Facebook Twitter

საქმე№ა-3139-შ-66-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ზ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ქ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის სააპელაციო განჩინება სამოქალაქო საქმეზე №33-34570/19

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გაბათილდა, 1963 წლის 8 მარტს დაბადებული ტ.ვ. ძე ზ–ძესა და 1963 წლის 8 მარტს დაბადებული ე.ა. ასულ ლ–ას (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2007 წლის 1 მარტს, მოსკოვის მმაჩის სამმართველოს კ. მმაჩის განყოფილების №415 სააქტო ჩანაწერი.

2. ქ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის სააპელაციო განჩინებით რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც გაბათილდა, ტ.ვ. ძე ზ–ძესა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის, 2007 წლის 1 მარტს, მოსკოვის მმაჩის სამმართველოს კ. მმაჩის განყოფილების №415 სააქტო ჩანაწერი.

3. საერთო იურისდიქციის მქონე მეორე საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო განჩინება დარჩა უცვლელი, შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულებულია რუსეთის ფედერაციაში.

4. რ.ზ–ძემ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) 2020 წლის 1 სექტემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ქ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. შუამდგომლობის ავტორისა და შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა და ტ. ზ–ძემ (შემდეგში: მამკვიდრებელი) ქორწინება დაარეგისტრირეს 1988 წლის 20 ივლისს. მხარის განმარტებითა და დასახელებული გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორისა და მამკვიდრებლის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმებული არ არის. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ შუამდგომლობის ავტორისა და მამკვიდრებელს შორის, 1988 წლის 20 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების გაუქმების მოთხოვნაზე, მოწინააღმდეგე მხარეს, უარი ეთქვა, ქალაქ მოსკოვის მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განხილვის შედეგად.

6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარესა და მამკვიდრებელს შორის, 2007 წლის 1 მარტს რეგისტრირებული ქორწინება არის ბათილი ქორწინება, კანონის პირდაპირი მითითების ძალით.

7. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი, წინამდებარე განჩინებით განსახილველი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ, წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მეუღლის (მამკვიდრებლის), სამკვიდრო უფლებების რეგისტრაციის პროცესში, შეიტყო 2007 წლის 1 მარტს, მის მეუღლესა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის, ქ, მოსკოვის მმაჩის სამმართველოს კუტუზოვსკის მმაჩის განყოფილების მიერ დარეგისტრირებული ქორწინების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ზ–ძის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, ქ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის №33-34570/19 სააპელაციო განჩინება, რომელიც, უცვლელად დარჩა საერთო იურისდიქციის მქონე მეორე საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა №88-3007/20 2020 წლის 12 მარტის განჩინებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე