№ ას-142-2020 16 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელსა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) და ლ.ლ–ს (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული), შორის 2017 წლის 17 ივლისს განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება №915, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დასაქმდა საერთო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრა 1 375 ლარით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2017 წლის 17 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით (ტ.1,ს.ფ.19-23).
2. მოსარჩელეს, 2018 წლის აგვისტოში, დამსაქმებლის გენერალური დირექტორის შეთავაზებით ეცნობა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესთავაზა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში რეჟისორის თანამდებობის დაკავება, რომლის ფარგლებშიც შესრულებული სამუშაოს ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 200 ლარით. იმავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად(ტ.1,ს.ფ. 24) (შენიშვნა: იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).
3. მოსარჩელემ დასახელებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
4. დამსაქმებელი ორგანიზაციის 2018 წლის 18 სექტემბრის №264-კ ბრძანებით, მოსარჩელე 2018 წლის 18 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავე ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს სშკ-ის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიეცა ორი თვის შრომის ანაზღაურება კომპენსაციის სახით (ტ.1,ს.ფ.25).
5. დასაქმებულმა, 2018 წლის 21 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს(ტ.1,ს.ფ.26).
6. დამსაქმებლის 2018 წლის 28 სექტემბრის მიმართვით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას კი წარმოადგენდა საათობრივი დასაქმების თაობაზე სამუშაო რეჟიმის წინადადების მის მიერ მიუღებლობა.
7. მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელეს არ მიუღია საყვედური ან/და შენიშვნა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან/და სხვა გარემოებების გამო.
8. სასარჩელო მოთხოვნა
8.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 19 ნოემბერს, სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დამსაქმებელი ორგანიზაციის რეჟისორის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2918 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 375 ლარი.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა:
10.1.1. გაბათილდა დამსაქმებელი ორგანიზაციის გენრალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №264-კ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
10.1.2. დასაქმებული აღდგა დამსაქმებელი ორგანიზაციის რეჟისორის თანამდებობაზე;
10.1.3. დამსაქმებელს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 18 სექტებრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 375 ლარის გადახდა;
10.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, სშკ-ის მე-6, 32-ე, 38-ე, 44-ე მუხლებით
11. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი
11.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტები).
12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე ემყარებოდა გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების უსაფუძვლობას. თავისმხრივ, ბრძანება ეფუძნებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტს , რაც განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრულია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული რეგულაცია არ შეიძლება გამოდგეს კეთილსინდისიერების, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისთვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი არ შეიძლება ,,ობიექტური გარემოებით შეიფუთოს“. ,,ობიექტური გარემოება“ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე ,,ობიექტური გარემოება“ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს... მთავარია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 246). შესაბამისად, განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობდა მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური გარემოება. გათავისუფლების მართლზომიერების დადგენის მიზნით აღნიშნულ საფუძველზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გასათვალისწინებელია ე.წ. ,,favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. საქმე N1124-1080-2016, 10.03.2017წ.). საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1-ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). ამასთან, საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის წარდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება. მტკიცების ტვირთის განაწილებას სპეციფიური ხასიათი გააჩნია შრომითსამართლებრივ დავაში. განსახილველ დავაში სწორედ დამსაქმებლის მტკიცების საგანია, იმ ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების ფაქტის დადასტურება, რომლებმაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება.
12.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. შესაბამისად, ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის მტკიცების ტვირთი ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ეკისრება სწორედ დამსაქმებელს.
12.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის, უვადოდ დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, დამსაქმებელმა მოსარჩელეს, სხვა თანამდებობა შესთავაზა, ხოლო აღნიშნულ შეთავაზებაზე, მოსარჩელის უარი, საფუძვლად დაუდო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით. თუმცა, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა, რამდენად წარმოადგენდა დასაქმებულის უარი „სხვა ობიექტურ გარემოებას“, რომელიც, თავისმხრივ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო. ამასთანავე, გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა გარემოებამ გამოიწვია დასაქმებულისთვის შრომის პირობებისა და თანამდებობის შეცვლის შეთავაზება.
12.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან არამართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, მართებულად მოხდა მოსარჩელის უფლების რესტიტუცია და იგი აღდა დაკავებულ თანამდებობაზე. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციაში ამჟამად მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა აღარ არსებობდა. აღნიშნულთან მიმართებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა დამსაქმებელზე არსებულ მტკიცების ტვირთზე და მიუთითა, რომ მხოლოდ მოპასუხის განმარტება ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის თაობაზე, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის დარღვეულ უფლებებში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელს თავისუფლად შეუძლია აღადგინოს მოსარჩელის განთავისუფლებამდე არსებული შტატი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.
12.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აგრეთვე საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, იძულებითი მოცდენის დროის შრომითი ანაზღაურების სრული მოცულობით დაკისრების შესახებ.
13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი
13.1. დამსაქმებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ („ტურნიკეტის“ სისტემა), ნათელი გახდა, რომ სამუშაო გრაფიკები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას, რის შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რაც არ შეესაბამებოდა წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდიდა ადამიანურ რესურსს.
13.3. კასატორისვე განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელე დასაქმებული იყო საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობოაზე, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელადაა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, დასაქმებული აღდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე აღსანიშნავია, რომ დასახელებული თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში საერთოდ არ არსებობს, რაც გამორიცხავს, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულებას.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული უვადო შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული იკავებდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობას.
17. ამავე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესთავაზა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში რეჟისორის თანამდებობის დაკავება, რომლის ფარგლებშიც შესრულებული სამუშაოს ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 200 ლარით. მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად(ტ.1,ს.ფ.24) (შენიშვნა: იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).
18. დადგენილია, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, ხოლო დამსაქმებელმა შეწყვიტა მასთან შრომით ხელშეკრულება დასახელებული ნორმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“.
19. საკასაციო სასამართლო უპირველესად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე იმსჯელებს და მიუთითებს შრომითი დავების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სამართალშეფარდების პროცესში, მტკიცების ტვირთის ზოგადი წესისგან განსხვავებულ გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც, ბრძანებაში, ასეთი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმის დისპოზიციის, დასაქმებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან სწორ შეფარდებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული შეფარდების პროცესში აუცილებელია ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის გათვალისწინება, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.
20. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
21. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ემტკიცებინა, რამდენად იყო მის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე, თანამდებობის ცვლილების თაობაზე, დასაქმებულის უარი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმა, რამდენად იქნებოდა ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერად ჩაითვლებოდა.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თავად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ ნორმაზე (იხ. სშკ-ის 37.1(ო)-47.1(ო) მუხლი), და განმარტავს, რომ დასახელებულ მუხლში ჩამოთვლილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, რომელთაგანაც, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება, სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით.
23. დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის (იხ. წინამდებარე განჩინების 19-20 პუნქტები) გათვალისწინებით დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება, რაც სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დასძლია კასატორმა.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, და ამავე ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიებს.
25. განსხვავებით ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მსჯელობას, დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და განმარტავს, დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენამდე საჭიროა დამატებითი კვლევა, დამსაქმებელ ორგანიზციაში არსებობს თუ არა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული გათავისუფლებამდე მუშაობდა, ხოლო აღნიშნულის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია სხვა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, საჭიროა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად, ასეთი შეუძლებლობით გამოწვეული კომპენსაციის მიცემის საკითხის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის უვადო შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული იკავებდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობას, ხოლო იგი აღდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე. ამდენად, გამოსაკვლევია, პირველ რიგში, წარმოადგენს, თუ არა დასახელებული თანამდებობები ერთი და იმავე თანამდებობას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ხომ არ არსებობს, იგივე თანამდებობა ან სხვა, ფუნქციურად მსგავსი თანამდებობა (ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მიზნიდან გამომდინარე), დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის მიზნიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის სხვა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისთვის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადასაწყვეტია კანონით გათვალისწინებული წესით, დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხი (იხ. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი - იმავე კოდექსის, ახალი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
27. ამდენად, პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, გამოსაკვლევია, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობა ერთი და იგივე თანამდებობებია თუ არა (არსებული მდგომარეობით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა დასაქმებულის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი თანამდებობა.
28. საკასაციო სასამართლოგანმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილშიც, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდური ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან იძულებითი განაცდურის დაკისრების საკითხი, დამოკიდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე.
29. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე