საქმე № ას-242-2020 20 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ჩ–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ც–ძე, ი.ბ–ი, ა.ბ–ი, თ.ბ–ი, ქ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ჩ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ც–ძის, ი.ბ–ის, ა.ბ–ის, თ.ბ–ის, ქ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 12.08.2019წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავში, ...... (ს/კ ......) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინებით მოსარჩელის განცხადებები დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად განცხადების წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 261-ე მუხლზე და განმარტა, რომ დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხის დასმის უფლება შეზღუდულია კანონმდებლის მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადით, რომლის ათვლის წერტილიც არის განჩინების გამოცხადება. სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის თარიღია 29.11.2019წ., ანუ დამატებითი განჩინების გამოტანის ვადის დინება დაიწყო 30.11.2019წ.-დან და ამოიწურა 06.12.2020წ.-ის ოცდაოთხ საათზე.
4.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ცნობილი იყო ორივე მხარისათვის. მოსარჩელეს დაუყოვნებლივ, წინდახედულობის ფარგლებში, არ უცდია გაერკვია, თუ როგორ გადაწყდა დავა, რათა დაეზუსტებინა, დღის წესრიგში იდგა თუ არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. მოსარჩელის პირველი მცდელობა სარეზოლუციო ნაწილის დასადგენად განხორციელდა 10.12.2019წ., ანუ მას შემდეგ, რაც გავიდა დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნის წარდგენისთვის კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადა. განცხადებები დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მათი განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:
5.1. სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. სიტყვა „გამოცხადება“ კეთილსინდისიერი მნიშვნელობით გულისხმობს მხარეთა დასწრებით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შუამდგომლობის წარდგენის ვადის ათვლის წერტილს წარმოადგენს სწორედ ის მომენტი, როდესაც მხარემ უშუალოდ სასამართლოსგან მოისმინა მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტი, საიდანაც დადგინდებოდა, რომ მხარეს ეცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი.
5.2. უსაფუძვლოა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ საქმეებზე სსსკ-ის 261.2 მუხლით გათვალისწინებული 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის წესის დადგენა იმდაგვარად, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მსურველმა პირმა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის დადგომისას თავად დაადგინოს სასამართლო შედეგი, მოითხოვოს სარეზოლუციო ნაწილი და გაარკვიოს, ხომ არ საჭიროებს ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი გადაწყვეტილებით მოწესრიგებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად განცხადების წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევისა (შდრ. სუსგ Nას-1054-2019, 30.09.2019).
11. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: ას-1054-2019, 30.09.2019წ., Nას-165-158-2013, 27.01.2014წ.).
12. სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. პალატა მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.).
13. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.).
14. ზემოაღწერილი მსჯელობის მხედველობაში მიღებით, ცალსახაა კანონმდებლის ნება, დამატებითი გადაწყვეტილების საკითხის ვადის ათვლა დაუკავშიროს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ მხარის ინფორმირებას, ანუ იმ დროს, როდესაც მხარისთვის ობიექტურად ცნობილი ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რის შემდეგაც ეძლევა უფლება 7-დღიან ვადაში სასამართლოს წინაშე დასვას დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების მიღების საკითხი.
15. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაინიშნა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა 29.11.2019წ.(ს.ფ. 234-237), რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს (ს.ფ. 238-241). საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 279-293). საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კერძო საჩივრის ავტორს ეცნობა ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი.
16. მოსარჩელის წარმომადგენელს 29.11.2019წ. განჩინების ასლი ჩაბარდა 27.12.2019წ. (ს.ფ. 304). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარისთვის ცნობილი იყო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მხარისათვის არ უცნობებია მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებამდე კერძო საჩივრის ავტორი ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, წინასწარ განეჭვრიტა სარეზოლუციო ნაწილის შესაძლო ხარვეზი და სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვის საჭიროება. არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად.
17. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გაეცნო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართა განჩინების ჩაბარებიდან მესამე დღეს - 30.12.2019წ. (ს.ფ. 310). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს განჩინების მისთვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისთვისაც ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-180-180-2018, 04.05.2018წ.)).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება საქმეზე N ას-1161-1106-2014)).
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია განცხადების დასაშვებობის საკითხის საპროცესო მოთხოვნების დარღვევით გადაწყვეტის შესახებ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ განცხადება დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამდენად, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს მხოლოდ განცხადების დასაშვებობას და არა მის საფუძვლიანობას.
20. რაც შეეხება პროცესის ხარჯების დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნაზე წარმოების ნაწილში დაკისრებას, რადგან საქმე უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აღნიშნული უნდა გადაწყდეს დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნაზე არსებითად მსჯელობის ეტაპზე კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება და განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი