Facebook Twitter

საქმე №ას-392-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ჩ–ი, ლ.ჟ–ი, ნ.ჟ–ი, ა.ჟ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პ.პ–ის სარჩელი, მ.ჩ–ის, ლ.ჟ–ის, ნ.ჟ–ისა და ა.ჟ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და - მ.ჩ–ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის გადახდა, აგრეთვე დაევალათ არასრულწლოვანი აპელანტების დედის - მ.ჩ–ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ან მ.ჩ–ის, როგორც არასწრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლის (დედის) მიერ გაცემული მინდობილობა ადვოკატ - კ.ჩ–ზე, რომლის თანახმადაც დადგინდებოდა რომ წარმომადგენელს ჰქონდა უფლებამოსილება წარედგინა სააპელაციო საჩივარი არასრულწლოვანი აპელანტების სახელით, ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, ამასთან, არასრულწლოვანი აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა

5. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა მ.ჩ–მა, რომელმაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდათ ვადა.

7. დასახელებული 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტებს, კერძოდ, მ.ჩ–ისთვის გაგზავნილი გზავნილი მის წარმომადგენელს - კ.ჩ–ს ჩაჰბარდა 2020 წლის 11 მარტს, ხოლო არასრულწლოვანი აპელანტებისთვის გაგზავნილის გზავნილი 2020 წლის 11 მარტს ჩაჰბარდა მათ დედას - მ.ჩ–ს (ტ.1,ს.ფ.205-208).

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა აპელანტებს დაეწყოთ 2020 წლის 12 მარტიდან და ამოეწურათ იმავე წლის 23 მარტს. დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში აპელანტებმა არ შეავსეს ხარვეზი.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს, ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ, აგრეთვე კერძო საჩივრის ფარგლებში, არსებითი პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაუსაბუთებლობის თაობაზე არ წარმოუდგენიათ.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

15. სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

16. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

17. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა, შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჩ–ის, ლ.ჟ–ის, ნ.ჟ–ისა და ა.ჟ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე