Facebook Twitter

საქმე №ას-262-2020 20 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2019წ. განჩინება; ამავე სასამართლოს 25.03.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.ნ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეიძინა და მის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ...... ქუჩა (ყოფ. ......) N5/...... ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდებით: №....... და №....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთები“). მოპასუხე ფლობს მათ და მოსარჩელეს არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად შეიძინა სადავო უძრავი ნივთები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთები და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სადავო უძრავი ნივთები საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

4.2. მათ ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4.3. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

4.4. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება მაშინ, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

4.5. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 168-ე, 312-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4-ე, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

5. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მანვე მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების სახით: ინდივიდუალური მეწარმის შესახებ მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის, მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმისა და მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების გაუქმება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულ წინმსწრებ განჩინებებთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი:

6.1. მოპასუხე მხარეს 17.01.2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე არ დაუყენებია შუამდგომლობა მტკიცებულების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის შესახებ მტკიცებულების, წარდგენის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია მტკიცებულების მიღებაზე და არც განჩინება გამოტანილა. ამგვარი მტკიცებულება მხარეს არც მესამე პირებს ჩართვაზე შუამდგომლობის ფარგლებში წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება განჩინება მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ასეთის არარსებობის გამო.

6.2. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ლ. და თ. ხ–ის ჩართვის თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მათ უფლება-მოვალეობებზე, რადგან: ა) ლ. ხ–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ აღნიშნულ მისამართზე და მოპასუხე საწარმოს მართავს მინდობილობის საფუძველზე; ბ) ლ. და თ. ხ–ი არიან მოპასუხის ოჯახის წევრები; გ) ლ. ხ–ს ამავე მისამართზე ეკუთვნის უძრავი ქონება, რომელიც სადავო უძრავ ნივთებთან ერთად ერთიან ფართს ქმნის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მითითებული პირების მესამე პირად ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 89-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა. ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (Nას-568-527-2017, 30.06.2017წ.), რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის პირობებში, როდესაც არსებობს რამდენიმე მფლობელი, შესაძლებელია, თითოეულ მფლობელს გააჩნდეს ფლობის განსხვავებული საფუძვლები, შესაბამისად, სახეზე შეიძლება არც იყოს სსსკ-ის 86-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო თანამონაწილეობა. სარჩელთა სუბიექტური ერთობის პირობებში კი, სსკ-ის 170-ე მუხლი არ უკრძალავს მესაკუთრეს, დამოუკიდებლად აღძრას სარჩელები თითოეული მფლობელის მიმართ. ასევე, უდავოდაა გასათვალისწინებელი სსსკ-ის 266-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების მატერიალური ძალა, რომელიც მხოლოდ იმ პირის მიმართ ვრცელდება, ვის მიმართაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ქონება გამოითხოვა მხოლოდ კასატორის უკანონო მფლობელობიდან, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მას შეეხება და სხვა მფლობელების არსებობის პირობებში, იგი მათ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა მოპასუხეს უარი მესამე პირების ჩაბმაზე.

6.3. მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 17.01.2018წ. განჩინებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში აცილების შესახებ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები გავლენას არ ახდენს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობის არსში გაურკვევლად გამოთქვამდა აზრს შუამდგომლობის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა შუამდგომლობის დაყენებისას სრულყოფილად ჩამოეყალიბებინა პოზიცია. ამასთან, ის გარემოება, რომ მხარეთა შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა (რაც საჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად), არ შეიძლება გონიერ დამკვირვებელს უქმნიდეს საფუძველს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან მიმართებაში. არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და მოსამართლის აცილების საფუძველი.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოითხოვა გაუქმდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დანიშვნის შესახებ, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. უკანონოა განჩინება, რომლითაც დადგინდა სააპელაციო საჩივრის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა. სსსკ-ის 3761-ე მუხლი სასამართლოს უფლებას აძლევს საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ ეს არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის საფუძველს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე უნდა დასაბუთდეს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. ზემოაღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს მხარის უფლებებზე და არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს.

7.2. სადავო უძრავი ნივთები გამოიყენებოდა მოპასუხის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, მიერ საბავშვო ბაღის ფუნქციონირების მიზნით. ამასთან, კასატორი თავად ცხოვრობს იქ ოჯახთან ერთად. უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ინდივიდუალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

7.3. მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთები შეიძინა აუქციონზე. ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო დავის გადასაწყვეტად გამოეყენებინა არამარტო სსკ-ის შესაბამისი მუხლები, არამედ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონიც, რომლის თანახმად, ახალი მესაკუთრე ხდება არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. აუცილებელი იყო საქმეში მესამე პირების ჩაბმა.

7.4. რაც შეეხება მოსამართლის აცილების საკითხს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეთიკურ ქცევას. მოსამართლემ პირადი დამოკიდებულებების გამო უარყო მოპასუხის შუამდგომლობები, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება(იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

13. სადავო უძრავი ნივთები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთების მფლობელს.

15. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

16. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთებს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

17. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2019წ. განჩინებაზე, რომლითაც დაინიშნა სააპელაციო საჩივრის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (შდრ. სუსგ-ებები: №ას-1208-2019 , 21.11.2019წ.; ას-1202-2019, 13.11.2019წ.).

19. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა პირველი ინსტანციის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-901-867-2016, 09.12.2016 წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ი.ს–ძეს (პ/ნ .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 9411045569, გადახდის თარიღი 03.06.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე