Facebook Twitter

№ა-704-შ-24-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ა–ი“

წარმომადგენლები - თ.ც–ი, დ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ.ვ–ი

წარმომადგენლები - რ.ც–ძე, ვ.კ–ძე

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება – რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლ–ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის სარჩელი ქ.ა. ასული ვ–ის (შემდეგში - მოპასუხე, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე), დ.ა. ასული რ–სა და ს.ვ. ასული ბ–ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. ლ–ის #7... განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის (შემდეგში - კრედიტორის) სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 145 324 799.89 რუბლის გადახდა;

1.2. გადახდევინება მიექცა იპოთეკით დატვირთულ მოპასუხის კუთვნილ153.8 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე (მისამართი: ქ. მოსკოვი, ..... ქ. მეორე კორპუსი, მე-17 სახლი, ბ. #144). დავალიანების დაფარვის მიზნით, 2006 წლის 9 თებერვალს არაგანახლებადი საკრედიტო ხაზის #5426 გახსნის შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად, დადგინდა გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 22 786 192.61 რუბლი; რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლ–ის #7.... განყოფილების სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2000 რუბლის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 19 მაისს. 2009 წლის 13 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით „სასამართლომ გადაწყვიტა: გადაახდევინოს სოლიდარული წესით ქ.ა. ასულ ვ–ს, დ.ა. ასულ რ–სა და ს.ვ. ასულ ბ–ას რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის - ქალაქ მოსკოვის ლ–ის რაიონული განყოფილების N... - რფ სკშბ ფილიალის სასარგებლოდ 145 324799 რუბლი 89 კაპიკი“. კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ორგანოს წარუდგინა 2009 წლის 15 დეკემბერს.

3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლ–ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის განჩინებით - დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლეობა და მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის შემნახველი ბანკი“ შეიცვალა შპს „ა–ით“, ხოლო, 2018 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა–მა“ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა - როგორც „ა–ი“ (შემდეგში - კრედიტორის უფლებამონაცვლე).

4. კრედიტორის უფლებამონაცვლემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლ–ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის გადახდა, კრედიტორის სასარგებლოდ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.

6. შუამდგომლობის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დაცვით მოწინააღმდეგე მხარემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2019 წლის 18 ივლისს გამართულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართული მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენის შედეგად, ასკვნის, რომ რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლ–ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. შუამდგომლობა აკმაყოფილებს ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

11. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მასალების შესწავლით ირკვევა, რომ:

- მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე;

- გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2009 წლის 19 მაისს;

გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მხოლოდ ნაწილობრივაა აღსრულებული (გადაწყვეტილებით დაკისრებული 145 324 799.89 რუბლიდან გადახდილია 715 217.23 რუბლი). აქედან გამომდინარე, მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება იმ ნაწილში, რაც არ აღსრულებულა.

12. მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და ძირითადად საკუთარ პოზიციას აფუძნებს იმაზე, რომ ის სათანადოდ არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, ასევე, გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ასევე, არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობა, რადგან მოვალეს რუსეთის ფედერაციაში გააჩნდა საკმარისი ქონება გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

12.1. პალატა არ იზიარებს მოვალის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1.1. საკასაციო პალატა მიუთითებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის, ლ–ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ამომწურავი ზომები გამოიყენა სასამართლო სხდომის თარიღის მოპასუხისათვის შესატყობინებლად, რასაც მოწმობს საქმეში არსებული დოკუმენტები. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე თავს არიდებდა უწყებების ჩაბარებას, რაც იწვევდა დავის გაჭიანურებას. გადაწყვეტილებისვე მიხედვით, მოპასუხისათვის ცნობილი იყო დავის შესახებ. ამასთან, დავა ერთ წელზე მეტი მიმდინარეობდა, რაც მიუთითებდა მოპასუხის რეალურ შესაძლებლობაზე, წარედგინა მტკიცებულებები და შედავება, რომელიც უარყოფდა სასარჩელო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებაში მითითებულ ამ დასკვნას ამყარებს თანდართული მასალები, რომელთა თანახმადაც, მოპასუხე წარდგენილ განცხადებებსა და შუამდგომლობებში უთითებდა იმ მისამართს, სადაც სასამართლომ გააგზავნა უწყებები.

12.1.2. არ არის გასაზიარებელი მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობი იყო და სასამართლოს მოპასუხის ძებნა უნდა გამოეცხადებინა. როგორც აღინიშნა, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერვე მითითებული მისამართი, ხოლო საქმისწარმოების განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, როგორც საქართველოს (სსსკ-ის 76-ე მუხლის), ისე - რუსეთის ფედერაციის (რფსსკ-ის 118-ე მუხლის) საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარე ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნის შედეგად ჩაბარებულად მიიჩნევა, თუნდაც მხარე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ეს უკანასკნელი მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა.

12.1.3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეიცავს მკაფიო მითითებას საქმის განხილვაში მოპასუხის მონაწილეობის ან კანონით დადგენილი წესით მისი ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა როგორც გადაწყვეტილებით, ისე თანდართული საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.

12.1.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მინსკის კონვენციის 53.2 „б“ მუხლის (შუამდგომლობას თან ერთვის დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში) შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილება, თანდართული საქმის მასალები, მათ შორის, სასამართლო უწყებები, ადასტურებს, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული და არ არსებობს ამავე კონვენციის 55 „б“ მუხლით (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება) გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

12.2. დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის წერილობით მოსაზრებაში და სასამართლო სხდომაზე მითითებული პრეტენზია იმის შესახებ, რომ გავიდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გასულია, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონით გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი სამი წლის ვადა, რაც ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

12.2.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით სასამართლო ხელმძღვანელობს მინსკის კონვენციის 55 „е“ მუხლით, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების აღიარებასა და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუკი ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. შესაბამისად, ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის დამაბრკოლებელი გარემოება - ხანდაზმულობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა შემოწმდეს. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 30-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც ამ მოთხოვნის მიმართ გამოიყენება, პალატა განმარტავს, რომ ამ ორ ნორმას შორის არ არსებობს კოლიზია, რამდენადაც ეს უკანასკნელი ნორმა მიუთითებს არა გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ გამოსაყენებელ სამართალზე, არამედ თავად უფლების იძულებით განხორციელებისა თუ დაცვის მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ გამოსაყენებელ სამართალზე. ასეც რომ არ იყოს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. იმავე წესს ადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობას, მინსკის კონვენციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეამოწმებს არა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) შესაბამისად.

12.2.2. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 142.1 მუხლით (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.) გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში. ამდენად, 10 წელი არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, შეუძლია, მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ სააღსრულებო დაწესებულებას და მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება (შდრ. სუსგ №ა-1639-შ-37-2015; 30 ივლისი, 2015 წელი ). კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სსკ-ის 142.1 მუხლის მიზნებისათვის უნდა გაუტოლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ცნობაუნარიანი იქნება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 142, civilcode.ge).

12.2.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ კრედიტორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით შესაბამის ორგანოს - რუსეთის სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის, ქ. მოსკოვის სამმართველოს სასამართლო აღმასრულებელთა დოროგომილოვსკის განყოფილებას 2009 წლის 15 დეკემბერს მიმართა. ამდენად, კრედიტორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაცია სსკ-ის 142.1 მუხლით გათვალისწინებული 10-წლიანი ვადის დაცვით განახორციელა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი ხანდაზმულობასთან მიმართებით არ არის გასაზიარებელი.

12.2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არის გასული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც რუსეთის ფედერაციაში სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2009 წლის 15 დეკემბერს, არ არის გასული არც ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (აღსრულება შეწყდება თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა) გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების 10-წლიანი ვადა.

12.2.5. ამდენად, არ არსებობს მინსკის კონვენციის 55 „е“ მუხლით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

12.3. დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს რუსეთის ფედერაციაში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის ქ. მოსკოვის სამმართველოს 20.06.2019 წლის ცნობით, დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მიიღო სააღსრულებო წრმოების დასრულების თაობაზე დადგენილება, რამდენადაც მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და „მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო“. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება იმ უძრავ ქონებათა გასხვისება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ მოვალის საკუთრება იყო.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლ–ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ქ.ვ–ს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის გადახდა, ლ–ის #7.... განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც მოპასუხე ქ.ვ–ს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის გადახდა, ლ–ის #7... განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ.ქათამაძე

მომხსენებელი: ბ.ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი