საქმე №ას-759-2020 16 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ფ.ს–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ფ.ს–ის (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 2570 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლი).
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს გაეწია საექსპერტო მომსახურება, რომლის მომზადების ღირებულების საფასურმა შეადგინა 2570 ლარი. მოპასუხეს არ გადაუხდია გაწეული მომსახურებისთვის ტარიფით დადგენილი გადასახადი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების საფასური - 2570 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
5. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ფ.ს–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 75 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 07 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
8. დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სადაც ჩაბარდა ადრესატის ძმისშვილს - მ.ს–ს, 2019 წლის 06 დეკემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 07 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 13 დეკემბერს.
9. დადგენილია, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუმადგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე 64 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით.
12. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინების ჩაბარებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მ.ს–ს, რომელსაც არ უცნობებია მისთვის გზავნილის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მ.ს–ს და მის ოჯახს არა აქვს კარგი დამოკიდებულება კერძო საჩივრის ავტორთან და ამიტომ არ აცნობეს მას, გზავნილის შესახებ.
13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ 2019 წლის 11-15 დეკემბერს და მისი მხრიდან ვერ მოხდებოდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება.
14. ამასთან, წარმოდგენილ კერძო საჩივარში მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ წარმოშობდა მის წინააღმდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს. კერძოდ, იგი მიუთითებს სსსკ-ის 233-ე, 241-ე 2321 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მას არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტები (იხ., კერძო საჩივარი - ს.ფ. 145).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით, არ ჩაჰბარებია
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაჰბარებია.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე, ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
19. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 26 ივლისის განჩინების ასლი მოსარჩელეს/აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაჰბარდა ადრესატის ძმისშვილს (მ.ს–ს). აღნიშნული კი, სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების მიხედვით, მიიჩნევა ხარვეზის განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად (ს.ფ. 137).
20. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია, რადგან მ.ს–ს და მის ოჯახს არა აქვს კარგი დამოკიდებულება კერძო საჩივრის ავტორთან და ამიტომ არ აცნობეს მას გზავნილის შესახებ. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპოდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების საფუძველზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს). განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღებ პირს არ ჰქონდა მისი ჩაბარების უფლებამოსილება (შეადრ: სუსგ-ები Nას-1364-2019, 14 იანვარი, 2020; №ას-1105-2019, 5 სექტემბერი, 2019; №ას-707-2019, 29 ივლისი, 2019).
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, მისი უცხოეთში ვიზიტის შესახებ, 2019 წლის 11-15 დეკემბრის ფარგლებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული, მისი დადასტურების შემთხვევაშიც არ ათავისუფლებდა აპელანტს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულებისაგან.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს, ამ განჩინების პ-14-ში, მითითებულ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება, კერძო საჩივრის პროცესუალური თავისებურებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვერ შემოწმდება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადის დაცვით არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე