საქმე №ას-254-2019 15 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მენარდე ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, შემკვეთი ან მერია) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #133, #136 და #137 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის აღიარების, 25.03.2015წ. #133 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის _ 62 849,10 ლარის, 30.03.2015წ. #136 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 19 492,90 ლარის, 30.03.2015წ. #137 ხელშეკრულებიდან გამომინარე _ 14 269,63 ლარისა და პროცესის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 25 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #133 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაბა ბ–ში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 679 916 ლარი. მენარდემ დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ГОСТ 9128-44-ის მოთხოვნებს, შემკვეთმა მიმწოდებელს არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10% _ 62 894.15 ლარი. 2015 წლის 30 მარტს დადებული #136 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 198 827 ლარი. მოსარჩელემ ამჯერადაც დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა „ГОСТ 9128-44“-ის მოთხოვნებს, რის გამოც, მოპასუხემ მას არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10% _ 19 493.07 ლარი. ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული #137 ხელშეკრულების საგანს ქ.ბორჯომში, ..... და ...... ქუჩების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენდა. რომელთა წარმოების ღირებულებამ შეადგინა 198 827 ლარი. ვალდებულება დათქმულ ვადაში ჯეროვნად შესრულდა, თუმცა, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი კვლავ ვერ აკმაყოფილებდა „ГОСТ 9128-44“-ის მოთხოვნებს, რის გამოც შემკვეთმა მენარდეს არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10% _ 14 269.63 ლარი. 2015 წლის 21 დეკემბერს კომპანიის დირექტორმა მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, დატკეპნის კოეფიციენტი აკმაყოფილებდა გერმანულ სტანდარს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული დატკეპნის კოეფიციენტი უნდა ჩათვლილიყო დასაშვებად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყო სასარჩელო მითხოვნები და განმარტა, რომ მენარდის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა დადებითი. შემკვეთმა, ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაუკავა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%. მოპასუხის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მენარდის მიერ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #133, #136 და #137 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესრულების ფაქტი, ამავე გადაწყვეტილებით შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 25.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #133 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 62 849.10 ლარის, 30.03.2015წ. #136 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 19 492.90 ლარისა და 30.03.2015წ. #137 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 14 269.63 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯებს ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 25 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #133 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 679 916 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ყოველი შუალედური ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ს აკავებდა, რომელიც მენარდეს დაუბრუნდებოდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე. #133 ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 635 710.18 ლარით, შესრულების ვადა - 100 დღით;
1.2.2. 2015 წლის 30 მარტს ამავე მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #136 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198 827 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით. 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემკვეთი ყოველი შუალედური ანგარიშსწორებისას დააკავებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ს, რომელიც მენარდეს აუნაზღაურდებოდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე;
1.2.3. 2015 წლის 30 მარტს ასევე დაიდო #137 ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.ბორჯომში, ....... და ...... ქუჩების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 129 922 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა კი _ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღით. ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ყოველი შუალედური ანგარიშსწორებისას აკავებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ს, რომელიც მოსარჩელეს დაუბრუნდებოდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე, #137 ხელშეკრულებაში 2015 წლის 8 მაისს შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 142 704.78 ლარით;
1.2.4. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული #133 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაბა ბ–ში, ...... და ....... ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635 710.18 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 263 798.74 ლარი. 2015 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2#133 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაბა ბ–ში, ...... და ...... ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635 710.18 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 365 144.55 ლარი;
1.2.5. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული #136 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფელ მზეთამზის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 198 827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 189 465.96 ლარი. 2015 წლის 7 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, #136 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ მზეთამზის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 198 827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 5 463.11 ლარი;
1.2.6. 2015 წლის 25 მაისს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული #137 ხელშეკრულებითა და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ქ.ბორჯომში, ...... და ...... ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 142 704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 29 964.04 ლარი. 2015 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, #137 ხელშეკრულებითა და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ქ.ბორჯომში, ...... და ........ ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 142 704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 112 732.28 ლარი;
1.2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2015წ. დასკვნის თანახმად, წარდგენილი ასფალტობეტონის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბა ბ–ში, ....... და ...... ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს „ГОСТ 9128-4“-ის და „СниП 3.06.03.85“-ის მოთხოვნებს. ამავე ექსპერტიზის ბიუროს 26.10.2015წ. დასკვნის თანახმად, წარდგენილი ასფალტობეტონის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზის გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს „ГОСТ 9128-4“-ის და „СниП 3.06.03.85“-ის მოთხოვნებს. ესქპერტიზის 26.10.2015წ. დასკვნით დადგინდა, რომ ქ.ბორჯომში, ...... და ...... ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა, ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს „ГОСТ 9128-4“-ის და „СниП 3.06.03.85“-ის მოთხოვნებს;
1.2.8. #133 ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 628 943.29 ლარს, საიდანაც შემკვეთს ანაზღაურებული აქვს 566 048.96 ლარი. დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% _ 62 894.32 ლარი; #136 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 194 929.07 ლარს, საიდანაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის ჩარიცხული აქვს 175 436 ლარი. დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% _ 19 492.90 ლარი; 137 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 142 696.32 ლარს, საიდანაც 128 426.69 ლარი ანაზღაურებულია მენარდისათვის. შემკვეთს დაკავებული აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10% _ 14 269.63 ლარი;
1.2.9. მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს არ გადასცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. #133 ხელშეკრულების 10.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემკვეთი ახდენს ყოველი შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მენარდეს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე. ანალოგიურ შეთანხმებას ითვალისწინებს მხარეთა შორის გაფორმებული #136 და #137 ხელშეკრულებების 9.4 პუნქტები;
1.2.10. იმის დასადგენად, შესრულებული სამუშაო შეესაბამებოდა თუ არა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დადგენილ სტანდარტს, სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 დეკემბრის დასკვნის თანახმად, დაბა ბ–ში ...... და ..... ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს; ბორჯომის რაიონის სოფელ ....... გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს; ქ.ბორჯომში, ..... და ...... ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან, ქვედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნათა დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. აღიარებითი მოთხოვნის წარმატებულობა კი, უნდა შეფასდეს მხარეთა სახელშეკრულებო პირობისა და ამავე კოდექსის 639-ე და 641.1 მუხლების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს შესრულების ხარისხი და ანაზღაურების დარჩენილი ნაწილის 10%-ის მენარდისათვის გადახდა დამოკიდებული იყო ექსპერტის მიერ შესრულების ხარისხის შესაბამისობის დადგენაზე. უდავოა, რომ შესრულება ნაკლის მქონეა, ამ მხრივ სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით დასკვნასთან მიმართებით, სწორად არ მიანიჭა სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემულ განმარტებას უპირატესობა, აქედან გამომდინარე, მენარდემ ვერ დაამტკიცა უნაკლო შესრულების ფაქტი, რაც გამორიცხავს, ვალდებულების უნაკლოდ შესრულების ფაქტის აღიარებას, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი, შემკვეთს, რომელმაც მიიღო ნაკლიანი შესრულება, ანიჭებს უფლებას, ნაკეთობის ღირებულების შემცირების პროპორციულად უარი განაცხადოს საზღაურის გადახდაზე. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის საზღაურის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 07.02.2019წ. #1549546688 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 832,84 ლარის 70% _ 3 382,988 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 07.02.2019წ. #1549546688 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 832,84 ლარის 70% _ 3 382,988 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი