№ას-1113-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
ფსიქოლოგი - ლ.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვანი ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ა–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი დ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "კასატორი") მიმართ და მოითხოვა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვანი ბავშვების - ა.ხ–ის (დაბადებული 2008 წლის 6 ნოემბერს), მ.ხ–ის (დაბადებული 2010 წლის 10 ნოემბერს) და ნ.ხ–ის (დაბადებული 2014 წლის 10 იანვარს) დაბრუნება ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ, ქ. მიუნხენში გამგზავრების ხარჯის, თითოეული ბავშვისთვის 1200-1200 ლარის, სულ 3600 ლარის დაკისრება; არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოს მოქალაქის პასპორტების მოსარჩელისთვის გადაცემის დავალდებულება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოთხოვნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არასრულწლოვანი ბავშვების გერმანიის რესპუბლიკაში გამგზავრების თაობაზე დროებითი განკარგულების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2019წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.08.2020წ. განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 3519-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 2 კვირიანი ვადის დარღვევის გამო (ტ.3, ს.ფ.481-484).
6. მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 24.09.2020წ. წარადგინა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება (ტ.3, ს.ფ.506-509). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.09.2020წ. განჩინებით მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა მოცემულ საქმეზე განაცხადა თვითაცილება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლომ მისი მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილა მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, რა დროსაც საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ტ.3, ს.ფ.510-515).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 31.07.2020წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მისი გასაჩივრების ვადად მიეთითა 2 კვირიანი ვადა (ტ.3, ს.ფ.499-501).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინებით განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ სსსკ-ი არ უშვებს განცხადებაში მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას (ტ.3, ს.ფ.523-526).
9. მოპასუხემ 05.10.2020წ. კვლავ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
11. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება (განჩინება) თუ იყო გასაჩივრებული, კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 374-407).
13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (იხ.: ტ.3, ს.ფ. 443-458). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 481-484).
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ 11.09.2020წ. განჩინების მიღებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინება.
14. პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუშვებელია მისი გასაჩივრება სააპელაციო თუ საკასაციო წესით. სსსკ-ის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამგვარი წესი კი წარმოადგენს არა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ, ეს არის სსსკ-ის LII თავით დადგენილი საგამონაკლისო წარმოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლებას კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამ პირობათა ჩამონათვალს კანონმდებელი სსსკ-ის 422-ე (ბათილად ცნობის საფუძვლები) და 423-ე (ახლად აღმოჩენილი გარემოებები) მუხლებში გვთავაზობს (იხ.: სუსგ-ები №ას-85-85-2018, 28.02.2018; №ას-1093-1029-2015, 30.10.2015).
15. 05.10.2020წ. წარდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი კვლავ მოპასუხეა და ისევ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინების გაუქმებას, ანუ მოპასუხე საკასაციო წესით ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას და ითხოვს მისი კანონიერების შემოწმებას.
16. სსსკ-ს 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით ხელმეორედ გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს (სუსგ №ას-166-156-2014, 21.02.2014წ.).
17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე