Facebook Twitter

საქმე №ას-596-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – ა(ა)იპ „თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე–მა“ (ამ განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია ან მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ „თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ამ განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: ბაგა-ბაღი ან პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. გაწეული მომსახურების ღირებულების - 17 224.35 ლარის გადახდა; 1.2. საბანკო გარანტიის თანხის - 2 988 ლარის ანაზღაურება; 1.3. პირგასამტეხლოს -1309 ლარის გადახდა.

2. სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

3. მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ბაგა-ბაღისთვის 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებით მომსახურების გაწევის თაობაზე (შემდეგში - ხელშეკრულება).

4. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანია კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

5. ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში - სააგენტო) მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE0170000503, სადაც გაიმარჯვა მოსარჩელე კომპანიამ.

6. ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 2 988 ლარის ოდენობით.

7. ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაეწია 17 224.35 ლარის მომსახურება, რაზეც მოპასუხეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით განცხადებით მიმართა სააგენტოსაც. სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის 1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოსარჩელე კომპანიამ დაარღვია ვალდებულებები, რაც გამოიხატა ვალდებულების უხარისხო და არაჯეროვნ შესრულებაში.

8. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის N13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები; თავის მხრივ, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 22 დეკემბრის N09/03262 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასდა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

9. მოპასუხეს მიეწოდა შპს „ა.წ–ისა“ და შპს „ნ “-სგან შეძენილი კარაქი და ყველი. ეს პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

10. 2018 წლის 23 თებერვალს მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ წარმოშობილა მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელე კომპანიას შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც მოსარჩელე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

12. ამასთან, სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებად მოსარჩელის წინააღმდეგ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელე კომპანიისათვის 25 850.10 ლარის დაკისრება.

13. მოპასუხის შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

14. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კომპანიას ბაგა-ბაღის კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: „თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი - 0.5–1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატებით, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

15. შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილით განმარტებულია, რომ „რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია, აკრძალულია რძის ფხვნილისაგან დამზადებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება „ყველის“ გამოყენება. მწარმოებელმა/დისტრი-ბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველი მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წერილის დანართით წარდგენილი სურსათი „იმერული“, არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

16. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე კომპანიას საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნურ რძეზე. რეალურად გამოყენებული იქნა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი.

17. შეგებებული სარჩელის ავტორმა იგივე დარღვევაზე მიუთითა კარაქის შემთხვევაშიც და აღნიშნა, რომ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კომპანიას ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნარაწმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა - რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

18. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

19. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 წერილშია აღნიშნული, რომ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, კარაქი არის ტრადიციული რძის ნაწარმი, მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან; კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%-ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვა იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.

20. ამდენად, მოსარჩელე კომპანიის მიერ ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. მოპასუხეს მიეწოდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 12 400.9 ლარის კარაქი და 12 259.8 ლარის ყველისმაგვარი მასა ანუ, ჯამში 24 660.7 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი.

21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავალა ა(ა)იპ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა - ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი მოსარჩელე კომპანიის გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. 2018 წლის 22 მაისის დასკვნის თანახმად, საბავშვო ბაგა - ბაღებთან (ჯამში 171 საბავშვო ბაგა - ბაღი) დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობების დარღვევით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 3 615 378.00 ლარი, მათ შორის, N35 საბავშვო ბაგა - ბაღის წილი შეადგენს 25 850.10 ლარს. თავის მხრივ, ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებელი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულა და მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მოსარჩელის მიერ ანაზღაურდა.

22. თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებით მხარეებს შორის ფორმდებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს. თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლოს ყურადღება მიაქცია სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ დასკვნას, რომელიც ეფუძნება 2017 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. მისთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს ბაგა-ბაღებს წარმოდგენილი არ აქვთ.

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბაგა-ბაღს, მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ, დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 17 224.35 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო - 1309 ლარი. სარჩელი, საბანკო გარანტიის თანხის 2 988 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.

24. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელე კომპანიამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ბაგა-ბაღმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

26. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის - მიწოდებული საგნის ღირებულების ანაზღაურების - საფუძვლიანობა შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 477-ე და 629-ე მუხლების წინაპირობებთან და განმარტა, რომ შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა.

27. სსკ-ის 641-ე მუხლი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

28. ამ მიმართებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს - მოსარჩელე კომპანიას ეკისრებოდა 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვისთვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

29. სახელშეკრულებო ღირებულება 97 969.65 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ბაგა-ბაღისა და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ.

30. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით გაითვალისწინეს. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა.

31. ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ მახასიათებლების იდენტურია.

32. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია NBB.14.09/03 გაიცა, რომლის თანახმად, პრინციპალია - მოსარჩელე კომპანია, ბენეფიციარი - ბაგა-ბაღი, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა 2 988 ლარი.

33. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღისთვის 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება 17 224.35 ლარს შეადგენს.

34. ბაგა-ბაღმა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა.

35. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დგინდება, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტი (ყველი და კარაქი) არ შეესაბამება კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ.

36. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.

37. მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი, სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს.

38. მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა.

39. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები არ არის შესწავლილი და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.

40. ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ. კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ. კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა.

41. საბოლოოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დადგინდა. ამიტომ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

42. რაც შეეხება ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიამ ამ ნაწილში, ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

43. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.

44. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.

45. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.

46. ზემოთ მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია.

47. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს (სსკ-ის 327-ე მუხლი).

48. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია. შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა.

49. სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

50. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლებით) მიაწოდა; ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ბაგა-ბაღს შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია; ასევე, ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ნაკლიანი მიწოდების საფუძვლით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია.

51. სააპელაციო სასამართლომ ერთგვაროვანი პრაქტიკის დაცულობის თვალსაზრისით, მიუთითა საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო პალატის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1900-2018.).

52. შესაბამისად, ბაგა-ბაღს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

53. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ეს კი, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 1309 ლარი (იხ., ამ განჩინების პ.1), რაც საერთო ჯამში ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, საფუძვლიანია.

54. რაც შეეხება საბანკო გარანტიას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

55. სსკ-ის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.

56. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგენილია. შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

57. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

58. პირველი კასატორი (ა(ა)იპ „თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღი“) მოითხოვს სარჩელის უარყოფას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო მეორე კასატორი (შპს „ე–ი“) - გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

59. პირველი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:

60. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იმსჯელეს და განმარტეს, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეს გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს „ყველთან“ მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.

61. სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმცა, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სსკ-ის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე, მერადე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება. საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ასევე მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.

62. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში, ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები; ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს ბაგა-ბაღების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე კომპანია შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ....“-ის წერილით, რომელშიც დასტურდება, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში პირველი კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (შეადრ: სუსგ 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). ბაგა-ბაღსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

63. პირველი კასატორი განმარტავს, რომ შემსყიდველის მიერ მოწვევა ოფერტზე წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნული განპირობებული იყო არა სატენდერო დოკუმენტაციის მოცულობაში გაზრდის მიზნით, არამედ, იმ ინტერესით, რომელიც სავალდებულოდ დაცული უნდა ყოფილიყო შესყიდვის განხორციელების შედეგად მიღებული შესრულებისას. ამ ინტერესს კი წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლება, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. შესაბამისად, ნებისმიერი კომპონენტის, თუნდაც, ერთი ინგრედიენტის ცვლილება განაპირობებდა მთლიანი დღის რაციონში ცვლილებას. მისი ეფექტი კი, რა თქმა უნდა არ არის მყისიერი, ხელშესახები და ვიზუალურად აღქმადი, რადგან აისახება მხოლოდ პერსპექტივაში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, და შედეგობრივად დიაგნოსტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც, დღის მენიუში ერთი კვების სრულიად ამოკლებით ბავშვების მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრა იქნებოდა შეუძლებელი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზიანი არ იარსებებდა. საბავშვო ბაგა-ბაღს ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. ეს ინტერესი კიდევ ერთი გარემოებაა, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად, სპეციალისტების ჩარვის გარეშე განეხორციელებინათ წინასწარ დადგენილი მახასიათებლის პროდუქტში ცვლილება, შეცვლილი პარამეტრების მქონე ყველის მაგვარი მასის შესყიდვა. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მოსარჩელემ მომსახურების გაწევისას მოახდინა, წარმოადგენდა თვითნებობას. მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე კომპანია, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და პირველ კასატორს მიეწოდებოდა მზა კერძის სახით. უშუალოდ პროდუქტთან პირველ კასატორს შეხება არ ჰქონია. ეს გარემოება უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია „ყველი“ რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.

64. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ნაკლიანი შესრულებასას ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორებმა განახორციელეს სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

65. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, ეს პირველი კასატორისთვის უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოსარჩელე კომპანიის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.

66. პირველი კასატორი მიუთითებს სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ბაგა-ბაღის მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულების მოშლის პროცედურები და აღნიშნავს, რომ „ყველის“ გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულებაც. მით უმეტეს, რა შესრულდა და რა ღირებულების იყო შესრულება, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური. ამის გათვალისწინებით, სასამართლო რა მიზნით განმარტავს მოშლის უფლების გამოუყენებლობის გარემოებებს, პირველი კასატორისთვის გაუგებარია.

67. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ პროდუქტ „კარაქთან“ მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ „ყველთან“ მიმართებაში, „კარაქის“ შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც „კარაქია“, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული „კარაქი“, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.

68. პირველი კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, თანხების დაკავება. არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზე, რადგან პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

69. მოცემულ შემთხვევაში, ბაგა-ბაღის მხრიდან ადგილი ვალდებულების შეუსრულებლობას კი არ აქვს, არამედ საკუთარი უფლების რეალიზებას მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში. რაც გამორიცხავს მის განზრახვას არ შეასრულოს ან ვადის დარღვევით განახორციელოს ანგარიშსწორება დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში.

70. რაც შეეხება საბანკო გარანტიის საკითხს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამოიყენება გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. განსახილველ შემთხვევაში, „ყველის“ ნაწილში, დადგენილია, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მთლიანად შესრულებას ხდის არაჯეროვანს. ამ საკითხის დაკავშირება ზიანის ანაზღაურებასთან და ზიანის არსებობასთან კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას ბაგა-ბაღის მხრიდან საბანკო გარანტიის მიღების მოთხოვნის დაკმაყოფილების არაკანონიერების თაობაზე.

71. მეორე საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:

72. მეორე კასატორის პრეტენზია საბანკო გარანტიის თანხის - 2 988 ლარის ანაზღაურების უარყოფას შეეხება (იხ., თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა ამ განჩინების პ. 1).

73. მეორე კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის შეთანხმებული საბანკო გარანტია წარმოადგენდა შესრულების გარანტიას (გარანტიის ერთ-ერთი სახე) და უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მის მიზანს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის კომპენსირება წარმოადგენდა.

74. განსახილველ შემთხვევაში, ნაკლიანი შესრულებით, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეს ზიანი არ მისდგომია. მეორე კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებაზე Nას-115-2019 და Nას-1900-2018 და აღნიშნავს, რომ მითითებულ განჩინებებში, თავის დროზე, სასამართლომ არაჯეროვან შესრულებად არ მიიჩნია ვალდებულების შესრულება, დარღვევის უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე.

სამოტივაციო ნაწილი:

75. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

76. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ორივე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

77. პირველი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, კერძოდ, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში ბაგა-ბაღის ვალდებულების არარსებობას შეეხება. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა. ეს კი განაპირობებს, რომ „ყველის“ საფასურის გადახდის ნაწილში, საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.

78. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან საქმის მასალებითაა დადგენილი. პირველი კასტორის პრეტენზია, ამ ნაწილში, საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კომპანიას ბაღისთვის მართლაც უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. შესაბამისად, მოპასუხეს რჩება მხოლოდ სსსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების შესაძლებლობა.

79. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

80. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

81. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

82. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

83. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ.,პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

84. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს. პირველი კასატორი შესაგებელში იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპანიამ დაარღვია ვალდებულება და ბაგა-ბაღში შეტანილი პროდუქტი: კარაქი და ყველი, არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტს (ვრცლად იხ., ტ.1. ს.ფ. 70,71,73-77). შესაბამისად, პირველი კასატორის მოთხოვნას უკვე გადახდილი პროდუქციის (ყველი „იმერული“) საფასურის უკან დაბრუნების ნაწილში, ვარგისი მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

85. პირველი კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე.

86. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.

87. ზემოაღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება იმ საფუძვლით, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია.

88. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).

89. ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.

90. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშვა შეთანხმებული ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.

91. რაც შეეხება პირველი კასატორის შედავებას პირგასამტეხლოს ნაწილში, დადგენილია, რომ ბაგა-ბაღს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 1309 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არ იკვეთება პირველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

92. რაც შეეხება საბანკო გარანტიის თანხას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა შეეხებოდა საბანკო გარანტიის თანხის - 2 988 ლარის ბაგა-ბაღისთვის დაკისრებას. სარჩელი ამ ნაწილში უარყოფილია. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია ზიანის - 25850.10 ლარის დაკისრება, რომელი მოთხოვნაც ასევეა უარყოფილი.

93. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამოიყენება გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. განსახილველ შემთხვევაში, „ყველის“ ნაწილში, დადგენილია, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მთლიანად შესრულებას ხდის არაჯეროვანს. ამ საკითხის დაკავშირება ზიანის ანაზღაურებასთან და ზიანის არსებობასთან კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას ბაგა-ბაღის მხრიდან საბანკო გარანტიის მიღების მოთხოვნის დაკმაყოფილების არაკანონიერების თაობაზე (იხ., პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.3).

94. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია პირველი კასატორის სასარგებლოდ, საკასაციო პალატა არ იმსჯელებს წინამდებარე განჩინების პ. 93-ში მოცემულ პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილში, სარჩელი უარყოფილია (ტ.2. ს.ფ. 315).

95. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება გასაჩივრებულია მეორე კასატორის (შპს „ე–ი“) მიერაც. მეორე საკასაციო პრეტენზია საბანკო გარანტიის თანხის - 2 988 ლარის ანაზღაურების არამართლზომიერ უარყოფას შეეხება (იხ., თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა ამ განჩინების პ.1). მეორე კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის შეთანხმებული საბანკო გარანტია წარმოადგენდა შესრულების გარანტიას (გარანტიის ერთ-ერთი სახე) და უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მის მიზანს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის კომპენსირება წარმოადგენდა.

96. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიის ნაწილში მეორე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და ამ ნაწილშიც არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.

97. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

98. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

99. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

100. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

101. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

102. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა.

103. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

104. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

105. იურიდიულ ლიტერატურაში ფართოდა გავრცელებული შეხედულებაა, რომ დამტკიცებას არ საჭიროებენ ე.წ.პრეზუმირებული ანუ ნავარაუდევი ფაქტები. პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პრეზუმფციების მეშვეობით კანონმდებელი ანაწილებს მტკიცების ტვირთს მხარეთა შორის და იგი არის მტკიცების ტვირთის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა.

106. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

107. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი). შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.

108. განსახილველ დავაში მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან (ყველი) მიმართებით დადგენილია (იხ., ტ.2. ს.ფ. 288-289; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების პ.3.2.1). მეორე კასატორს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ვალდებულების მხოლოდ უნიშვნელოდ დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, საბანკო გარანტიის თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

109. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

110. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

111. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება (იხ., სუსგ №ას-959-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი).

112. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

113. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. კასატორს - ა(ა)იპ „თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 400171256) უკან დაუბრუნდეს 2020 წლის 23 ივლისს საგადასახადო დავალება N1595493128 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2219 ლარი) 1553.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. კასატორს - შპს „ე–ს“ (ს.კ: ......) უკან დაუბრუნდეს 2020 წლის 23 ივლისს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური