Facebook Twitter

№ას-1030-2019 17 ივლისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ–ა ..“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ–ი“ (შემდეგში - ამხანაგობა) მიერ 2010 წლის 14 სექტემბერს წევრთა საერთო კრების ოქმით დამტკიცებული წესდებით ამხანაგობის აუცილებელი და სავარაუდო ხარჯები განისაზღვრა.

2. სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში - ბანკი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 2011 წლის 29 დეკემბრიდან ქ. თბილისში, .... N4-ში მდებარე შენობაში 794 კვ.მ ფართის (28.29% წილ) მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი გახდა.

3. შპს „ბ–ა ..“ (შემდეგში - შპს, მოსარჩელე), რომელიც ამხანაგობის წევრია, 2011 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობის ხარჯებს იხდიდა, რაზეც ამხანაგობის წევრებს შეტყობინებები ეგზავნებოდათ. შეტყობინებებით მოთხოვნილი იყო მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების, ამხანაგობის წევრთა შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით ანაზღაურება.

4. მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ხარჯი ბანკს არ აუნაზღაურებია.

5. 2017 წლის 15 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბანკის წინააღმდეგ 25 052.11 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

5.1. მოსარჩელის მტკიცებით, რაკი ის წინმსწრებად იხდიდა ამხანაგობის ქონების მოვლა-პატრონობისა და საექსპლუატაციო ხარჯებს, მოპასუხეს, როგორც ამხანაგობის წევრს, უნდა დაეკისროს თანხის გადახდა კუთვნილი ფართის პროპორციულად.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მომსახურების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ პირებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია არა ამხანაგობის წარმომადგენლის, არამედ მოსარჩელის სახელით და, შესაბამისად, გაურკვეველია მოთხოვნილი ხარჯების რეალურად გაწევის ფაქტი. ამასთან, არ დგინდება შპს-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების მიზნობრიობა - მოხმარდა თუ არა ხელშეკრულებით გაწეული მომსახურება ამხანაგობის ინტერესებს, ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას. მოსარჩელის კუთვნილი ქონება გაცემულია იჯარით და ხელშეკრულებებით დგინდება, რომ საშვთა ბიუროს შექმნასა და არსებობაზე პასუხისმგებლობა აიღეს ხელშეკრულების მხარეებმა იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, სარგებელს იღებენ საიჯარო ურთიერთობის მონაწილეები, მაგრამ არა ამხანაგობა. ამდენად, არ დასტურდება გაწეული ხარჯების აუცილებლობა და მიზნობრიობა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის (2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით) გაწეულ საერთო ხარჯებში, მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 794 კვ.მ ფართის პროპორციული (28.29% წილი) თანხის - 25 052.11 ლარის გადახდა.

8. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

10.1. მოსარჩელე ამხანაგობის წევრების წინასწარი ნებართვის გარეშე, საკუთარი სახელით და არა ამხანაგობის სახელით გამოდიოდა მესამე პირებთან ურთიერთობაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ამხანაგობის რამდენიმე წევრმა აანაზღაურა შპს-ს მიერ გაღებული თანხები, მათ კონკლუდენტურად დაადასტურეს მისი უფლებამოსილება, რაც არასწორია. დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა, უფლებამოსილების მინიჭების/დადასტურების კონტექსტით ვერ იქნება გამოყენებული. ამდენად, მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი, ამხანაგობა წარმოედგინა მესამე პირებთან ურთიერთობაში.

10.2. მხარეები ხარჯების საერთო მოცულობაზე არ შეთანხმებულან, მოსარჩელე საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავდა ხარჯების მოცულობასა და კონტრაჰენტის შერჩევის პროცესს. წესდების 22-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების მბოჭავი ხასიათის მინიჭებისათვის აუცილებელი იყო მხარეთა შორის შეთანხმება ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წესდების საფუძველზე მხარეები ყველა არსებით პირობაზე არ შეთანხმებულან.

10.3. რაკი თვითნებურად, ამხანაგობის წევრების წინასწარი ნებართვის გარეშე, საკუთარი სახელით, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დებდა მომსახურებისა და სხვა ტიპის ხელშეკრულებებს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა პირადი და არა ამხანაგობის ხარჯია, შესაბამისად, არ არსებობს ამხანაგობის წევრების, მათ შორის - არც ბანკის ვალდებულება აანაზღაუროს ასეთი ხარჯები.

10.4. საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამხანაგობის სხვა წევრების მიერ ხარჯების ანაზღაურების ფაქტს. ამასთან, ამხანაგობის სხვა წევრების კონკლუდენტურ მოწონებას გავლენა ვერ ექნებოდა ბანკის უფლებებსა და მოვალეობებზე.

10.5. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის ქმედება ტიპური შემთხვევა იყო დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისა. ისეთ შემთვევებში, როდესაც მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, ამასთან, მოსარჩელეს არც კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით ჰქონდა მომსახურების/სამუშაოების განხორციელების ვალდებულება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ "მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის მომწესრიგებელ დანაწესებში უნდა იქნეს მოძიებული, ამ მხრივ, კონკურენცია არსებობს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასა და კონდიქციურ ვალდებულებას შორის. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია უნდა გადაწყდეს სწორედ სარჩელში გადმოცემული ფაქტების შესაბამისად." (იხ. სუსგ №ას-1004-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი). ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, აუცილებელი ხარჯების მოცულობის ფაქტების დადასტურებისა და მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის მხარეზეა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, თითქოსდა, ყველა ხარჯი აუცილებელად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ხოლო საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა.

10.6. თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მრავალბინიან სახლში მდებარე ფართობის საექსპლატაციო ხარჯების პროპორცია მაშინ, როდესაც მესამე პირი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ნივთს, დავას იწვევს სასამართლოებს შორისაც კი. მართალია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ დროს მესაკუთრეს არ ეკისრება ხარჯები, თუმცა მფლობელობის განხორციელების შეუძლებლობის ფაქტის მოპასუხის მიერ დაუდასტურებლობაზე მიუთითა. სინამდვილეში, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის შესახებ მითითებული იყო, როგორც შესაგებელში, ისე ზეპირსიტყვიერად, თითქმის ყველა ახსნა-განმარტების მიცემისას, ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია თავად მოსარჩელესაც.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად), სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მართებულად უარყო აპელანტის მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორად დატოვა უცვლელად, თუმცა პალატამ ნაწილობრივ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 986-ე (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) მუხლიდან და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან (ამხანაგობის წევრი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად) გამომდინარეობს.

16. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სხვისი ვალის დაფარვიდან წარმოშობილი კონდიქციური მოთხოვნის წინაპირობაა ვალის რეალურად არსებობა („არანამდვილი ვალდებულების შესრულებით ვითომ-მოვალე არაფერს არ მოიპოვებს და მისგან რამის კონდიცირება შეუძლებელია“ იხ. რუსიაშვილი, „უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადება“, თბილისი 2020, გვ. 90).

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას ამხანაგობის წინაშე დავალიანება არ გააჩნია. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პირველ, მეორე მუხლებზე, მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-13 მუხლზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წევრებს შორის არსებობს კანონისმიერი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეხება ამხანაგობის საერთო ქონების ნორმალურ ფუნქციონიერებას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სავალდებულოა ამხანაგობის წევრებისათვის. ამდენად, ბანკს, როგორც ამხანაგობის წევრს, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოვლა-პატრონობის, ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ექსპლუატაციის საჭირო ხარჯების გაღება ევალებოდა.

18. არ არის გასაზიარებელი კასატორის არგუმენტი, რომ, უკანონო მფლობელობის გამო, კუთვნილი ქონების გამოუყენებლობა, ამხანაგობის წინაშე საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოვლა-პატრონობის ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა.

18.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების გამოუყენებლობა, ისევე, როგორც უარის თქმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობაზე, არ ათავისუფლებს მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯებში მონაწილეობისაგან) დაკავშირებულ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ქონების გამოუყენებლობა არ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უკანონო მფლობელობის გამო მესაკუთრე ვერ ახერხებს, დაეუფლოს მის ქონებას. პალატა მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობის გამო გამოუყენებლობა არ ათავისუფლებს მას საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯებში მონაწილეობისაგან. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ „ქონების გამოუყენებლობაში“ კანონმდებელი გულისხმობს არა მარტო იმ შემთხვევას, როდესაც ამხანაგობის წევრი თავისი ნებით არ იყენებს კუთვნილ ქონებას, არამედ - ისეთ შემთხვევასაც, როდესაც ამხანაგობის წევრი მესამე პირთა ბრალით ვერ ახერხებს თავისი ქონებით სარგებლობას.

18.2. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება მესაკუთრისა და ამხანაგობის წევრთა ინტერესები. ორივე მხარე სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეა, სამოქალაქო ბრუნვა კი, არ არის დაზღვეული რისკებისაგან. მოცემულ სამართალურთიერთობაში, უკანონო მფლობელობის რისკი მესაკუთრის და არა - ამხანაგობის მხარეზეა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, მესაკუთრე ქონების ბედს განაგებს მასზე მესამე პირების ზემოქმედების გამორიცხვის თვალსაზრისითაც. სწორედ ამით განსხვავდება საკუთრების უფლება სხვა სანივთო უფლებებისგან. ამასთან, კანონისმიერი ბოჭვის (ისევე, როგორც სახელშეკრულებო) დათქმა გასათვალისწინებელია საკუთრების შემთხვევაშიც, შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავისი საკუთრების გამოუყენებლობის მოტივით შეილახოს მეზობლის, ამხანაგობის წევრის ან სხვა მესამე პირთა უფლება (შდრ. კერესელიძე, „უზოგადესი სისტემური ცნებები“, 2009, საკუთრების უფლება, გვ. 221-222). შესაბმისად, წინ იწევს ამხანაგობის ინტერესის დაცვა, რამდენადაც ამხანაგობის წევრები დაცული უნდა იყვნენ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან.

18.3. საკითხავია, რამდენად სამართლიანი იქნება საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მესაკუთრისათვის, რომელიც საკუთრების უფლებას ვერ ახორციელებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო? კანონმდებლის მიზანია, შექმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ბრუნვის მონაწილეთა მიერ უფლებების განხორციელებისათვის. ამასთან, სამართლის ამოცანა, ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილებაცაა. სამოქალაქოსამართლებრივი რისკების ფონზე, ამხანაგობის წევრებისათვის უპირატესობის მინიჭება, იმ მესაკუთრესთან შედარებით, რომელიც ნივთზე უფლებას საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს, გამოწვეულია ამ უკანასკნელის უფლებამოსილებით, საკუთარი ინტერესი დაიცვას უკანონო მფლობელისთვის, კანონისმიერ ვალდებულებითი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით, მოთხოვნის წარდგენით. ამდენად, ამხანაგობის წევრთა ინტერესის პრიორიტეტულობა განპირობებულია იმითაც, რომ ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ხარჯში ამხანაგობის იმ წევრის წილი, რომელიც ვერ ახერხებს ქონების ფლობას ამხანაგობის სხვა წევრების ასანაზღაურებელი იქნება, რაც ამ უკანასკნელთათვის გაუმართლებლად მძიმე ტვირთი იქნება. ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ბინათმეასაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი ქონების უკანონო მფლობელობის გამო გამოუყენებლობისას კანონმდებელმა სამართლებრივი რისკი მესაკუთრეს დააკისრა.

19. კასატორის შემდეგი პრეტენზია გაწეული ხარჯების ოდენობასა და მიზნობრიობას შეეხება. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია. ბუღალტრული დოკუმენტაციით, ხელშეკრულებებით, მიღება- ჩაბარების აქტებით, ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სახელფასო უწყისებითა და სხვა დოკუმენტებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის ხარჯების გაღების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი შედევება მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების არამიზნობრიობის თაობაზე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტებს ვერ აქარწყლებს. კასატორი იმასაც მიუთითებს, რომ არც ამხანაგობის სხვა წევრები არ ანაზღაურებდნენ ხარჯებს, რაც არასწორია. საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ ამხანაგობის წევრებისათვის გაგზავნილ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ დავალიანებას ამხანაგობის წევრები ეტაპობრივად იხდიდნენ (ტ. ს.ფ. 64-145). ამასთან, ასეც რომ იყოს, ამხანაგობის სხვა წევრების მიერ ხარჯების გადაუხდელობა არ ათავისუფლებს მოპასუხეს მისი წილის პროპორციული ხარჯის გადახდის ვალდებულებისაგან, რადგან ამხანაგობის ყველა წევრი დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი წილის პროპორციული ხარჯის ანაზღაურებაზე.

20. საკასაციო საჩივრით კასატორი მოსარჩელის ქონების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხების დაფარვის უფლებამოსილებაზეც დავობს.

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და ის არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა. სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (შდრ. სუსგ №ას-1069-1022-2014,16 ივნისი, 2016). ამდენად, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა სწორედ ის არის, რომ პირი მოვალის ქონებრივ სფეროში იჭრება ისე, რომ მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ ბანკს ამხანაგობის წინაშე ვალი ჰქონდა, მოსარჩელემ ის გადაიხადა (რაც სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად დასაშვები იყო) და ბანკი გამდიდრდა ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით. შესაბამისად, „რეგრესის კონდიქციის“ ყველა წინაპირობა შესრულებულია.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ, რაკი მოსარჩელე საკუთარი სახელითა და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დებდა მომსახურებისა და სხვა ტიპის ხელშეკრულებებს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს მის პირად და არა - ამხანაგობის ხარჯს.

პალატა განმარტავს, რომ არ არის აუცილებელი შესრულება/გადახდა მხოლოდ მოვალის ინტერესებში შედიოდეს, შესაძლებელია გადამხდელი საკუთარ ინტერესებსაც ითვალისწინებდეს („გადახდა მხოლოდ მოვალის ინტერესებში არ უნდა იყოს, არამედ გადამხდელსაც შეუძლია ამით საკუთარი ინტერესების გატარება“ იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 986). შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობა მოსარჩელის ინტერესშიც შედიოდა, რის გამოც ის მოპასუხის ვალსაც ისტუმრებდა, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას არ გამორიცხავს. ამდენად, მოსარჩელემ შეასრულა რა ბანკის ვალდებულება ამხანაგობის წინაშე უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ხარჯების ანაზღაურება.

22. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მოსარჩელე დავალების გარეშე ასრულებდა სხვის საქმეებს, რის გამოც ურთიერთობა შესაბამისი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს. პალატა გარკვეულწილად ეთანხმება კასატორს, კერძოდ, დანახარჯების კონდიქციაზე უპირატესად უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ეს წინაპირობები სახეზე არ არის, მხოლოდ მაშინ მოწმდება 986-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის წარმატებულობა (იხ. „რეგრესის კონდიქციის გამოყენება გამორიცხულია, როდესაც ეს რეგრესი სხვაგვარად არის შესაძლებელი, მაგალითად, 969-ე, 974-ე მუხლების საფუძველზე“, რუსიაშვილი, „უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადება“, თბილისი 2020, გვ. 90 ).

23. პალატა მიიჩნევს, რომ უკუმოთხოვნის უპირატესი შესაძლებლობა არ არსებობს, კერძოდ, გამოირიცხება როგორც დავალების, ისე - დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენა შემდეგ გარემოებათა გამო:

23.1. სსკ-ის 971-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. კანონის დანაწესი მეპატრონისათვის მისი საქმის დაწყების შეტყობის თაობაზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც, თუ შეტყობის შემდეგ მეპატრონე მოიწონებს დაწყებული საქმის შესრულებას, ურთიერთობა დავალების სახეს იძენს, ხოლო, თუკი შემსრულებლისათვის ცნობილი გახდება, რომ საქმის შემდგომი გაგრძელება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას, სხვისი საქმეების შესრულება უნდა შეწყდეს.

23.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულება რამდენიმე წლის განმავლობაში მესამე პირის მხრიდან სრულდებოდა, მოვალემ ეს იცოდა და უარს არ აცხადებდა. ამასთან, ბანკის დუმილი ვერც საქმეების მოწონებად და დავალების ხელშეკრულების დადების წინაპირობად ვერ იქნება მიჩნეული, რამდენადაც დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში უკავშირებს მას სამართლებრივ შედეგებს. ჩვეულებრივ, დუმილს რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. დუმილი, როგორც ნების გამოვლენა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს თვით კანონით. დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლება თანხმობად (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 51). განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მითითებული წინაპირობები იმისათვის, რომ ბანკის დუმილი დავალების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობად იქნეს მიჩნეული.

23.3. ამდენად, ბანკის ის შედავებაც, რომ მოსარჩელისათვის არ მიუცია თავისი ვალების გასტუმრების უფლებამოსილება, არც შემდგომში მოუწონებია ქმედება, ხოლო ამხანაგობის სხვა წევრების კონკლუდენტურ მოწონებას გავლენა ვერ ექნებოდა ბანკის უფლებებსა და მოვალეობებზე, არაარსებითია. დადგინდა, რომ ბანკს ამხანაგობის წინაშე ვალი ჰქონდა, მოსარჩელემ ის გადაიხადა, შესაბამისად, ბანკი გამდიდრდა ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქმედების მოწონებისა თუ დაწუნების მიუხედავად, ქონებრივი წონასწორობა უნდა აღდგეს უსაფუძვლო გამდიდრების შესაბამისი ნორმით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს.ბ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1253 ლარის (საგადახდო დავალება #33865, გადახდის თარიღი 02.08.2019.) 70% – 877.10 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი