Facebook Twitter

საქმე №ა-4098-შ-110-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ვ.ლ–ს“, საქართველო, ქ. თბილისი, ....., საიდენტიფიკაციო ნომერი ......, კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ სასარგებლოდ, ქ. კიევი, ......, საიდენტიფიკაციო კოდი ...., რ/ს ........, სათავო ფილიალი ჩაო კბ „პ.“, მ..... – დაეკისრა 204 012 გრივნა და 14 კაპიკი სადაზღვევო ანაზღაურების სახით და 3 060 გრივნა და 18 კაპიკი სასამართლო ხარჯის სახით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 20 აგვისტოს №12365 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოსა და უკრაინას შორის „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1995 წლის ორმხრივი ხელშეკრულებისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მეშვეობით აღძრული კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ვ.ლ–ს“ დაეკისრა თანხის გადახდა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს ბრძანებითა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2019 წლის 4 აპრილს და ექვემდებარება აღსრულებას; უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო დოკუმენტები სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის ორგანოებში არ არის აღსასრულებლად წარდგენილი და არც დარეგისტრირებულა. გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა.

5. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–სი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: ......) (აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJO4lz0HYaBHhBW[InXBAi7Vx7n]]FT2MLOPcg8PDDsb ).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინების ასლი და კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (კომპანიის სარეგისტრაციო მისამართზე) - საქართველო, ქ. თბილისის ........ სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2020 წლის 29 ივნისს.

8. ზემოაღნიშნული განჩინებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–ს“ განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

9. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–ს“ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის არ წარუდგენია შუამდგომლობის შესახებ არც თავისი მოსაზრება და არც მოთხოვნა საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, აგრეთვე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციას (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება; ხოლო 42-ე მუხლის თანახმად, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აგრეთვე მიუთითებს, რომ მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

16. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულება ზარალის ანაზღაურებაზე, გარდა ხელშეკრულებისა და სხვა მართლზომიერი მოქმედებებიდან გამომდინარე შემთხვევებისა, განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელიც ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს ასევე შეუძლია სარჩელი წარადგინოს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზეც მოპასუხეს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იგივე დათქმას შეიცავს მინსკის კონვენციის 42-ე მუხლიც.

19. განსახილველ შემთხვევაში, უკრაინის ჩერკასის ოლქის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც წარმოიშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ადგილი ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება სარჩელის საფუძველზე განეხილა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ვ.ლ–ს“ კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 204 012 გრივნა და 14 კაპიკი სადაზღვევო ანაზღაურების სახით და 3 060 გრივნა და 18 კაპიკი სასამართლო ხარჯის სახით. გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა, კანონიერ ძალაში 2019 წლის 4 აპრილს შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო დოკუმენტები სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის ორგანოებში არ არის აღსასრულებლად წარდგენილი და არც დარეგისტრირებულა; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (ს/კ: ......) და მისი სარეგისტრაციო მისამართია საქართველო, ქ. თბილისის .........

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულებისა და მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შესაბამისად, უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ვ.ლ–ს“ კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 204 012 გრივნა და 14 კაპიკი სადაზღვევო ანაზღაურების სახით და 3 060 გრივნა და 18 კაპიკი სასამართლო ხარჯის სახით, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 33-ე, მე-40-45-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-2, 43-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ჩერკასის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.ლ–ს“ კერძო სააქციო საზოგადოება „უ.ს.კ. „კ.ვ.ი.გ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 204 012 გრივნა და 14 კაპიკი სადაზღვევო ანაზღაურების სახით და 3 060 გრივნა და 18 კაპიკი სასამართლო ხარჯის სახით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე.გასიტაშვილი