Facebook Twitter

საქმე №ას-358-2020 29 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ი.ო–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი/მ ი.ო–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“), მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 8000 ლარის და პირგასამტეხლოს, 5000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, 30.12.2013წ. და 23.05.2014წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №486 და №131 ხელშეკრულებები, რომლებითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ......, ქვედა ...... უბნის გაზიფიკაციის სამუშაოები.

2.2. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

2.3. მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გადასახდელი თანხა შეადგენს 8000 ლარს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფორმა N2-ის საფუძველზე. მოპასუხეს არ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 09.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება 7002.82 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სენაკის რაიონული სასამართლოს 09.11.2018წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნაცვლად 7002.82 ლარისა, დაეკისრა 6251 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. 30.12.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №486 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ......, ქვედა ...... უბნის გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 15 497 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებდა 30.05.2014წ. ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 10.03.2014წ. (18.1 და 18.2 მუხლები).

5.2. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს. სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).

5.3. მოსარჩელის 03.04.2014წ. განცხადების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.05.2014წ. N002232814 დასკვნით დადგინდა მოსარჩელის მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... ჩიხის გაზმომარაგებისთვის შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

5.4. 08.05.2014წ. ინსპექტირების ჯგუფსა და მოსარჩელეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზე, რომ მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო 31.12.2013წ. №486 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, ქვედა ...... უბანში I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევის გაზიფიკაციაზე შესრულებული სამუშაოები.

ამავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002232814 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა N2-ის თანახმად (გარდა მცირედი გადაცდომებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს სამუშაოს მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ და რომელსაც ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე გავლენა არ მოუხდენია), ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. 31.12.2013წ. №486 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია.

5.5. 23.05.2014წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №131 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ...... უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვა. 14.07.2014წ. ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №131 ხელშეკრულებაში და გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 11 819 ლარით. 28.07.2014წ. ცვლილებით მომსახურების ვადად შეთანხმდა 12.08.2014წ..

5.6. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს. სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).

5.7. მოსარჩელის 23.10.2014წ. განცხადების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.12.2014წ. N007063314 დასკვნით დადგინდა მოსარჩელის მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ...... გაზიფიკაციისათვის შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

5.8. 10.02.2015წ. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და მოსარჩელეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზე, რომ მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო 23.05.2014წ. N131 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ....., ქვედა ...... უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007063314 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა №2-ის თანახმად (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო).

5.9. მოსარჩელის 11.03.2015წ. განცხადების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.04.2015წ. N002432315 დასკვნით დადგინდა მოსარჩელის მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ...... უბნების გაზიფიკაციის შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

5.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.04.2019წ. განჩინებით, განსახილველ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ...... უბნების გაზიფიკაციის რა ღირებულების სამუშაო იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თითოეული დასკვნის შესაბამისად ცალ-ცალკე (ტ.2. ს.ფ.336-338).

5.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 29.07.2019წ. დასკვნის თანახმად: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ...... გაზიფიკაციაზე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს ექსპერტიზის დეპარტამენტის თითოეული დასკვნის შესაბამისად ცალ-ცალკე შეადგენს: ექსპერტიზის დასკვნა N002432315, დანართი N1 – 4 056.2 ლარს; ექსპერტიზის დასკვნა N007063314, დანართი N2 – 4 777,31 ლარს; ექსპერტიზის დასკვნა N002232814, დანართი N3 – 12 739.77 ლარს.

სასამართლომ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ №486 და №131 ხელშეკრულებების ფარგლებში 21 573,28 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი.

5.12. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით სასამართლომ დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამში ჩაურიცხა 15 322 ლარი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 629-ე, 648-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ №486 და №131 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მიერ შესრულებულია 21 573,28 ლარის სამუშაო, მოპასუხის მიერ სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებულია ნაწილობრივ, ჯამში 15 322 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 6 251 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხე მხარეს.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ N486 და N131 ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 21 573,28 ლარი, რითაც გასცდა თავად მოსარჩელის მიერ მითითებულ ოდენობას და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტიცებულებებით უნდა დადასტურდეს ესა თუ ის ფაქტი.

6.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება მასზე, რომ მოსარჩელემ ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის 01.07.2015წ. N808 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო 272 ლარის ოდენობით, რაც ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის დაკისრებას. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა (სუსგ №ას-729-729-2018, 28.02.2019წ.).

11. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

12. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მასზე, თითქოს სააპელაციო პალატა გასცდა სარჩელის ფარგლებს. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო იხილავს დავას სარჩელის ფარგლებში და უფლება არ აქვს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. სასამართლო სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეს დაკისრებოდა №486 და №131 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილი 8 000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.1-15). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 7000.82 ლარის გადახდა, რაც მოპასუხის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. მოპასუხე სააპელაციო საჩივარში სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას, მის ღირებულებას და განმარტავდა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურდა ექსპერტიზის დასკვნების და ფორმა N2-ის საფუძველზე, რომ არ არსებობდა მისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით რაიმე თანხის დაკისრების წინაპირობა. სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი გარემოების დადგენის და შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ექსპერტიზის დანიშვნა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით განსაზღვრული იყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და არა მათი ღირებულება, რომლის განსაზღვრისთვის სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა. სააპელაციო სასამართლოს 08.04.2019წ. განჩინებით ექსპერტიზის წინაშე დაისვა საკითხი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თითოეული დასკვნის შესაბამისად მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ტ.2, ს.ფ.336-338). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.07.2019წ. დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ №486 და №131 ხელშეკრულებების ფარგლებში ჯამში 21 573,28 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი (ტ.3, ს.ფ.13-49) და მოპასუხეს სასარჩელო და საააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში დააკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება 6251 ლარის ოდენობით, რაც სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევად შეფასებული ვერ იქნება.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებები შესრულებულია და შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 21 573,28 ლარს; მოპასუხის მიერ სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებულია ნაწილობრივ, ჯამში 15 322 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 6251 ლარის ანაზღაურება.

14. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე