საქმე№ა-3189-შ-69-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.ს–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – იტალიის რესპუბლიკის, მილანის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2019 წლის 24 ოქტომბრის №3588/2019 გადაწყვეტილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. იტალიის რესპუბლიკის, მილანის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2019 წლის 24 ოქტომბრის (69/2019) № RG.n. 3588/2019 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), დაკმაყოფილდა ა.ჩ–ის (შემდეგში: მშვილებელი) განცხადება, შ.ს–ძის (შემდეგში: შვილად აყვანილი), დაბადებული საქართველოში, ქ. ქუთაისში, 1987 წლის 2 იანვარს, შვილად აყვანის შესახებ. იმავე გადაწყვეტილებით შვილად აყვანილს, თავის გვართან ერთად განესაზღვრა მშვილებლის გვარი - „ჩ–ი“.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 9 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა, შვილად აყვანილის წარმომადგენელმა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.
4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი არგუმენტაციით:
5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობის მიხედვით ირკვევა, რომ განცხადება შვილად აყვანის თაობაზე წარდგენილია მშვილებლის, ხოლო განსახილველი შუამდგომლობა წარმოდგენილია შვილად აყვანილის მიერ.
6. გადაწყვეტილების მიღების დროს, მშვილებელმა განმარტა, შვილად აყვანილი გაიცნო ათი წლის წინ, საქართველოში, მისი პირველი სტუმრობის დროს. შვილად აყვანილი იტალიაში ყოფნის დროს ცხოვრობდა მასთან და უყვარს როგორც შვილი, აღნიშნული დაადასტურა აგრეთვე ნაშვილებმა. აღსანიშნავია, რომ შვილად აყვანილი არის მ.ს–ძის შვილი (იხ. სსკ-ის 1248-ე მუხლი), რომელიც, 2010 წლიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაშია მშვილებელთან.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი - „სრულწლოვანი პირის შვილობა შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია“; აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას „მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები“ (მშვილებელი დაბადებულია 1951 წლის 8 თებერვალს, ხოლო ნაშვილები დაბადებულია 1987 წლის 2 იანვარს, შესაბამისად მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 36 წელია).
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
11. საკასაციო სასამართლო, დამატებით მხარის შუამდგომლობის მოთხოვნის ფორმულირებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსახილველი საგნის გათვალისწინებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ვერ მოხდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ს–ძის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, მილანის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2019 წლის 24 ოქტომბრის (69/2019) №RG.n.3588/2019 გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე