საქმე №ას-690-2020 16 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.გ–ძე, ე.ვ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ძის უფლებამონაცვლე ე.კ–ძე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.გ–ძის, ე.ვ–ძის და შ.ვ–ძის (შემდეგში: პირველი, მეორე, მესამე მოპასუხე ან ერთად წოდებული მოპასუხეები) მიმართ, რომლითც მოითხოვა მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ქონების – მდებარე რუსთავი, .....5 (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა, რომ 2015 წლის 7 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელემ, მეორე მოპასუხისაგან იყიდა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნული ნივთი, ხელშეკრულების დადების დღესვე, ზეპირი შეთანხმებით მიაქირავა პირველ მოპასუხეს 2017 წლის 7 იანვრამდე. მოგვიანებით, მოსარჩელემ, ქირის ოდენობასთან დაკავშირებული საფუძვლით, მოსთხოვა დამქირავებელს, სადავო უძრავი ქონების დაცლა, თუმცა, ბინა კვლავ პირველი მოპასუხის მფლობელობაშია.
3. მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინეს, რომელშიც განმარტეს, რომ მხარეთა შორის, რეალურად, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ ზეპირი ფორმით. გამოსყიდვის კონკრეტული ვადა კი, არ განუსაზღვრავთ. ასევე, მათ მიუთითეს სადავო უძრავი ნივთის დაქირავებაზეც.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე პირველმა და მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში ცნობილი იქნა ე.კ–ძე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 92-ე მუხლი).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით (საოქმო) მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2020 წლის 24 ივნისს, 11:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომაზე გამოუცხადებელ აპელანტებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ, კერძოდ, დადასტურებული იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2020 წლის 24 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ინფორმირების მიზნით, აპელანტების წარმომადგენელს - ნ.ს–ძეს უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: რუსთავი, ....., რომელიც 2020 წლის 08 ივნისს ჩაიბარა ადრესატის დედამ - დ.ს–ძემ.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში (ტ.1, ს/ფ 127 და ს/ფ 151) ინახება აპელანტების მიერ ნ.ს–ძეზე ერთი წლის ვადით გაცემული რწმუნებულება, რომელთა გაუქმების შესახებ საქმეში ცნობა წარმოდგენილი არ არის. პირველი მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის მოქმედების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 ივლისი, ხოლო მეორე მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის მოქმედების ბოლო ვადაა 2020 წლის 02 აგვისტო. ამასთან, ნ.ს–ძე იძებნება ადვოკატთა ერთიან სიაში (საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის №8516, სპეციალიზაცია - სამოქალაქო).
10. სააპელაციო საამართლომ აპელანტი მხარისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილები, უწყებების ჩათვლით, ჩააბარა მის წარმომადგენელს. შესაბამისად, აპელანტებს გონივრული დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ საქმის განხილვაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან პირადად მიეღოთ მონაწილეობა.
11. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებების შესახებ სასამართლო ინფორმირებული არ იყო (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე და 229-ე მუხლებით, ასევე, 277-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტები არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტების წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით.
14. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ უწყება, რომელსაც თანდართული ჰქონდა სააპელაციო შესაგებელი, გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს. სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა აპელანტების წარმომადგენლის ოჯახის წევრმა 2020 წლის 8 ივნისს. თუმცა, ქვეყანაში არსებულ პანდემიასთან დაკავშირებით, აპელანტების წარმომადგენელი, რომელიც იყო ორსული და აქვს შაქრიანი დიაბეტი, როგორც რისკის ქვეშ მყოფი პირი, არ იმყოფებოდა ქალაქში - ფაქტობრივ მისამართზე. მან დაგვიანებით მიიღო სასამართლო გზავნილის შესახებ ინფორმაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
17. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სასამართლოს უწყების მისი ოჯახის წევრის მიერ ჩაბარების ფაქტს, გასაჩივრებული განჩინების (საოქმო) გაუქმების საფუძვლად, იგი, უწყების შინაარსის მისთვის დაგვიანებით გადაცემას ასახელებს, კერძოდ, განმარტავს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით წარმოდგენდა რა მაღალი რისკის ჯგუფს (ორსული, შაქრიანი დიაბეტის მქონე), არ იმყოფებოდა ფაქტობრივ მისამართზე, ხოლო მისი ოჯახის წევრმა დროულად ვერ გადასცა უწყების შინაარსი.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას, როგორც განჩინების გაუქმების მართლზომიერი საფუძველის არსებობას, არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე, ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
20. სსსკ 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
21. ამასთან, სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
22. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2020 წლის 24 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ინფორმირების მიზნით, მას უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: რუსთავი, ......., რომელიც 2020 წლის 08 ივნისს ჩაიბარა ადრესატის დედამ - დ.ს–ძემ (ს.ფ. 331). კერძო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას წარმომადგენლობის განხორცილების უფლებამოსილებასთან მიმართებითაც. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ამ განჩინების პ.9-ში მითითებული მსჯელობას.
23. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტები ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული სასამართლო სხდომის დღის შესახებ.
24. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ იგი, ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, არ იმყოფებოდა მის ფაქტობრივ მისამართზე, ხოლო სასამართლო უწყების შინაარსი, დროულად ვერ გადასცა მისი ოჯახის წევრმა, რათა მას მოეხდინა სასამართლოს ინფორმირება, მისი მდგომარეობის შესახებ.
25. მართალია, საყოველთაოდ ცნობილია ქვეყანაში არსებული მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ პუნქტი, თუმცა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო უწყება ჩაბარებულია 2020 წლის 8 ივნისს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომა, რომელზედაც არ გამოცხადდა აპელანტი მხარე და არც გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებების შესახებ აცნობა სასამართლოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, დანიშნული იყო 24 ივნისს. შესაბამისდ, აპელანტებს საკმარისი დრო ჰქონდათ მომზადებულიყვნენ სასამართლოში თავიანთი ინტერესების წარმოსადგენად და კერძო საჩივრის ავტორის მითითება, არ ადასტურებს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას.
26. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მხარეს ობიექტურად არ შეეძლო საპროცესო ვალდებულების მარწმუნებლებისათვის შეტყობინება ან (სხდომაზე გამოცხდება) შესრულება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად სსსკ-ის 387-ე და 229-ე მუხლების, ასევე, 275.1. „გ“ პუნქტის საფუძველზე.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ძის და ე.ვ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე