საქმე №ას-367-2020
23 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.წ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2016 წლის 11 მარტს ი.გ–ასა (შემდგომში „სარჩენი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და გ.წ–ძეს (შემდგომში „მარჩენალი“ ან „მოპასუხე“) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა სარჩენის მიმართ იკისრა ვალდებულება, რომ არჩენდა სიცოცხლის ბოლომდე, ავადმყოფობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის ჯეროვან მოვლა-პატრონობას, ხოლო სარჩენმა სანაცვლოდ მარჩენალს საკუთრებაში გადასცა ქ. სამტრედიაში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობა და 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2. სასარჩელო მოთხოვნა:
სარჩენმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მარჩენალის მიმართ და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
2.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განცხადებით, მარჩენალი არ ასრულებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს - არ უვლიდა სარჩენს, არ ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, კვებასა და ჰიგიენაზე. სარჩენს თავად უხდებოდა თავის მოვლა, კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მოტანა. ამავე დროს, მარჩენალი სარჩენს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. მათ შორის დაპირისპირება ისეთ კონფლიქტში გადაიზარდა, რომ სარჩენმა მოსთხოვა მარჩენალს ხელშეკრულების ნოტარიუსის მეშვეობით გაუქმება, თუმცა უარი მიიღო, რაც სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არასდროს დაურღვევია. პირიქით, მუდამ ზრუნავდა სარჩენზე, მის ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან გამოხატული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მოსარჩელის სახეზე არსებული სილურჯეები (რაც მის მიერ წარდგენილ სარჩელზე დართულ ფოტოსურათში ჩანს) თვითდაზიანების კვალია და აღნიშნული დასტურდება მეზობლების გამოკითხვის ოქმებით. მოსარჩელის მიმართ გაცემულია შემაკავებელი ორდერი, საიდანაც ირკვევა, რომ თავად სარჩენია მოძალადე, ხოლო მსხვერპლი - მარჩენალი.
4. ირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. ააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მხარეებს აქვთ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ (მარჩენალმა) დაარღვია რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (არ უვლიდა სარჩენს, არ ზრუნავდა მის ჯანრთელობასა და ჰიგიენაზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას), რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და ხელშეკრულების პირობების შესრულება შეუძლებელი გახდა. თუმცა მან აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია - გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა მარჩენალთან ურთიერთობის უკიდურესად გაძნელებისა და აუტანლობის არსებობა.
6.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი ფოტოსურათით, რომელზეც მოსარჩელეს სახეზე სილურჯეები აღენიშნება, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მას ეს დაზიანება. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი ირკვევა, რომ აღნიშნული სილურჯეები თვითდაზიანების კვალია.
6.4 სააპელაციო პალატამ მტკიცებულების არარსებობის გამო არ გაიზიარა ასევე მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიმართ გაცემულია შემაკავებელი ორდერი მოსარჩელისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
7.2 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლი, უხეშად ჩაერია მხარეთა ურთიერთობაში და მიუხედავად იმისა, რომ სარჩენსა და მარჩენალს შორის 2018 წლის 1 მაისიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ურთიერთობა, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებლობას აძლევს მოპასუხეს დაისაკუთროს მოსარჩელის ქონება.
7.3 სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელია, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მარჩენალი მას არც უვლის და არც მის საჭიროებებზე ზრუნავს, პირიქით, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მათ შორის ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის.
7.4 სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც ირკვეოდა, რომ სარჩენისა და მარჩენალის (როგორც რძალ-დედამთილის) ურთიერთობა რჩენის ხელშეკრულების დადებამდეც დაძაბული იყო. ხელშეკრულების დადების შემდეგაც მოსარჩელე არაერთხელ სთხოვდა მოპასუხეს გაჰყოლოდა ნოტარიუსთან მის გასაუქმებლად. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ მარჩენალი არ ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რამაც სარჩენს წარმოუშვა უფლება მოეთხოვა მისი გაუქმება.
7.5 სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმის მასალებით დადგენილი ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 1 მაისს წარმოშობილი კონფლიქტისას პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, ასევე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, დახმარება გაეწია მოსარჩელეს, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. კასატორის მოსაზრებით, თუნდაც გაზიარებული იქნას მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელემ სახეზე თვითდაზიანება მიიყენა, ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ამის შემდეგ მოპასუხესთან რაიმე სახის ურთიერთობის (მითუმეტეს, თბილი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის) გაგრძელება წარმოუდგენელია. ხოლო იმ პირობებში, როდესაც ამჟამად მოპასუხე სარჩენს არანაირ მზრუნველობას აღარ უწევს, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი (დასაშვები) რჩენის ხელშეკრულებით დადგენილი ურთიერთობის შენარჩუნება.
7.6 სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზეც, რომ მოპასუხის სახელზე გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი მოსარჩელის მიმართ მის მიერ გამოვლენილი ძალადობის ფაქტზე.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
9. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები.
13. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
17. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
18. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
20. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
21. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მითითებულ ნორმაში ასახული გარემოებები კი მხარეთა მიერ სათანადო მტკიცებულებების საქმეზე წარდგენის გზით უნდა დადასტურდეს.
25. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებაც, რომ მარჩენალი მას არაერთგზის აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ ზრუნავდა მის ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ შორის არსებული ურთიერთობის გაგრძელებას.
მოპასუხის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ფოტოსურათი, სადაც სარჩენს სახეზე აღენიშნება სილურჯეები. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოცემული სახის დაზიანებები მოსარჩელეს მოპასუხემ მიაყენა. მსგავსი სახის მტკიცებულებაზე ვერც კასატორი მიუთითებს. პირიქით, მოწმის სახით დაკითხულ პირთა (მეზობლების) ჩვენებებით ირკვევა, რომ ფოტოსურათზე ასახული სილურჯეები თვითდაზიანების კვალია.
27. უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია იმის შესახებაც, რომ თუნდაც ფოტოსურათზე ასახული სილურჯეები იყოს თვითდაზიანების შედეგი, სასამართლოს მაინც დადასტურებულად უნდა მიეჩნია მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობის ფაქტი და გაეუქმებინა რჩენის ხელშეკრულება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგან ამგვარი პოზიცია საფრთხეს უქმნის სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურ განვითარებას.
პალატის დასკვნით, სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლი ითვალისწინებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმას, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული მოტივით მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო სარჩელის დაკმაყოფილება, თუ დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე გ.წ–ძე არღვევდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დადგინდა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი არ დაურღვევია.
28. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან ძალადობის ფაქტი გაცემული შემაკავებელი ორდერით დგინდება, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და შენიშნავს, რომ მარჩენალის მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელების დამადასტურებელი რაიმე გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. პირიქით, საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილ, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 1 მაისს გაცემულ შემაკავებელი ორდერში მოძალადედ მითითებულია მოსარჩელე, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლისთვის - მოპასუხისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება (იხ. ს.ფ 63).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსსჯელობას მოსარჩელის მხრიდან სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობის შედეგად სსკ-ის 949-ე მუხლში ასახული წანამძღვრების და შესაბამისად, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების დაუდასტურებლობის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხის მხრიდან მისი შეურაცხყოფის და მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი.
30. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-652-618-2015, 16 ივლისი, 2015 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.გ–ას (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.ო–ის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #23543299, გადახდის თარიღი 4/05/2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე