საქმე №ას-959-2020
1 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – კ.ც–ძე, მ.ღ–ი, მ.ც–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,პ.ფ–ის“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,პ.ფ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ც–ძის, კ.ც–ძის, მ.ღ–ის, მ.ც–ძის, დ.ც–ძის და ხ.ბ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,პ.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით კ.ც–ძის, მ.ღ–ის, დ.ც–ძისა და ხ.ბ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა კ.ც–ძის, მ.ღ–ის, დ.ც–ძისა და ხ.ბ–ძის ნაწილში და განახლდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,პ.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების, კ.ც–ძის (პ/ნ .......), მ.ღ–ის (პ/ნ .......), დ.ც–ძის (პ/ნ .......) და ხ.ბ–ძის (პ/ნ .......) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. გორში, ........ მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს ”პ.ფ–ის” (ID ნომერი: ....).
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მ.ღ–მა, კ.ც–ძემ, დ.ც–ძემ და ხ.ბ–ძემ.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ.ღ–ის, კ.ც–ძის, დ.ც–ძისა და ხ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართოლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ.ღ–მა, კ.ც–ძემ, დ.ც–ძემ და ხ.ბ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ივნისის განჩინებით მ.ღ–ის, კ.ც–ძის, მ.ც–ძისა და ხ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კ.ც–ძემ, მ.ღ–მა და მ.ც–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემული საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართზე (გორი, .....). საქმის მასალებში არსებული საფოსტო ბარათით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი კერძო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2020 წლის 12 ივნისს (იხ. ტომი მეორე, ს.ფ - 25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
კერძო საჩივრის ავტორებისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო მათ მიერ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ანუ 2020 წლის 13 ივნისიდან და ამოიწურა 2020 წლის 24 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, კ.ც–ძის, მ.ღ–ისა და მ.ც–ძის კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა კერძო საჩივარი ფოსტაში ჩააბარეს 2020 წლის 26 ივნისს).
ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, კ.ც–ძის, მ.ღ–ის და მ.ც–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კ.ც–ძის, მ.ღ–ის და მ.ც–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე