Facebook Twitter

საქმე #1640-2019 19 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – გ.ბ–ი, ნ.ძ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების შესაგებლის წარუდგენლობის გამო და ზ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ......, საკადასტრო კოდი ....., დაზუსტებული ფართობი: 2094.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1; გაშენების ფართი: 266.0. კვ.მ და აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

- მოპასუხეებმა გაასაჩივრეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა;

- თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ბ–მა და ნ.ძ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.ბ–მა და ნ.ძ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

8. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. თელავი, სოფ. ....., მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, მისამართლზე არავინ იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს განმეორებით გაეგზავნა კორესპოდენცია ზემოაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ ვერც ამჯერად მოხერხდა ადრესატისათვის ჩაბარება. სასამართლოში მობრუნებული კონვერტით დგინდება რომ, ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკლნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლო გზავნილი კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, იგი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კასატორმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2020 წლის 15 თებერვალს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 16 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს. მითითებულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ისა და ნ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე