№ას-935-2020 28 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. უ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. უ–ი, ქ. უ–ი, ე. უ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. უ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი ა. უ–ის, ქ. უ–ისა და ე. უ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ....., ....., 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 103.83, ¼ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 02.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 02.04.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: 21.07.2020წ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.80-88). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; ან მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ლ.ქ–ძეზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა გასაჩივრებისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით; სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი; საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გათვალისწინებით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ. 103-106).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც შესაბამისი თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, აპელაციის თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადა მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ.103-106).
8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა 2020 წლის 5 ოქტომბერს (იხ.: უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ.108). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია მიმღები პირის ხელმოწერა, პირადი ნომერი.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მომართა ფოსტის მეშვეობით. საფოსტო კორესპონდენციის გაგზავნა-ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2020 წლის 21 ოქტომბერს (ტ.2, ს.ფ.128), ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით. თავად საკასაციო საჩივარშიც მისი შედგენის თარიღად მითითებულია 2020 წლის 21 ოქტომბერი (ტ.2, ს.ფ.109-120). 23 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა (განცხადება ფოსტას ჩაბარდა 22.10.2020წ.) კასატორის მიერ ლ.ქ–ძეზე გაცემული მინდობილობა.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-388-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
12. საკასაციო საჩივარს ერთვის 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.2, ს.ფ.99). ვადის დარღვევით არის წარმოდგენილი დამატებით 588 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (ტ.2, ს.ფ.127). შესაბამისად, კასატორს სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უნდა მთლიანად დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. უ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კ. უ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი (საგადახდო დავალება N24200697, გადახდის თარიღი 07.09.2020წ.), ასევე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 588 ლარი (საგადახდო დავალება N24352667, გადახდის თარიღი 21.10.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე