საქმე №ას-495-2020 23 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ლ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ჯ.“-მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ლ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“), მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ საკუთარი მასალით და მუშახელით პერიოდულად ხდებოდა მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავეჯის, მიწოდება. მოპასუხეს არა აქვს შესრულებული სრულად გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 34 333.5 ლარს.
2.2. მოსარჩელემ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარადგინა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, თუმცა, მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის გამო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული წარმოების ფარგლებში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით, საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე. დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა.
3.2. რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 333.5 ლარის გადახდა, ასევე გამარტივებული წარმოების საფასურის (100 ლარის) ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. 2017 წელს, დროის სხვადასხვა პერიოდებში, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია მომსახურება და მიაწოდა შემდეგი საქონელი: სავარძელი ,,მერკური“, 1 ერთეული, ფასი 99 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 30 ერთეული, ფასი 967.5 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 18 ერთეული, ფასი 738 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, 100 ერთეული, ფასი 3225 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 6 ერთეული, ფასი 246 ლარი; სკვერის ურნა, 3 ერთეული, ფასი 450 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 40 ცალი, ფასი 3960 ლარი; სავარძელი ,,ბრისტოული“, ქრომირებული, 1 ცალი, ფასი 430 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 2 ცალი, ფასი 82 ლარი; საოფისე სავარძელი ,,აერო HB ბადე“, საზურგე/ნაცრისფერი, 7 ცალი, ფასი 1330 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 52 ცალი, ფასი 2132 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 58 ცალი, ფასი 2378 ლარი; საოფისე სკამი იზო, ტყავის შემცვლელი, 74 ცალი, ფასი 3034 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 75 ცალი, ფასი 3075 ლარი; საოფისე სკამი ,,იზო“, ტყავის შემცვლელი, 87 ცალი, ფასი 3567 ლარი; სავარძელი ,,ჩატ“ ბადე, 10 ცალი, ფასი 990 ლარი; სავარძელი ,,მერკური“, 63 ცალი, ფასი 5670 ლარი; სავარძელი ,,კომფორტ“ ნიუ, 26 ცალი, საქონლის ფასი 2340 ლარი.
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 34 333.5 ლარს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე. რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, რომლითაც მოსარჩელემ ისარგებლა ბოროტად, მოპასუხე არ განახორციელებდა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მიეთითებინა, თუ რა ოდენობით იყო გაზრდილი მისი მიხედულებით საქონლის ფასი და სადავო არ გამხდარა თავად ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 34 333.5 ლარს.
4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე, 361-ე, 477-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების და მიწოდებული საქონლის სანაცვლოდ ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 19.02.2018წ. მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ პროტესტის წარდგენის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის შედავება საბოლოოდ გაზიარებული არ იქნა, საფუძვლიანია მოთხოვნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის (100 ლარის) ანაზღაურების თაობაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხის პოზიცია მასზე, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელს/მომსახურეობას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა საქონელსა და მომსახურებას ანგარიშფაქტურებში მითითებულ ფასად, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელიც სადავოდ არ გამხდარა და რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 34 333.5 ლარი. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შეთანხმებული საზღაური აღემატება ბაზარზე დამკვიდრებულ ფასს, უნდა დაადასტუროს მოპასუხემ, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე. დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ შეასრულა (მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულება.
6.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური არ აღემატება ბაზარზე დამკვიდრებულ ფასებს. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა კონკრეტული ფასის წინასწარ განსაზღვრა, არამედ შეთანხმებული იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფდა საქონლის მოწოდებას ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად და ამავდროულად, შესყიდვის მაღალი მოცულობიდან გამომდინარე, გაითვალისწინებდა 10%-იან ფასდაკლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
11. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის შესრულებული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრება.
12. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის დაკისრებას. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა (სუსგ №ას-729-729-2018, 28.02.2019წ.).
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ასევე სსკ-ის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) . ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.).
14. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
15. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
16. სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტებები მასზე, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელს/მომსახურეობას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა საქონელსა და მომსახურებას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასებად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა და რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 34 333.5 ლარი.
17. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 34 333.5 ლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მოპასუხეს მართებულად დააკისრა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების ანაზღაურება.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1717 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1717 ლარის 70% – 1201.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე-ლ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ე-ლ–ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1717 ლარის (საგადახდო დავალება N073, გადახდის თარიღი 26.03.2020წ.) 70% – 1201.9 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდიTRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე