საქმე №ას-47-2020
6 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.თ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
რ.მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს "მ.თ–ის" მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით რ.მ–ის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით რ.მ–ს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზნეაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა რ.მ–ი (მისამართზე: ქ. თბილისი, ......) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინების ჩაბარება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით რ.მ–ს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა ორჯერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......), თუმცა ადრესატს სასამართლო გზავნილი ორივე შემთხვევაში ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე რ.მ–ი არ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა რ.მ–ი (მისამართზე: ქ. თბილისი, .......) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინების ჩაბარება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია (ბინაზე გამოცხადების ოქმი), რომელშიც აღნიშნულია რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე მისულ შსს წარმომადგენელს დახვდა ქალბატონი ნ.ნ–ძე, რომელმაც განაცხადა, რომ რ.მ–ი დაახლოებით ერთი წელია იმყოფება გერმანიაში. ნ.ნ–ძემ სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე განაცხადა უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლო გზავნილს რ.მ–ს ვერ გადასცემდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 სექტემბერს პოლიციის მიერ შედგენილ ბინაზე გამოცხადების ოქმში აღნიშნულია, რომ ნ.ნ–ძე და რ.მ–ი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება რ.მ–ს გაეგზავნა იმავე მისამართზე, რომელ მისამართზეც საქართველოს უზენაესი სასამართლო უგზავნიდა კორესპონდენციას კერძო საჩივრის ავტორს. საქმის მასალებში არსებულ საფოსტო ბარათში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს ნ.ნ–ძემ, როგორც რ.მ–ის მეუღლემ ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება (იხ. ს.ფ 340, ტომი პირველი).
აღნიშნული განჩინება რ.მ–მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და საკუთარ მისამართად თბილისი, ....... მდებარე ბინა N4 მიუთითა.
საკასაციო პალატის დასკვნით ყოველივე ხსენებულიდან დასტურდება, რომ კერძო საჩივრის შედგენის პერიოდისთვის რ.მ–ი ცხოვრობდა მის მიერ საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებში მითითებულ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ....... მდებარე ბინა N4.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ რ.მ–მა შეიცვალა მისამართი რის თაობაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე რ.მ–ასთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინება უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად 2020 წლის 20 სექტემბრიდან. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მერვე სამმართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტის თარიღიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო სათანადო მოვლენის დადგომის (ხარვეზის განჩინების ჩაბარების თარიღი) მომდევნო დღეს - 2020 წლის 21 სექტემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 25 სექტემბერს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რ.მ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 76-ე, 396-ე, 284-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. რ.მ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე