საქმე №ას-611-2020 26 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „ტ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი
მოპასუხე – სს „ტ–ი“
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ს.დ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 3 აგვისტოს ნ.მ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა შპს „ს.დ–ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქ თბილისში, ......., სართული 8, ბინა №62, ფართი (მშენებარე) 140.00 კვ.მ (ს/კ: № .......) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“) რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება №A18055245). შპს „ს.დ–ს“ აეკრძალა სადავო უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.დ–ისა“ (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და სს „ტ–ის“ (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ სადავო უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
4. პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 15 მაისს №A18055245 მომართვის საფუძველზე დაყადაღებული სადავო უძრავი ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. 2020 წლის 24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A19208106-011/001 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება.
10. განმცხადებლის მითითებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით მას ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 დეკემბერს გაცემული №2/33208-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (მოვალე - გ.ს–ი და პირველი მოპასუხე, კრედიტორი - სს „ტ–ი“), სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, მზადდება იძულებითი აუქციონი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება; იგი ვერ დარეგისტრირდება სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ; აუქციონზე ქონების შემძენი კი დაცული იქნება კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით. გარდა ამისა, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მოახერხებს მიიღოს დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა, რაც მოხდებოდა თუ აუქციონის დროს იგი უკვე ქონების მესაკუთრედ იქნებოდა რეგისტრირებული. მოსარჩელე ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას სააღსრულებო წარმოებაში, ვერ იქნება მისი მხარე, ვერც მომავალში მოახერხებს დაიცვას თავი, როგორც მესაკუთრემ, რომლის ქონებაც რეალიზებულ იქნა პირადი მოვალის ვალდებულების გამო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A19208106-011/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A19208106-011/001 სააღსრულებო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2/33208-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უკვე დაკმაყოფილებული იყო. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მითითებული სახით შევიდოდა კანონიერ ძალაში და სადავო ნივთი გასხვისდებოდა, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იპოთეკა ნივთზე მიდევნებული სანივთო უფლებაა და, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი მესაკუთრე, უზრუნველყოფილი მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 291-ე და 292-ე მუხლების შესაბამისად, მთელი რიგი უფლებები გააჩნია. მაგალითად, იპოთეკარისათვის იმ შესაგებლების წაყენების უფლება, რომლებიც პირად მოვალეს აქვს. მათ შორის, შესაგებლის წარდგენის უფლება ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. ასევე კრედიტორის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნის მიღების უფლება. სავარაუდო მესაკუთრისათვის მიკუთვნებული ნივთის გასხვისების შემთხვევაში კი, ეს უკანასკნელი მისთვის კანონით მინიჭებულ ყველა ამ უფლებას დაკარგავს და სარჩელის განხილვა/დაკმაყოფილება ყოველგვარ სამართლებრივ აზრს იქნება მოკლებული.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს „ტ–მა“ (შემდგომში – „საჩივრის ავტორი“ ან „ბანკი“) და მოითხოვა ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
15. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ბანკის სარჩელი მოპასუხე (მსესხებელი) გ.ს–ის მიმართ. ამავე გადაწყვეტილებით, გ.ს–ის ვალდებულებების გადახდევინების მიზნით, განისაზღვრა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაცია. ნათელია, რომ ამ საქმეში მხარე არ არის არც მეორე მოპასუხე და არც მოსარჩელე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
15.2. 2019 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, მოვალე გ.ს–ის მიერ თანხის გადახდასთან ერთად, აუქციონის წესით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ქ. თბილისში, ..... მდებარე იპოთეკით დატვირთული შემდეგი სამი უძრავი ქონება: ბინა №61 (ს/კ: №........); ბინა №62 (ს/კ: №.......); ბინა №64 (ს/კ: №.......). სააღსრულებო ფურცლით ასევე განსაზღვრულია, რომ, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება, აღსრულება გ.ს–ის, როგორც პირადი მოვალის, საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე უნდა მიექცეს. ამდენად, არც სააღსრულებო ფურცელია მიმართული მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის მიმართ;
15.3. ბანკს სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი აქვს სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, გ.ს–ი და პირველი მოპასუხე არიან მოვალეები. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული სამივე ქონება კი, როგორც იპოთეკით დატვირთვისას, ისე ამჟამად, პირველი მოპასუხის საკუთრებაა;
15.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მნიშვნელოვნად გასცდა იპოთეკით დატვირთული ერთი კონკრეტული საგნის რეალიზაციისაგან დაცვის ინტერესს. კერძოდ, სასამართლო მესამე პირებს (ბანკს, გ.ს–სა და პირველ მოპასუხეს) შორის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამართალურთიერთობაში ჩაერია. შედეგად, შეიზღუდა ბანკის კანონიერი უფლებები. შეჩერდა არა კონკრეტული ქონების მიმართ აუქციონის მოწყობა, არამედ - მთლიანი სააღსრულებო პროცესი, გ.ს–ისა და პირველი მოპასუხისადმი მიმართული ყველა მოქმედება (მაგ: თანხის გადახდევინება, ყადაღის გამოყენება, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, სხვა ქონების რეალიზაცია და სხვა). ყოველივე აღნიშნული იწვევს ბანკის, როგორც კრედიტორის, უფლებების არამართლზომიერ და გაუმართლებელ დარღვევას. სასამართლო გასცდა მის წარმოებაში არსებული დავის ფარგლებს, სასარჩელო მოთხოვნასა და მხარის პატივსადებ ინტერესს;
15.5. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გახდა საკუთრების უფლება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, სასამართლო ვალდებული იყო ბანკი საქმეში მესამე პირად მოეწვია, რაც არ განხორციელებულა;
15.6. ის, თუ როდის აღასრულებს მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ანუ როდის წარმოიქმნება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა, მოსარჩელის ნებაზე დამოკიდებული ხდება.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით ბანკის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტები არ ქმნიდა საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო პალატის მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების მართლზომიერება.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა [იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე].
23. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
24. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სახეზე არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული, სადავო უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებასა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობას. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მეორე მოპასუხის მიერ. ამავე დროს, მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A19208106-011/001 სააღსრულებო საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერება, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყო სხვა კრედიტორის (კრედიტორი: ბანკი) განცხადების საფუძველზე. ამ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სარეალიზაციოდ მიქცეულია მოცემული დავის საგანი (სადავო უძრავი ქონება), რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მოსარჩელეს.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის, გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
27. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ერთობლივი ანალიზის შესაბამისად ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო უძრავ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი. მოცემულ დავაში სარჩელი წარდგენილია სწორედ იმ ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, რომელზეც სხვა დავის ფარგლებში მიქცეულია გადახდა - სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება, ხოლო წინამდებარე სარჩელზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და დადგინდება მოთხოვნილი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და მოხდება ქონების რეალიზაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამით საფუძველი გამოეცლება და აზრი დაეკარგება დავასაც.
28. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2/33208-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიების შეჩერების საფუძველი.
29. იძულებითი აღსრულების ღონისძიება უნდა შეჩერდეს მხოლოდ იმ ქონების მიმართ, რომელიც მოცემულ საქმეში წარმოადგენს დავის საგანს.
30. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (მოვალე - გ.ს–ი, კრედიტორი - ბანკი) გადახდევინების მიზნით განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...... მდებარე შემდეგი სამი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) ბინა №61 (ს/კ: №.......); 2) ბინა №62 (ს/კ: №.......); 3) ბინა №64 (ს/კ: №.......).
31. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელით მოთხოვნილია მოსარჩელისათვის ზემოაღნიშნულთაგან მხოლოდ ერთი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. კერძოდ, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ბინა №62 (ს/კ: №......). შესაბამისად, იძულებითი აღსრულების ღონისძიება უნდა შეჩერდეს სწორედ აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ. მთლიანი სააღსრულებო პროცესის შეჩერებით ირღვევა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი თანაზომიერების პრინციპი, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ტ–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებები;
3. ნ.მ–ის შუამდგომლობა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A19208106-011/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A19208106-011/001 სააღსრულებო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2/33208-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება შემდეგ უძრავ ქონებასთან მიმართებით: მდებარე, ქ. თბილისი, ......, სადარბაზო 3, სართული 8, ბინა №62, ფართი (მშენებარე) 140.00 კვ.მ (ს/კ: №.......);
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი