Facebook Twitter

საქმე №ას-1244-2020

27 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ა.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე ვ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ.მ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.გ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.მ–ძის სარჩელი ა.გ–ის მიმართ დაკმაყოფილდა; ა.გ–ს აეკრძალა ვ.მ–ძის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ. რუსთავში, ...., ბინა #4, ს/კ ...... უკანონო მფლობელობა და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებული სახით გადაეცა მოსარჩელეს; ა.გ–ს ვ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის სახით 1350 ლარის გადახდა - 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდის, მასვე დაეკისრა 2019 წლის 1 აპრილიდან დაკავებული ფართის გამონთავისუფლებამდე ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომუნალური გადასახდების - ბუნებრივი აირის საფასურის სახით 318,97 ლარის და სასმელი წყლის საფასურის 540,54 ლარის (ჯამში 859,51 ლარი) გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.გ–მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ა.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა.გ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ა.გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კანონის მითითებული დანაწესი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოს უნდა წარედგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის დასაბუთებული განჩინება ა.გ–ის წარმომადგენელს ბ.ბ–ძეს გაეგზავნა 2020 წლის 20 აგვისტოს და ჩაბარდა ბ.ბ–ძის სამუშაო ადგილას ერთ ერთ თანამშრომელს 2020 წლის 21 აგვისტოს (ტომი 1, ს.ფ 188).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 22 აგვისტოდან და ამოიწურა 21-ე დღეს – 11 სექტემბერს, საკასაციო საჩივარი კი მხარემ წარადგინა 2020 წლის 24 სექტემბერს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 23 სექტემბერი, ტომი 1, ს.ფ 189), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.გ–ლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე