№ას-439-439-2018 15 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ი.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს.ო.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით:
1.1. შპს „ს.ო.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.2. ი.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 27 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან დავალიანების, 13 845 აშშ დოლარის (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 972 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 873 აშშ დოლარი) გადახდა;
1.3. მსესხებელს გამსასხებლის სასარგებლოდ დაევალა 2014 წლის 27 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის (სესხის ძირი თანხის 3%) ანაზღაურება, სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 27 ივნისამდე;
1.4. დადგინდა, რომ დავალიანება დაფარულიყო გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე, ქ.თბილისი, ......, შენობა-ნაგებობა №2, 87.63კვ.მ, შემდეგში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) რეალიზაციით.
2. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, რომელმაც მოითხოვა მისი ნაწილობრივ (წინამდებარე განჩინების 1.3. პუნქტი) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
3.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 387.1 მუხლი (თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ). სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (მსესხებელი), რომლის წარმომადგენელსაც სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ. ამასთან, ამავე სხდომაზე, მეორე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215.3 მუხლზე (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებიტ ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) და აღნიშნა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. აქედან გამომდინარე, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საჩივარი შეიტანა, მან ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა, შემდეგი ორი საფუძვლით: არც მოპასუხეს და არც მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია; სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5.1. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა, რადგან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდებოდა. პირიქით, საფოსტო უკუგზავნილებით დგინდებოდა, რომ 2017 წლის 7 ივნისს აპელანტის წარმომადგენელს შესაბამისი უწყებით ეცნობა 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომისა და მასზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე.
6. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
6.1. აპელანტს სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია;
6.2. უკანონოა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის მსესხებლისათვის დაკისრება სესხის ძირითადი თანხის 3%-ით, სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 27 ივნისამდე. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს მოსარჩელესთან ცალმხრივად შეწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულება, შესაბამისად, მსესხებელს სარგებელი ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე უნდა დაჰკისრებოდა და არა - ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ვადამდე. გარდა ამისა, სესხზე დარიცხული სარგებელი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
8. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები გამოიყენება. სსსკ-ის 387.1 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9. კანონის ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ: აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387.1 მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (შდრ. სუსგ. №ას-1555-2018, 7.06.2019წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ აპელანტს სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. საქმეში არსებობს აპელანტის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება (ტომი 2, ს.ფ. 13) და უკუგზავნილი ამ უწყების წარმომადგენლის ოჯახის წევრისათვის (ბაბუა) ჩაბარების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 16). სსსკ-ის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, თუკი მხარე სასამართლოში საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებს, სასამართლო არ არის ვალდებული, უწყება ორივე მათგანს გაუგზავნოს, ამასთან, საკმარისია უწყება ერთ-ერთ მათგანს ან სულაც მათი ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ჩაჰბარდეს, ასეთ პირობებში უწყება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
11. ამდენად, რაკი საქმის მასალებით ნათლად დასტურდება სასამართლო უწყების აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების ფაქტი, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია უწყების ჩაუბარებლობის თაობაზე მოპასუხის პრეტენზია. კასატორი რაიმე ისეთ არგუმენტზე ვერ მიუთითებს, რაც საქმეში არსებული სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებას გააქარწყლებდა, ამ მტკიცებულებით კი, დადასტურებულია მისთვის უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარება.
12. კასატორის მეორე პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლოს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. საკასაციო პალატას კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებლად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მიერ მოხმობილი სსსკ-ის 230-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება. იგი სხვა შემთხვევას აწესრიგებს, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, თუ მოპასუხე არ გამოცხადდება საქმის განხილვაზე და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას. ამ შემოწმების მიზანი ისაა, რომ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 229-ე მუხლი). ასეთივე შინაარსის დანაწესს შეიცავს სსსკ-ის 387.1 მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი (ანუ სააპელაციო მოსარჩელე) არ გამოცხადდება საქმის განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. არც მოსარჩელის და არც აპელანტის გამოუცხადებლობისას, მათ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, სასამართლო არ შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არც მთლიანად საქმეს სამართლებრივი თვალსაზრისით. მას გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობის გამო და არა - საქმის მასალების მიხედვით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უცვლელად უნდა დარჩეს.
14. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი