Facebook Twitter

საქმე № ა-1741-შ-42-2020 29 სექტემბერი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „T. H.M.B.”

წარმომადგენელი - ლ.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ე–ი“

განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810) შპს „გ.ე–ს“ (შემდეგში „საარბიტრაჟო მოპასუხე“) შპს „T. H.M.B.”-ის (შემდეგში „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არბიტრაჟის ხარჯები დაეკისროს საარბიტრაჟო მოპასუხეს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით:

- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.

- შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.

4. 28.07.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა ამავე სასამართლოს 21.07.2020წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. სსკ-ის 35612-ე მუხლით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით:

- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.

- შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.

9. 28.07.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა ამავე სასამართლოს 21.07.2020წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ აშკარაა საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო ხარჯის სახით ჯამში 10 078 ფუნტი სტერლინგის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილია სასამართლოში, განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა და დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა საარბიტრაჟო გადასახადის სახით 10 078 ფუნტი სტერლინგის გადახდა.

10. სსსკ-260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

11. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია გადაწყვეტილებით/განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ-ებები: №ას-636-597-2011 24.06.2011; №ას-1489-2018, 31.01.2019წ).

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების და საქართველოს უზენაეს სასამართლოს 21.07.2020წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველი, ვინაიდან განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 21.07.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობა დარჩა განუხილველად. განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია საარბიტრაჟო მოპასუხისთვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების თაობაზე, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის საარბიტრაჟო ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს, რაც ამ ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა უნდა დარჩენილიყო განუხილველად. შუამდგომლობის ავტორს სსსკ-ის 186.2 მუხლზე მითითებით განემარტა, რომ იმ შეთხვევაში, თუ დავის განმხილველი არბიტრაჟის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ ბუნდოვანების თუ უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე, მას ექნება უფლება არბიტრაჟის ხარჯის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობით კვლავ მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. არ არსებობს უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, სსსკ-ის 35612-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „T. H.M.B.” -ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე