Facebook Twitter

საქმე №ას-380-2020

15 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე, ი.კ–ა, დ.თ–ი, გ.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.ბ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ძის, ი.კ–ას, დ.თ–ისა და გ.ბ–ძის (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

1.1.სარჩელის საფუძვლები:

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 იანვრის #A12061901-031/001 და 2016 წლის 3 თებერვლის #A12061901-031/002 განკარგულებების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ......., ბ. 22 (ს/კ: .......) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული ქონება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაშია და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე ვერ ახერხებს უძრავი ქონებით სარგებლობას.

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სახეზე არ არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

4. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ასევე არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ.

5.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს და მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს, რომლებიც ნივთს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ.

5.3. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლის თაობაზე მოპასუხეებს არ მიუთითებიათ და მისი არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდება, შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების არამართლზომიერად ფლობის შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატამ მოპასუხეთა არც ის პრეტენზია გაიზიარა, რომ სადავო ქონება არამართლზომიერად დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, თუმცა არც რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს მოპასუხეები სასარჩელო წესით არ შედავებიან. მათ არც რაიმე ისეთ გარემოებაზე მიუთითებიათ, რაც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. აღნიშნული კი საფუძელს აცლის მოპასუხეთა ზემოთ მითითებულ პრეტენზიას.

5.5. სასამართლომ ასევე შეაფასა მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინების კანონიერება, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 215-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მტკიცებულებათა წარუდგენლობის არავითარი საპატიო მიზეზი არ არსებობდა, რის გამოც საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო ისინი.

5.6. რაც შეეხება აპელანტების შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ, სააპელაციო პალატამ არც აღნიშნული შუამდგომლობა მიიჩნია საფუძვლიანად, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტებს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონიათ, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მათი შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ.

6. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებს გააჩნიათ სადავო ქონების ფლობის უფლება, სასამართლოს წარდგენილი სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

6.3. კასატორები ასევე არ დაეთანხმნენ გასაჩივრებულ განჩინებას დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნეს, რომ მითითებული მტკიცებულებები ადასტურებენ უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას მეორე მხარის არაკეთილსინდისიერებას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

8. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

14. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 10), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები (კასატორები) წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მათ გააჩნიათ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება.

17. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე (სსსკ მე-4, 102-ე მუხლები) და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. საქმე Nას-1579-2019, 17.12.2019 წელი). განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ნივთს ისინი მართლზომიერად ფლობენ. მხოლოდ მითითება, რომ მათ გააჩნიათ ქონების ფლობის უფლება, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ საკასაციო შედავებად, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ საქმე Nას-887-2019, 27.12.2019 წელი).

20. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ არასწორად უთხრა უარი წარდგენილი დოკუმენტების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვაზე, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს:

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

25. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შუამდგომლობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 29 იანვრის განკარგულების, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 იანვრის წერილის, „კ.ბ–ის“ წარმომადგენლის 2016 წლის 21 იანვრისა და 2016 წლის 27 იანვრის წერილების, ასევე ი.კ–ასა და დ.თ–ის 2016 წლის 22 იანვრის წერილების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის შესახებ მოპასუხეებმა აღძრეს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში (იხ. ს. ფ. 242). ხოლო აღნიშნული დოკუმენტების სააპელაციო სასამართლოში წარდგენის ობიექტურ გარემოებად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათ მიუღებლობაზე მიუთითეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, ამასთან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მსვლელობისას მათი მოპოვების შეუძლებლობაზე მიუთითებიათ (რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა იმისთვის, რომ დაგვიანებით (სააპელაციო სასამართლოში) წარდგენილი მტკიცებულება ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, საპატიოდ და დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულიყო), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე აპელანტთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

28. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინება მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ.ბ–ძის, ი.კ–ას, დ.თ–ისა და გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ბ–ძეს (პ/ნ: .....), ი.კ–ას (პ/ნ: .....) დ.თ–სა (პ/ნ: .....) და გ.ბ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, საგადახდო დავალების მიღების/წარდგენის თარიღი: 09/07/2020) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე