Facebook Twitter

საქმე №ას-599-2020

23 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ე.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე ა.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა.ბ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ქ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

1.1.სარჩელის საფუძვლები:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 იანვრის განკარგულების საფუძველზე მოსარჩელე გახდა უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ......., 40 კვ.მ ფართი, ს/კ: ........) (შემდგომში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მესაკუთრე. აღნიშნული ქონება მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონების ფართი გაცილებით მეტია და არ არის გამიჯნული. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი 40 კვ.მ ფართი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომლის გათავისუფლებასაც იგი ითხოვს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს და მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რომელიც ნივთს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.

5.3. სასამართლომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება - 40 კვ.მ ფართი - რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე 10 კვ.მ ფართი რეგისტრირებულია ნ.მ–ის სახელზე (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 10 კვ.მ ფართი ნ.მ–მა შეიძინა მოსარჩელისგან და მოსარჩელის კუთვნილი ფართისგან ფაქტობრივად გამიჯნა კედლით). ამდენად, საასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ 40 კვ.მ ფართს.

5.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს არ აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი - მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

5.5. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოსარჩელე რეალურად იმაზე მეტ ფართს ფლობს, ვიდრე საჯარო რეესტრის ამონაწერშია მითითებული, სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერები სადავოდ არ გამხდარა, აზომვითი ნახაზი ვერ გააქარწყლებდა რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად მის საკუთრებაში არსებული ბინაა ის უძრავი ქონება, სადაც მოპასუხე ცხოვრობს - სარჩელიდან არ ირკვევა ბინის რომელი 40 კვ.მ ფართიდან გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გართულდება მისი აღსრულებაც, რადგან აღსრულების ეტაპზე ქონების შესაფასებლად საჭიროა მისი იდენტიფიცირება, რაც შეუძლებელია, რადგან სადავო ქონების რეალური ფართობი მოპასუხის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით გაცილებით მეტია.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

8. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. I ს.ფ. 14), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

19. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით სადავო ქონების რეალური ფართობი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ 40 კვ.მ-ზე გაცილებით მეტია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაართულებს მის აღსრულებას. საკასაციო პალატა ამავე საკითხთან იზიარებს სააპალაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში დაცული აზომვითი ნახაზით უტყუარად დგინდება #01...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მესაკუთრეებს შორის რეალურად გამიჯვნის ფაქტი (იხ. ტ. I ს.ფ. 48). დასახელებული გარემოებიდან გამომდინარე უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი მოსარჩელის ქონების იდენტიფიკაციის შეუძლებლობისა და შესაბამისად საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გართულების შესახებ.

20. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია აქვს თუ არა მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. ხოლო საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა სარჩელში მითითებული ქონების ფართობი მოპასუხის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზში მითითებული ფართობის იდენტური, არსებითად სცდება წინამდებარე დავის ფარგლებს. მითუფრო მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლითაც სადავო 40 კვ.მ ფართის მესაკუთრეა მოსარჩელე, შედავებული არ არის. ქონების აზომვით ნახაზში მითითებული მონაცემები კი ვერ გააქარწყლებს საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა სისრულის პრეზუმფციას.

21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ თავად საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს. მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად კი, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით. კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.

22. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-25-23-2017, 2017 წლის 30 ივნისის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, ე.ქ–ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 (ას ხუთი) ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ე.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ქ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს თ.ქ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 23/07/2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე