საქმე №ა-3947-შ-93-2020 26 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბი“
მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ( I3215-20)
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (I3215-20) ა.კ–ძეს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბის“ (შემდგომში - „განმცხადებელი“) სასარგებლოდ დაეკისრა 161 018.54 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 35 130.89 აშშ დოლარის და ვალდებულების ძირ თანხაზე დარიცხული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და წლიური 8.75%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 15 სექტემბრიდან არსებული დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტობრივ თარიღამდე.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ა.კ–ძის უძრავ ქონებებზე (ს/კოდით ......; ......; ......) და შპს „ჯ.თ.გ.“-ში (ს/ნ .....) 75% წილზე ყადაღის დადება.
3. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:
3.1. საქმეში უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან საერთოდ შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოში უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა გარკვეულ ვადას მოითხოვს. როდესაც მოპასუხეს ეცნობება საარბირტაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესის დაწყების შესახებ, მას ექნება შესაძლებლობა განკარგოს ან სხვის სახელზე გადააფორმოს მის საკუთრებაში არსებული ქონებები. აღნიშნული შესაძლებლობის დიდ ალბათობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებები უკვე დაყადაღებულია სასამართლოს განჩინებებით.
3.2. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებიდან უფლებრივად უნაკლოა მხოლოდ შუამდგომლობაში მითითებული ქონებები, რომელიც სავარაუდოდ სრულად ვერ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების დაფარვას.
3.3. რაც შეეხება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (75%-იან წილს შპს „ჯ.თ.გ–ში“) ეს ქონება უკვე დაყადაღებულია სასამართლოს განჩინებით, თუმცა იმის გამო, რომ უცნობია მოთხოვნის ღირებულება, არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ქონების ღირებულება მისი რეალიზაციის შემთხვევაში სხვა ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საკმარისი იქნება განმცხადებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთებზე (ს/კოდით: .......; ს/კ ........; ს/კ .......) უფლებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების განხილვის დროისათვის, რომლითაც დადასტურდება ა.კ–ის საკუთრების უფლება; ასევე ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ახალი მონაცემებით.
5. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 23 ოქტომბერს განმცხადებლის წარმომადგენელმა ბ.ი–ამ წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერები საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებებზე: ს/კოდით ........; .........., რომლებზეც რეგისტრირებულია ა.კ–ის (პირადი ნომერი: .........) საკუთრების უფლება.
6. ამავე განცხადებით ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბი“ უარს აცხადებს ა.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კოდით .......) და შპს „ჯ.თ.გ–ში“ მოპასუხის კუთვნილი 75%-იანი წილის დაყადაღებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
8. განმცხადებელი ითხოვს თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) აღსრულების უზრუნველყოფას. შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულია განსახილველად.
9. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
11. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობა შეიძლება, იმ შემთხვევაში წარმოიშვას, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელეს დავის დასრულებამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა არ გაუკეთებია და, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტამდე (სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე) ამ გადაწყვეტილების აღსრულების საჭიროება წარმოიშვა (იხ.სუსგ №ას-678-678-2018, 22 ივნისი, 2018წ).
12. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019წ).
14. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (იხ. სუსგ № ას-1477-2018, 31 იანვარი, 2019წ).
15. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
16. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ა.კ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართი (მშენებარე) სართული 5, ბინა N38, კორპუსი N1, ფართი 75.40 კვ.მ, ს/კ .......; ქალაქი თერჯოლა, ქუჩა ......, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1000 კვ.მ, ს/კ ......) ყადაღის დადებას.
17. განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში უთითებს, რომ, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებიდან უფლებრივად უნაკლოა მხოლოდ შუამდგომლობაში დასახელებული ქონებები, რომელიც სავარაუდოდ სრულად ვერ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების დაფარვას.
18. ამასთან, 2020 წლის 23 ოქტომბერს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შუამდგომლობაში მითითებული ერთ-ერთი უძრავი ქონება (ს/კოდით ........) ამონაწერის განახლების შემდგომ აღმოჩნდა დაყადაღებული, რის გამოც განმცხადებელი უარს აცხადებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ამ ქონებასთან მიმართებაში. განმცხადებელმა უარი თქვა კომპანიაში მოპასუხის 75%-იანი წილის დაყადაღებაზეც.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოების არსებობის თაობაზე, რომელიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
20. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ყადაღა დაედოს მოპასუხე ა.კ–ის (პირადი ნომერი: ......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1. ქ. თბილისი, ........, ფართი (მშენებარე) სართული 5, ბინა N38, კორპუსი N1, ფართი 75.40 კვ.მ, ს/კ ..........; 2. ქალაქი თერჯოლა, ქუჩა რუსთაველი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1000.00 კვ.მ, ს/კ .........
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებელი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის შუამდგომლობაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
23. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა უარი თქვა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შუამდგომლობაში დასახელებული უძრავი ქონების (ს/კოდით .......) და შპს „ჯ.თ.გ–ში“ მოპასუხის კუთვნილი 75%-იანი წილის დაყადაღებაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადების ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 35618-ე, 284-ე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ბ. „ნ.ს. და პ–ბის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ყადაღა დაედოს ა.კ–ის (პირადი ნომერი: .......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1. ქ. თბილისი, ........., ფართი (მშენებარე) სართული 5, ბინა N38, კორპუსი N1, ფართი 75.40 კვ.მ, ს/კ .......; 2. ქალაქი თერჯოლა, ქუჩა ........, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1000.00 კვ.მ, ს/კ ........;
3. განცხადების იმ ნაწილზე, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა ა.კ–ის (პირადი ნომერი: .........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა (ს/კოდით ........) და შპს „ჯ.თ.გ–ში“ მოპასუხის კუთვნილ 75%-იან წილზე ყადაღის დადებას შეწყდეს საქმის წარმოება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი