Facebook Twitter

საქმე №ას-176-2020

06 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბ.ქ–უ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სეხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით (გირავნობით) დატვირთული ნივთების იძულებითი რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,ბ.ქ–უმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჯ-ის“, ზ.ც–ძის, მ.ც–ძის და მ.დ–ის მიმართ მიმართ სეხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების, იპოთეკით (გირავნობით) დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე.

მოპასუხე შპს ,,ჯ-მ’’ სარჩელი არ ცნო. ზ.ც–ძეს, მ.ც–ძეს და მ.დ–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ბ.ქ–უს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ბ.ქ–უმ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, სს ,,ბ.ქ–უს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ.ც–ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით ზ.ც–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ზ.ც–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზნეაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევაა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ზ.ც–ძე (მისამარზე: თბილისი, ......., ტ - 597 ....) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების ჩაბარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ზ.ც–ძეს გაეგზავნა ორჯერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ......), თუმცა ადრესატს სასამართლო გზავნილი ორივე შემთხვევაში ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ზ.ც–ძე აღნიშნულ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ზ.ც–ძე (მისამარზე: თბილისი, ..... N8, ტ - 597 .....) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების ჩაბარება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 21 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მესამე სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მესამე სამმართველომ ჩააბარა ზ.ც–ძის შვილს ს.ც–ძეს, 2020 წლის 10 აგვისტოს, აღნიშნული დასტურდება ხელწერილით.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ.ც–ძის ოჯახის წევრის (შვილის) მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების ჩაბარება ითვლება კერძო საჩივრის ავტორისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 11 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 17 აგვისტოს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ ზ.ც–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1.ზ.ც–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე