საქმე №ას-387-2020 30 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ი–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - იბა ,,ა.პ-ის“ დამფუძნებელი წევრი შპს ა.“, შპს ,,ს.ს.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ი–ის სარჩელი ამხანაგობა „ა.პ-ის“ და მისი დამფუძნებელი წევრების - შპს „ა.“ და შპს „ს.ს.კ–ის“ წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და ნ.მ–მა (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველ ინსტანციაში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მულზე „სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მოსარჩელეებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გასააჩივრონ სააპელაციო სასამართლოში“ მითითებით განმარტა, რომ დასახელებული ნორმის ხედვით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება მხოლოდ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს, ასევე პირებს, რომლებიც, მართალია, სახელდებით არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არის პირი, რომელმაც, მოსარჩელის განცხადებით, დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოპასუხის დასახელების უფლებაცა და მოვალეობაც მოსარჩელეს ჰქონდა.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით პირი იცავს თავის უფლებასა თუ ინტერესს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ერთ-ერთი მოპასუხე ამხანაგობის წევრი, რომელიც არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ვის მიმართაც შესაძლოა აღსრულდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეების წინააღმდეგ დაკისრებული თანხის ამოღება ნ.მ–ის მატერიალური სიკეთიდან - ქონებიდან თუ უფლებიდან ვერ მოხდება.
7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა ნ.მ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელემ, დაზუსტებული სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, „ა.პ-ის“ მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, მის ქონებაზეც დაიწყება აღსრულება, რაც არღვევს მისივე კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობების არსებობის თაობაზე. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. დასახელებული ნორმა ადგენს სააპელაციო სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობის უფლებას და არ შეიძლება განიმარტოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის გარეშე. განსახილველი ნორმის უმთავრესი დანიშნულებაა სააპელაციო გასაჩივრების სიბიექტების დადგენა: მხარეები, რომელთა უფლება-მოვალეობებესაც შეეხო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მესამე პირები, რომლებიც დამოუკიდებელ მოთხოვნას აცხადებდნენ დავის საგანზე (სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ნორმის მოქმედება შეიძლება შეეხოს ასევე იმ პირებს, რომლებიც დავაში არასწორად არ იყვნენ ჩაბმული და მათ გარკვეული უფლება-მოვალეოებები განესაზღვრათ გადაწყვეტილებით, ასევე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად არასწორად ჩაბმული პირები, რომლებსაც რეალურად დამოუკიდებელი მოთხოვნა გააჩნიათ დავის საგანზე. იხ. სუსგ. №ას-210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).
12. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სარჩელით განსაზღვრული მოპასუხეების მიმართ იყო შედავებული განსაზღვრული თანხა, რაც მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას ეფუძნებოდა, თავის მხრივ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, მხოლოდ განსაზღვრული პირების ქონებაზე მოხდებოდა აღსრულება, სადაც, კერძო საჩივრის ავტორის ქონება არ მოიაზრებოდა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა გასაჩივრების უფლების მქონე პირს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი უნდა ემყარებოდეს არა სუბიექტურ შეხედულებას გარკვეული სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისა ან ამ შედეგის თავიდან აცილებისა, არამედ, ობიექტურ მოცემულობას, რომელიც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირის ინტერესებს ლახავს. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ამხანაგობა განსაზღვრული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, უშუალოდ, მისი ქონებით არის ანგარიშვალდებული ნებისმიერი კრედიტორის მიმართ, შესაბამისად, გაუგებარია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ აღსრულების შემთხვევაში მისი ქონებრივი უფლებებიც შეილახება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება (ამონაწერი სხდომის ოქმიდან);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე