტანილი ქართულ თარგმანში. „p.a” არის “per annum”-ის აბრევიატურა, რაც ინგლისურ ენაში დამკვიდრებული ლათინური ტერმინია და ნიშნავს „ყოველწლიურს“. შესაბამისად, ორიგინალი ტექსტის მიხედვით, საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხება 5% საპროცენტო სარგებელი 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის დღემდე.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული უსწორობა უნდა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „S.L.L.’’-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებაში გასწორდეს უსწორობა. მის აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მიეთითოს, რომ შპს ,,ჭ.ჯ–ას“ „S.L.L-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა ყოველწლიური 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N 24116/MHM/HBH), რომლითაც შპს ,,ჭ.ჯ–ას“ „S.L.L-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა ყოველწლიური 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი