ბს-711-677(კ.ს-06) 3 ნოემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჭ.-ა, წარმომადგენელი _ თ. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 30 იანვარს გ. ჭ.-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრ. აქტების არარად ცნობის შესახებ 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჭ.-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილება გ. ჭ.-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გ. ჭ.-ას სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
მოცემული განჩინება გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განჩინება 2006 წლის 5 ივლისს პირადად ჩაჰბარდა, შესაბამისად კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა იწურებოდა 19 ივლისს. მის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილ იქნა 17 ივლისს, რისი დასტურიც კერძო საჩივარს თან ერთვოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 21 ივლისს სასამართლოში შეტანილ იქნა ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ გ. ჭ.-ას წარმომადგენელ თ. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება გ. ჭ.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ჭ.-ას წარმომადგენელმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება პირადად ხელზე ჩაიბარა 2006 წლის 5 ივლისს (ს.ფ. 63). აქვე დგინდება, რომ გ. ჭ.-ას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2006 წლის 21 ივლისს, თუმცა აპელანტის მიერ საჩივარი ფოსტაში 2006 წლის 17 ივლისს იქნა წარდგენილი (ს.ფ. 70). სააპელაციო საჩივრის ფოსტაში 17 ივლისს შეტანას მოწმობს ასევე გ. ჭ.-ას მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება _ შპს «... ფოსტის» ფილიალის «... ფოსტამტის» უფროსის მოადგილის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ჭ.-ს შეკვეთილი წერილი, რომელიც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მისამართზე იგზავნებოდა, ფოსტას ჩაბარდა 17.07.06 წელს, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 21.07.06 წელს შევიდა.
საკასაციო სასამართლო მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჭ.-ას წარმომადგენელმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2006 წლის 5 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის ფოსტაში შეტანილ იქნა იმავე წლის 17 ივლისს, აღნიშნული მოწმობს, რომ გ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა არ დაურღვევია. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ჭ.-ს კერძო საჩივარი ვადის გაშვების მოტივით განუხილველად არ უნდა ყოფილიყო დატოვებული, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების მტკიცებულება სააპელაციო საჩივარს თან ახლდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ.-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება ვადის გაშვების გამო გ. ჭ.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჭ.-ას წარმომადგენელ თ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.