საქმე №ას-355-2020
23 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ.უ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ქ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბ.უ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ქ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კომპანია“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 27 000 ლარის ანაზღაურება, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე (1095 დღე), ჯამში 20 695 ლარი.
1.1 სარჩელის საფუძვლები:
2013 წლის 3 სექტემბრიდან 2016 წლის 6 აპრილამდე მოსარჩელე დანიშნული იყო მოპასუხე კომპანიის დირექტორად და თავის საქმიანობას ახორციელებდა კეთილსინდისიერად, შენდებოდა სამშენებლო მასალების ბაზრობა, რომელსაც კონტოლს უწევდა მოსარჩელე. 2016 წლის 5 აპრილს კომპანიის დამფუძნებელთა კრების №6 ოქმის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენდა 1500 ლარს, თუმცა 20 თვის განმავლობაში მიღებული აქვს მხოლოდ 2 თვის ანაზღაურება. მოპასუხე კომპანიის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 27 000 ლარს, რომლის გადახდასაც თავს არიდებს მოპასუხე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%.
1.2 მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი სახელფასო დავალიანება კომპანიას არ გააჩნია. პირიქით, მოსარჩელემ ხელფასის სახით ზედმეტად მიიღო 25 549.54 ლარი, რაც დასტურდება აუდიტორული დასკვნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.3 მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2014 წლის 2 სექტემბრის #3 კრების საოქმო გადაწყვეტილებით კომპანიის დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე;
4.4 კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2016 წლის 6 აპრილის #6 კრების საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
4.5 მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, დირექტორობის პერიოდში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 5 აპრილამდე მოსარჩელეს 2 თვის ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს 3000 ლარი;
4.6 მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ე–ის“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიიდან დარიცხული ხელფასის სახით მიღებული აქვს 35 625 ლარი, ხოლო სარგებლის სახით - 25 549,54 ლარი. საერთო ჯამში მისი შემოსავალი შეადგენს 61 174,54 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი: „ბ.უ–ძე შპს „ა.ქ–ის“ დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 3 სექტემბერს და დირექტორად მუშაობდა 2016 წლის 5 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში მას წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებიდან და ბანკის ამონაწერიდან, როგორც ანგარიშვალდებულ პირს მიღებული აქვს 341 947.08 ლარი, მათ შორის, ს.ბ–იდან გატანილი აქვს 168 777,88 ლარი და ვ.ბ–დან - 173 169.2 ლარი. მას შემდეგ, რაც ბ.უ–ძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, 2016 წლის 19 აპრილს მან სს ს.ბ–იდან გაიტანა 5 489 ლარი. ბ.უ–ძეს ბანკიდან კანონიერად და თვითნებურად, სულ მიღებული აქვს 347 436.08 ლარი. ამავე პერიოდში ბ.უ–ძის, როგორც ანგარიშვალდებული პირის მიერ კომპანიის საჭიროებისთვის გახარჯულმა თანხამ შეადგინა 326 996,45 ლარი. გახარჯული თანხიდან 89 699, 15 ლარი შეტანილი არის ბანკში, 82 787.3 ლარით გასტუმრებულია მომწოდებლების დავალიანება, 114 605 ლარი გადახდილია ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხა, 39 905 ლარი გადახდილია თანამშრომლებზე ხელფასის სახით. რაც შეეხება ბ.უ–ძის მიერ მიღებულ და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობას - 20 439,63 ლარს, რადგანაც აღნიშნული არ იქნა კომპანიაში დაბრუნებული და არც მისი მომწოდებლებისთვის გადახდა დაფიქსირდა, კომპანიის მიერ, ეს თანხა ჩათვლილი იქნა ბ.უ–ძის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით ხელფასის კუთვნილი განაკვეთების შესაბამისად. სულ ბ.უ–ძეს დირექტორად მუშაობის პერიოდში დარიცხული ხელფასის სახით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რომელიც კავდება გაცემის დროს) უნდა მიეღო 35 625 (1875*19) ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერების შესაბამისად მას მიღებული აქვს სრულად (თანხა მიღებულია ბანკიდან და ანგარიშვალდებული პირიდან, როგორც ხელფასი) და აღნიშნულის შესახებ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. ამ 35 625 ლარიდან 20 125 ლარი საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულია თვითონ ბ.უ–ძის დირექტორობის დროს. რაც შეეხება ხელფასის სახით მიღებულ დანარჩენ 15 500 ლარს იგი საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული იქნა მისი დირექტორობის შემდგომ. ბანკიდან მიღებული და გასტუმრებული თანხების შემდეგ, ბ.უ–ძეს კვლავ დარჩა გაუხარჯავი თანხა 20 439,63 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 5 489 ლარი ბ.უ–ძეს გატანილი აქვს ბანკიდან მაშინ, როცა სათანადო უფლებამოსილება მას აღარ გააჩნდა. რადგან ბ.უ–ძე ამ თანხას არ აბრუნებდა კომპანიის მიერ იგი ჩათვლილი იქნა მის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით“;
4.7 სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან შესაფასებელი სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობაზე.
4.8 სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნის ავტორის - სასამართლო სხდომაზე მოწვეული თ.კ–ძის განმარტებები და დაასკვნა, რომ მითითებული დოკუმენტით დგინდება მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ გასამრჯელოს სრულად გადახდის ფაქტი. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
5.2 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება მაშინ, როდესაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა 20 თვის განმავლობაში და მხოლოდ 2 თვის თანამდებობრივი სარგო აქვს მიღებული. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება - მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი;
5.3 სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა და აღნიშნული დასკვნის ავტორის ახსნა-განმარტებებიც;
5.4 სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - შრომის კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს მიუღებელ ხელფასთან ერთად ასევე ეკუთვნოდა პირგასამტეხლო, მიუღებელი თანხის 0.07%-ის ოდენობით.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
7. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
10. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შედეგად არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა სახელფასო დავალიანება.
11. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ არგუმენტირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
15. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
16. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
18. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 2 სექტემბრიდან 2016 წლის 6 აპრილამდე მოსარჩელე ახორციელებდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებას, ხოლო კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2016 წლის 6 აპრილის #6 კრების საოქმო გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ტ. 1. ს.ფ 19-24).
22. მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი აუდიტორული დასკვნით ასევე დგინდება, რომ ზემოთ მითითებულ პერიოდში (2014 წლის 2 სექტემბრიდან 2016 წლის 6 აპრილამდე) მოსარჩელეს კომპანიისგან ხელფასის სახით მიღებული აქვს 35 625 ლარი, ხოლო სარგებლის სახით 25 549.54 ლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ 66-67). აღნიშნულ დასკვნაში ასახული მონაცემების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კი მოსარჩელეს (კასატორს) საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, კასატორის მხრიდან სათანადო ხასიათის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ იქნა დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი უმთავრესი გარემოება. კერძოდ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ ბ.უ–ძემ სახელფასო ანაზღაურების დანაკლისის არსებობა ვერ დაადასტურა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
24. მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელით მოთხოვნილია სახელფასო დავალიანების, 27 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო საქმეში არსებული აუდიტორული დასკნით დადასტურებულია სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ ხელფასის სახით 35 625 ლარის მიღება, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მითითებული აუდიტორული დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად სასამართლოს უნდა განეხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომელიც მის მიერ მხოლოდ 2 თვის თანამდებობრივი სარგოს (3000 ლარის) მიღების ფაქტს ადასტურებდა.
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმა (31-ე მუხლი), რომელიც მიუღებელი ხელფასის ყოველი დაყოვნებული დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ითვალისწინებდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მეორადი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
26. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე № ას-723-691-2016, 4 აპრილი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბ.უ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი ბ.უ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე