Facebook Twitter

№ას-1980-2018 28 ნოემბერი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – რ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – მ.დ–ა, მ.დ–ი, ე.ბ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის“ (შემდეგში - ამხანაგობა) წევრი რ.მ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 2007 წლის 11 იანვრის სართო კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 322.47 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ.

2. ამხანაგობის წევრებმა - მ.დ–ამ, მ.დ–მა, და ე.ბ–ამ (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს მოპასუხის, ამხანაგობისა და ქ.ფ–ძის (შემდეგში -თავდაპირველი მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 11.01.2007 წლისა და 10.10.2007 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობა.

3. მოსარჩელის მტკიცებით, 2011 წლის 11 მარტს თავდაპირველმა მოპასუხემ დაამოწმა ამხანაგობის ორი კრების ოქმი, რომელიც დათარიღდა 2007 წლის 11 იანვრით და 2007 წლის 10 ნოემბრით. 2013 წლის 6 დეკემბერს კრების ოქმების საფუძველზე ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებაში არსებული სხვენი დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად. მოსარჩელეთა მტკიცებით, ამხანაგობის წევრთა საერთო კრება საერთოდ არ ჩატარებულა და სადავო ოქმები უკანონოდ არის შედგენილი. მოპასუხის მიერ შეცდომაში შეყვანის შედეგად, თავდაპირველმა მოპასუხემ ოქმებს ხელი მოაწერა. ამასთან, ეს უკანასკნელი ამხანაგობის თავმჯდომარე არასდროს არ ყოფილა. სადავო ოქმების ხელმოწერისას ამხანაგობის თავმჯდომარე იყო თავად მოპასუხე, ხოლო 2011 წლის 4 ივლისიდან დღემდე ამხანაგობის თავმჯდომარე არის მ.ს–ძე (შემდეგში - თავმჯდომარე).

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს კრების ოქმების ბათილად ცნობისთან მიმართებით იურიდიული ინტერესი არ აქვთ. მისი მტკიცებით, მოსარჩელეები კრების ოქმების ჩატარებისას არ იყვნენ ამხანაგობის წევრები, ხოლო მათმა წინამორბედებმა სხვენზე თავიანთი უფლება მოპასუხეს გადასცეს.

5. თავდაპირველმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;

6.1. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2007 წლის 11 იანვრის (დამოწმებული 11.03.2011 წელს ნოტარიუს თ.დ–ის მიერ რეესტრის N110223391) და 2007 წლის 10 ნოემბრის (დამოწმებული 11.03.2011 წელს ნოტარიუს თ.დ–ის მიერ რეესტრის N110223405) კრების ოქმები.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

8.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც სასამართლოს მსჯელობის საგანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, უპირველეს ყოვლისა, შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე დასახელებული ოქმების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს.

8.1.2. პალატამ დაადგინა, რომ სადავო ფართი, რომელიც ამხანაგობის საერთო საკუთრება იყო, ამხანაგობის წევრთა საერთო ნების გარეშე განიკარგა. მოსარჩელეები კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ კრებები არ მოწვეულა, არ ჩატარებულა კანონის მოთხოვნათა დაცვით და, სადავო კრების ოქმების საფუძველზე, ამხანაგობის საერთო ქონება მოპასუხეს უკანონოდ გადაეცა ინდივიდუალურ საკუთრებაში, რითაც შეიზღუდა მოსარჩელეების, ისევე, როგორც ამხანაგობის სხვა წევრთა უფლებები. ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო სხვენი და სარდაფი კვლავ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად აღირიცხება. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია კრების ოქმების ბათილობის მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელეთა კანონიერი იურიდიული ინტერესის არსებობა, ვინაიდან, აღნიშნულმა, შესაძლოა, მომავალში განაპირობოს მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა.

8.2. აღნიშნულის შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია აქვს თუ არა იურიდიული ძალა სადავო კრების ოქმებს ანუ აკმაყოფილებს თუ არა კრების ოქმი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, იქნა თუ არა მოწვეული კრება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

8.2.1. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო კრებები მოწვეული იყო და ჩატარდა კანონით დადგენილი წესით. ამხანაგობა შედგებოდა 8 წევრისგან, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაესახელებინა მისი 2/3 წევრი, რომელთა მონაწილეობის შემთხვევაშიც, კრება უფლებაუნარიანი იქნებოდა, მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, კრების თავმჯდომარე წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნობდა სარჩელს და ადასტურებდა, რომ სადავო კრებები არ ჩატარებულა და მან ოქმს ხელი მოაწერა შეცდომის საფუძველზე. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ამხანაგობას 2007 წლის 11 იანვარსა და 10 ნოემბერს კრება არ ჩაუტარებია, ამხანაგობის წევრები კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებულნი არ ყოფილან და მათ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

9.1. კასატორის მტკიცებით, 1959 წელს მისმა მამამ შექმნა კოოპერატივი, რომელმაც ააშენა კორპუსი. იგი ოჯახთან ერთად სარგებლობდა სხვენით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სხვენის ფლობა და სარგებლობა მოპასუხემ გააგრძელა. ეს გარემოება დადასტურდა მეზობლების მიერ სადავო კრებებზე, რაც, თავის მხრივ, ნოტარიუსმა დაადასტურა. ამის შემდეგ მოპასუხემ სადავო სხვენი საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა.

9.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო კრებები არ ჩატარებულა, არასწორია. სასამართლომ ამ ფაქტის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. მიუხედავად ამისა, კრების ჩატარების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგნა სათანადო მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეთა ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებებს.

9.3. რაც შეეხება თავდაპირველ მოპასუხეებს, იკვეთება მათი ინტერესი სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ წილს სხვენიდან. ამდენად, სასამართლომ არასწორად დააყრდნო გადაწყვეტილება მათ ახსნა-განმარტებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12. მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 11.01.2007 წლისა და 10.10.2007 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობაა. მითითებული მოთხოვნა აღიარებითი შინაარსისაა. აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებამდე სასამართლო ვალდებულია, მისი დასაშვებობა შეამოწმოს. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეამოწმეს წარდგენილი აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებს ნამდვილი იურიდიული ინტერესი ჰქონდათ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წარდგენილი აღიარებითი სარჩელი არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

13. აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.

14. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა . . . აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015, ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები საქმეზე ას -121-117-2016).

15. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელთა იურიდიული ინტერესი სხვენზე ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების უფლების აღდგენაა. მითითებულ უძრავ ქონებაზე, სადავო კრების ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოპასუხეა რეგისტრირებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობით, სადავო სხვენზე მათი თანასაკუთრების უფლება აღდგება, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო კრების ოქმებს ბათილად მივიჩნევთ, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა საკუთრებაში დაბრუნების საკმარისი საშუალება, ვინაიდან ამისათვის მოსარჩელეებმა უნდა აღძრან შესაბამისი მიკუთვნებითი სარჩელი, რომლის მტკიცების საგანს (და არა - სასარჩელო მოთხოვნას) შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, კრების ოქმების ბათილობით მოსარჩელეები ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს. ამ მიზნის მისაღწევად უნდა არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება სადავო ქონების ამხანაგობის წევრთათვის მიკუთვნების თაობაზე. რაკი ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეებს არ აღუძრავთ, სასამართლო კი, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება (სსსკ-ის 248-ე მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, შესაბამისად, ეს სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.

17. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა, როგორც აღინიშნა, იურიდიული ინტერესის არსებობაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეებს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ აქვთ. ეს კი, მოსარჩელეთა აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

18. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და სსსკ-ის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვისკენაა მიმართული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. ამდენად, მოცემულ საქმეზე, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. მ.დ–ას, მ.დ–ისა და ე.ბ–ას სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. რ.მ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ.ჭ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #7, გადახდის თარიღი 06.12.2018) 70% – 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი