Facebook Twitter

საქმე №ას-376-2020

30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - რ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ა

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.გ–ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

რ.დ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ა მიმართ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

მ.გ–ამ რ.დ–ძის სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

მ.გ–ამ სარჩელი აღძრა რ.დ–ძის მიმართ ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე.

რ.დ–ძემ მ.გ–ას სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.გ–ას სასარჩელო მოთხოვნებიც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა რ.დ–ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით რ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.დ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.გ–ას სარჩელის არ დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით რ.დ–ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა რ.დ–ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე; რ.დ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განახლებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.დ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით რ.დ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განახლებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

ზემოთ ხსენებული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2020 წლის 1 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად რ.დ–ძეს 2020 წლის 16 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 17 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 26 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 26 ივლისი იყო კვირა არასამუშაო დღე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2020 წლის 27 ივლისს, ორშაბათ დღეს - პირველი სამუშაო დღე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. რ.დ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე