Facebook Twitter

19 ოქტომბერი, 2020 წელი,

№ას-1167-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა დ.თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე: თბილისი, ......, ს/კ ...... გამოთხოვასა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. გასაჩივრებული განჩინების ასლი მოპასუხის წარმომადგენელ გ.ს–ს (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 53-55) საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა და 2020 წლის 16 მარტს მას პირადად ჩაჰბარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 87-88).

5. 2020 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხის კერძო საჩივარი, რომელიც სასამართლოში გაგზავნილია ფოსტით ამავე წლის 28 ივლისს. აღნიშნული კერძო საჩივრით კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა და 2020 წლის 16 მარტს მას პირადად ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით (იხ. განჩინების მე-4 პუნქტი). შესაბამისად სასამართლო გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

9. სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 30 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტით არის შესული, რომელზეც გაგზავნის თარიღად აღნიშნულია 2020 წლის 28 ივლისი. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.თ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა