საქმე №ას-131-2020 9 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.ო–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ნ.ო–ის სარჩელის გამო, მ.ზ–ის, დ.ზ–ის, მ.თ–ის, ვ.ს–ძისა და გ.ს–ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ნ.ო–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარამდე შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის 1 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ამასთან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იშუამდგომლა ბაჟის 300 ლარამდე შემცირების თაობაზე და შემცირებული ოდენობის შესაბამისად, დარჩენილი 150 ლარის გადასახდელად ითხოვა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება, ხოლო ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად სასამართლოს მიუთითა, რომ არის პენსიონერი, მისი ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი შეადგენს თვეში 220 ლარს. მტკიცებულების სახით კასატორმა წარმოადგინა ამონაწერი ლიბერთი ბანკიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ნ.ო–ს 2019 წლის 16 იანვარს პირადი ანგარიშიდან გატანილი აქვს 1800 ლარი, სტატუს მომხმარებლის ამონაწერი ანგარიშიდან (სს „თ.ბ–ი’’), რომლიდანაც ირკვევა, რომ საბოლოო ნაშთი ანგარიშზე არის 0.00 ლარი, ასევე წარმოდგენილია ამონაწერი სს „თ.ბ–იდან“ და მასთან 2019 წლის 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, კასატორს ბანკიდან აღებული აქვს 2 500 ლარი. ხელშეკრულების და შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ვალდებულების დაფარვის ბოლო თარიღია 2020 წლის 17 ივლისი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ გადასახდელია - 1105.1 ლარი. ამასთან, წარმოდგენილია სს „ვ.ბ.ჯ–თან“ 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მას დამტკიცებული აქვს - 4 899 ლარის ოდენობით საკრედიტო ლიმიტი, რომლით სარგებლობის ვადის დასრულების თარიღი არის 30.09.2023წ. და 2020 წლის 22 თებერვლის მდგომარებით, აღნიშნული ლიმიტიდან ანგარიშზე დარჩენილია - 4 504.75 ლარი.
2020 წლის 6 მარტის განჩინებით, ნ.ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა გაგრძელდა 10 დღით ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების არ არსებობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოსადგენად, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 1 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, პალატას განცხადებით მომართა ნ.ო–მა, წარმოადგინა 2018 წლისა და 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომლის მიხედვით, კასატორის შემოსავლები შეადგენს 2018 წელს 649.85 ლარს, ხოლო 2019 წელს - 659 ლარს და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარამდე შემცირება.
2020 წლის 30 მარტის განჩინებით ნ. ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე კვლავ არ დაკმაყოფილდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დაუდასტურებლობის გამო და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით, ამასთან, ამავე განჩინებით, მხარეს შესაძლებლობა მიეცა, გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის 85% - 1094.8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა ბაჟის - 1288 აშშ დოლარის 15%-ის - 193.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
დადგენილ ვადაში, სასამართლოს კვლავ მომართა განცხადებით ნ.ო–მა და იმ საფუძვლით, რომ რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იყო ნამდვილი, იგი არ ახორციელებდა შემოსავლებთან დაკავშირებულ საქმიანობას და ასევე შეუძლებელი იყო სამომავლო შემოსავლების წინასწარ განჭვრეტა, წარმოდგენილი დოკუმენტებით რეალურად დგინდებოდა ბაჟის შემცირების საფუძველი (მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა) და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამყარებდა ქვეყანაში არსებული ვითარება, ისევ ითხოვა ბაჟის 300 ლარამდე შემცირება.
2020 წლის 27 აპრილის განჩინებით, ნ.ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე კვლავ არ დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 10 დღით.
განსაზღვრულ ვადაში პალატას ისევ მომართა კასატორმა და ისევ ითხოვა ბაჟის 300 ლარამდე შემცირება. მისი განმარტებით, შემოსავლების თაობაზე მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება სრულ სიმართლეს, ყველა ინფორმაცია არის დასაბუთებული და დადასტურებული კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებში დაცული ინფორმაციით და ყველა სხვა ინფორმაცია მის შემოსავლებზე არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ვარაუდი, ისევე როგორც ვარაუდი უძრავ და მოძრავ ქონებაზე. მხარის განმარტებით, უძრავი ქონება არის მისი შვილების მართლზომიერ მფლობელობაში, საიდანაც არ იღებს არანაირ სარგებელს, დამატებითი შემოსავალი არ აქვს ასევე მოძრავი ქონების მართვიდანაც.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 10 დღით 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, რომლის მიხედვით, ნ.ო–ს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის 85% - 1094.8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა ბაჟის - 1288 აშშ დოლარის 15%-ის - 193.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანს უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
განსაზღვრულ ვადაში (10.08.2020წ.), პალატას ისევ მომართა კასატორმა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას სრული ოდენობით ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არც საქმის დასრულების მომენტში ექნებოდა და კვლავ ითხოვა მისი შემცირება, ასევე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილდების შემდეგ დარჩენილი თანხის გადასახდელად ითხოვა 14 დღე.
საკასაციო პალატამ არაერთხელ განუმარტა კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ეს ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ასევე არაერთხელ განემარტა მხარეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ მიიჩნეოდა საკმარის მტკიცებულებებად და სასამართლოს ვერ შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე და გადახდისუუნარობაზე, რაც გახდებოდა მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა კანონის შესაბამისად, ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად მხარე უთითებს იმ ფაქტზე, რომ არის პენსიონერი და ამასთან აქვს ფინანსური ვალდებულებები კომერციული ბანკების მიმართ, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელწიფო სუბსიდიის მიღებისა და სესხების არსებობის ფაქტი უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ მხარეს სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია და გადახდიისუუნაროა. ფაქტი იმის შესახებ, რომ პირი იღებს პენსიას, არ გამორიცხავს სხვა შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება კასატორის გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას, არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას ვერ ადასტურებს, ანუ წარმოდგენილი მტკიცებულებები პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რაც ხარვეზის გაგრძელების განჩინებაშიც იქნა აღნიშნული, რომ ნ.ო–ი დღემდე არის მოქმედი ადვოკატი, იგი ფიქსირდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებვერდზე არსებულ წევრთა ერთიან სიაში, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, კასატორს ბანკიდან აღებული ჰქონდა 2 500 ლარი, ამ ეტაპისათის დასრულებული უნდა იყოს, რადგან ხელშეკრულების და შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ვალდებულების დაფარვის ბოლო თარიღია 2020 წლის 17 ივლისი. გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სს „ვ.ბ.ჯ–თან“ 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესახებ) მიხედვით, კასატორს დამტკიცებული აქვს - 4 899 ლარის ოდენობით საკრედიტო ლიმიტი, რომლით სარგებლობის ვადის დასრულების თარიღია - 30.09.2023წ. და 2020 წლის 22 თებერვლის მდგომარებით, აღნიშნული ლიმიტიდან ანგარიშზე დარჩენილი იყო - 4 504.75 ლარი.
საქმეში არ არსებობს რაიმე დოკუმენტი იმისა, რომ მხარე სასესხო ვალდებულებებს ვერ ასრულებს და გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება. ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია (მაგალითისათვის, ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის შესახებ და სხვა), რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს სრულყოფილად შეეფასებინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კასატორმა მის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებაში, რომელშიც იშუამდგომლა ბაჟის 300 ლარამდე შემცირების თაობაზე, დაურთო ბაჟის ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო დარჩენილი 150 ლარის გადასახდელად ითხოვა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მას ამ დრომდე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით განმტკიცებულ სასამართლო ხელმისაწვდომობისა და პირთა თანასწორობის პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ისე _ ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა მართალია, არ წარმოადგენს ილუზორულ უფლებას, თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური, რადგანაც იგი შეიძლება ემყარებოდეს შეზღუდვას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით საკასაციო სამართალწარმოების ვადა 6 თვითაა განსაზღვრული, ხოლო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, კასატორის შუამდგომლობების საფუძველზე, 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და არღვევს მხარეთა თანასწორობის სამართლიან ბალანსს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად სრულყოფილად არ გამოუსწორებია ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374-ე (3) მუხლების შესაბამისად, იგი სრულად უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 374-ე, 368-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ნ.ო–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. ნ.ო–ს (პ/ნ.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 27.02.2020წ. #0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 150 ლარი.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე